Thursday 29 October 2015

განათლება


ტრადიციას   სიახლეებით ამდიდრებენ
             
   სახელოვანი ტრადიციების მქონე, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის  23-ე საჯარო სკოლა საქართველოში რჩეულია და ლიდერია თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით. სკოლა 142 წლისაა. იგი 1873 წელს დაარსდა პროგიმნაზიად. 1902 წელს კი, ახლანდელ შენობაში დაიდო ბინა, უკვე ქალთა გიმნაზიიის სახელწოდებით. ისტორიული კატაკლიზმებისა და დროის ცვალებადობასთან ერთად, გიმნაზიას არაერთხელ შეეცვალა სახელი... 1937 წელს, მაშინდელ გიმნაზიას ეწოდა ერის სულიერი მამის სახელი, რამაც ერთგვარად გარკვეული დატვირთვა შესძინა სკოლას – ყოფილიყო ქართული სკოლის ციტადელი და ხაზი გაუსვა სასწავლებლის ეროვნულ ფუნქციას.
  23-ე სკოლაში ყოველთვის მოღვაწეობდა პედაგოგთა მძლავრი    გუნდი. ისინი გამოირჩეოდნენ პრინციპულობით და საგნის უზადო ცოდნით, აღსაზრდელებთან სანიმუშო ურთიერთობით. საუკუნის საფუძველჩაყრილი ტრადიცია კვლავაც გრძელდება. ძველი კოჰორტის ადგილი თანდათან, ახალგაზრდა თაობამ დაიკავა.  აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი ამავე სკოლის კურსდამთავრებულია, რაც ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და დღესაც გრძელდება. ერთი წელიწადია, რაც სასწავლებლის დირექტორად აირჩიეს ამავე სკოლის კურსდამთავრებული ნინო ნაბახტეველი.  თუმცა, მანამადე იგი სასწავო ნაწილის გამგე გახლდათ და კარგად იცნობდა სკოლის შიდა სამზარეულოს. ქალბატონი ნინო,  შესანიშნავად უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მისი ინიციატივით, სკოლაში არაერთი  წარმატებული პროექტი თუ სიახლე განხორციელდა, დამყრდა წესრიგი... ამიტომაც, აფასებენ მას კოლეგები და მოსწავლეები.
 ქალბატონი ნინოს თქმით,  23-ე სკოლა სხვა სასწავლებელთაგან გაამორჩეულია ინტელექტუალური ძალების სიმრავლით. წლების მანძილზე, სკოლის მოსწავლეების მიერ მიღებული ოქროს და ვერცხლის მედლების სიჭარბე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულები მუდამ გამოირჩეოდნენ აქტიურობით - ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 ამჟამად,  სკოლის 1345 ბავშვის აღზრდას მაღალკვალიფიციური პედაგოგები ემსახურებებიან, რომელთა უმრავლესობა სერთიფიცირებულია. გაძლიერებული კურსით ფრანგული ენის სწავლებას კი, პროფესიონალი მასწავლებლები უძღვებიან. სკოლა თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან, დიუმას ცენტრთან და ფრანკოფონიის საზოგადოებასთან.
 როგორც დირექტორმა აღნიშნა  23 - სკოლაში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, გათბობის სისტემა და ხორციელდება სხვადასხვა პროექტები. ნაყოფიერი იყო გასული სასწავლო წელი, სკოლას ყავდა 5 მედალოსანი და ეამაყებათ, რომ 32  კურსდამთავრებული  ჩაირიცხა უმაღსეს სასწავლებელში, რაც კლასის დამრიგებლის იამზე ეცეტაძის დამსახურებაცაა.  ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე ცოტნე პატარაია ჩაირიცხა დედაუნივერსიტეტში და 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, ხოლო, ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული  მარიამ მინაძე სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სამოცდაათ პროცენტიანი გრანტი მოიპოვეს ლიზი ქართველიშვილმა, სანდრო ვადაჭკორიამ, ირაკლი კანდელაკმა, ანა ხარაიძემ და ნინო პეტრიაშვილმა; ორმოცდაათ პროცენტიანი დაფინანსება მიიღოგიორგი გვასალიამ.
 წლეულს 23-ე საჯარო სკოლაში  150 დაწყებით კლასელია და 6  პირველი კლასია.  სკოლაში ფუნქციონირებს რამდენიმე საერთაშორისო პროგრამა და სასწავლებელი ჩართულია გაეროს ბავშვთა  ფონდის unicef–ის  აქტიური სწავლების პროგრამაში და ასევე,  დაწყებითი განათლების  GPRIED-ის პროექტში.  სკოლაში სიახლეა ის, რომ მე-9 მე-11 კლასელებს დაემატათ ახალ საგანი პროფესიული დაგეგმარება და ორიენტაცია. სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონფერენციებში და ოლიმპიადებში, საიდანაც სიგელებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. სკოლის წარმატება  ბუნებრივია, კარგი მენეჯმენტის და პედაგოგების დამსახურებაა. გაგაცნობთ კათედრის ხელმძღვანელებს ქართული ენისა და ლიტერატურეს კათედრა- ქეთევან ლებანიძე,  მათემათიკის კათედრის ხელმძღვანელია სერთიფიცირებული პედაგოგი ლალი გელაშვილი, საბუნებისლეტყველო მეცნიერების ნათელა ინასარიძე, ფრანგული ენის მაკა ნადარეიშვილი, რუსული ენის ციცინო ქოიავა, ინგლისური ენისნათია ბეჭვაია, ესთეტიკის კათედრის მედეა ჩაკვეტაძე, სპორტის კათედრას ხელმძღვანელობს  მარიამ ჯინჭარაძე, ხოლო, დაწყებითების კათედრას - ინელა გულუა. მოსწავლეებში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ისტორიის პედაგოგი მარინე დალაქიშვილი-ნინუა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კახა თოდაძე.
   ახალ სასწავლო წელს, სკოლის სააქტო დარბაზში,  ტრადიციული ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა და სკოლის წარჩინებულმა კურს დამთავრებულებმა, პატარებს სკოლის დაწყება მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვეს. ზეიმზე, ამავე სკოლის მოსწავლეებმა  ანანო სამელიამ და ლუკა ბურდულმა შეასრულეს ცეკვა ,,ქართული’’, ქორეოგრაფი გია კენკებაშვილი. ღონისძიება ქართული ხალხური სიმღერებით დაამშვენა მომღერალთა გუნდმა- ,,ნარდანინამ’’, რომლის ხელმძღვანელია მარიამ ჯუგაშვილი. სკოლა მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.

              mzia gogoZe
 

მედიცინა

 საჭიროა ექიმთა კვალიფიკაციის ამღლება

   სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან გახშირდა სამედიცინო შეცდომები, რაც უამრავ სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია  ზოგიერთ ექიმთა კვალიფიკაციის დაბალი დონით. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ  ზოგჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ დაავადების სათანადო დიაგნოსტიკა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი , საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის  მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრე პაპიტაშვილი.

   -მართალია, საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური  ექიმი და კარგი პერსონალია, მაგრამ მათ  თუ პერიოდულად ცოდნა არ განაახლეს, არ გაეცნენ მსოფლიო მედიცინის მიღწევებს, არ მიიღეს კონფერენციებში თუ სემინარებში მონაწილეობა და არ მიენიჭათ როგორც ადრე იყო ჩვენთან, შესაბამისი კრედიტ-ქულები, სამომავლოდ, შედეგი იქნება ძალიან სავალალო.  წლების წინ, საქართველოში  არსებობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი და ფაკულტეტები,  შემდეგ  ეს სისტემა გაუქმდა და შემოვიდა ექიმებისათვის კრედიტ-ქულების მინიჭების საერთაშორისო ტიპის სისტემა. დღეს ეს სისტემა გაუქმებულია. სამწუხაროდ, პაციენტი დარჩა (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა),  გაურკვეველი განათლების მქონე, ექიმის ანაბარა. არადა,  ღრმაცოდნისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების გარეშე, კარგი ექიმი ვერ ჩამოყალიბდება, რასაც  სჭირდება 15-20 წელი, ამის გარეშე ის იქნება სამედიცინო განათლების მქონე  ვიწრო სპეციალისტი, რომელმაც გაიარა საცდელ-ექსპერიმენტული მომზადების თეორიული მომზადების თეორიული პერიოდი. ახალგაზრდა ექიმს, მუდმივი  კავშირი უნდა ჰქონდეს გამოცდილ სპეციალისტებთან. ადრე, ჩვენთან არსებობდა გამოცდილების გაზიარების და გადაცემის პრაქტიკა - უფროს და უმცროს თაობას შორის. ეს იყო აკადემიური სისტემა, კათედრების სახით და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სახით, ჯანდაცვის სამინისტროსთან სამეცნიერო საბჭოს არსებობით და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი  აღარ არსებობს... მედიცინა ჩვენთან, ამჟამად, უკვე კომერციულია და შეუთავსებადია  აკადემიურ  ნამდვილ  მედიცინასთან.

 -ბატონო ალექსანდრე, რატომ გაუქმდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი?

 - ექიმთა დახელოვნების სისტემა ყველა ქვეყანაში არსებობს, ჩვენთან, სამწუხაროდ, საბოლოოდ გააუქმა წინა მთავრობამ. არადა,  ასეთი ინსტიტუტის(სისტემის)არსებობა აუცილებელია,  ექიმთა დახელოვნების მიზნით.
როგორც უკვე აღვნიშნე,  ნებისმიერი ექიმი, რომელიც მუშაობს, ყველა სამედიცინო სიახლეს და მიღწევებს პრაქტიკულად ეცნობა სპეციალურ ღონისძიებებზე ან სამეცნიერო კონგრესებზე მონაწილეობით(ინტერნეტი საკმარისი არ არის). ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის დროს, ის აგროვებს კრედიტ-ქულებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექიმმა  თუ ვერ დააგროვა სათანადო კრედიტ-ქულა გარკვეული დროის მანძილზე, მაშინ ის ხელმეორედ გადის გამოცდას (რესერტიფიცირებას) თავის სპეციალობაში.

 - ალბათ, ამიტომაც არის ხშირად სამედიცინო შეცდომები...

  -სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის შეცდომები არის ყველა ქვეყანაში, მაგრამ  ხშირად შეცდომა იმიტომ კი არ ხდება, რომ ექიმებს პრაქტიკა აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ ძნელია ერთმანეთისგან  რამდენიმე დაავადება განასხვავო. და თუ ამას ემატება პრაქტიკული დეფიციტი? მოგეხსენებათ, ამა თუ იმ  დაავადებას განსხვავებული მკურნალობა ესაჭიროება. ამიტომ,  აუცილებელია ახალი  ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა ქიმების სწავლებით.
ჩვენთან სიტუაცია რომ რეალურად გაუმჯობესდეს, აუცილებელია მედიკოსთა კონგრესების ხშირად გამართვა. ასევე, კარგია უცხოეთში სტაჟირება, მაგრამ იგი ძალიან ძვირია და ყველას ხელი  არ მიუწვდება..

 -ჩვენთან, სამედიცინო შეცდომებზე თუ არსებობს სამართლებრივი რეგულაციები?

  -ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური უწყება - ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტო,სადაც ჰყავთ ექსპერტები, რომლებიც აკონტროლებენ სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმთა მუშაობის ხარისხს. თუმცა, აქაც არის პრობლემა.. საკითხავია
რამდენად ობიექტურად მუშაობენე ქსპერტები? ისინი არიან არჩეულები პროფესიული ასოციაციების მიერ?მათ ვინ და პრინციპის დაცვით ნიშნავს გაუგებარია. რა ადგილი უკავია ამაში სამედიცინო საზოგადოებას,არის ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე?
ერთი სიტყვით, დახურული სისტემაა და საჯარო არ არის.


 -თქვენ ბრძანდებით,  მედიკოსთა ტრადიციული 38-ე საერთაშორისოსკოლა – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც 11-18 ივლისში ჩაქვში გაიმართა. გვიამბებთ კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ?

 -თავდაპირველად, მინდა გითხრათ, რომ მგავსი კონფერენციები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდა ექიმები კვალიფიკაციას იმაღლებენ.
აქ  მათ უცხოელი სპეციალისტები გამოცდილებას უზიარებენ; ასევე, აცნობენ მედიცინის სიახლეებს და მსოფლიო მედიცინის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს.
 მედიკოსთა ტრადიციული 38-ე საერთაშორისო სკოლა – კონფერენცია  ჩატარდა საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ეგიდით. სკოლა-კონფერენციის მთავარი მიმართულებაა : ”თანამედროვე კლინიკური მედიცინა - მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები”  (11-18 ივლისი 2015).  ასოციაციის თავჯდომარეა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი ნუგზარ სხირტლაძე.  სხვათაშორის, ამავე უნივერსიტეტშია სამედიცინო ფაკულტეტი და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართულება, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ სურგულაძე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჯანდაცვის ორგანიზაციაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან შეიძლება ბევრი კარგი ექიმი გვყავდეს, მაგრამ თუ მათი ორგანიზება არ მოხერხდა, შედეგს ვერ მივიღებთ...

 -კონფერენციაზე, ძირითადად, რასაკითხები იყო გაშუქებული?

  - სკოლა-კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო: ფარმაკოთერაპია, კლინიკური ქირურგია და ტრანსლანტოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, დერმატო-ვენეროლოგია, კლინიკური ნევროლოგია, ნეიროქირურგია, კარდიო ვასკულარული დაავადებები და ა.შ. ასევე, დაგეგმილია ოჯახის ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებაც. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელები, უცხოელიკოლეგები და სხვები.  უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის მედიცინის სპეციალისტებთან, სისტემატურად ვატარებთ ერთობლივ კონფერენციებს და სიმპოზიუმებს - თურქეთის, რუსეთის, საბერძნეთის, უკრაინის, სომხეთის, შვეიცარიის, უკრაინის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ბელორუსიის და  ბევრი სხვა ქვეყნის  წარმომადგენლებთან.
 მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის,  მე შარშან, გავხდი სომხეთის საპატიო დოქტორი.

 -ბატონო ალექსანდრე, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კუთხით, რა უახლესი მიღწევები იქნება გაშუქებული კონფერენციაზე?

  -პირველ რიგში, კონფერენციაზე, ჩვენ დავაყენეთ საკითხი - ნაყოფის უფლებების დაცვის შესახებ. სხვათაშორის,  აღნიშნული საკითხი წლების მანძილზე იხილებოდა მსოფლიო პერინატოლოგთა ასოციაციის მიერ დასათანადო შესწავლის შემდეგ, მიღებულ იქნა ე.წ. ბარსელონის დეკლარაცია:
” ნაყოფის უფლებების დაცვა”, რომელიც რეკომენდაციის სახით გადაეცა ყველა ქვეყანას. თუმცა, ჯერ ჩვენთან ეს საკითხი არ განხილულა... არადა, ქვეყნისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აუცილებელია გაიზარდოს მოსახლეობის რიცხვი, დაიბადოს ბევრი ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი.  სამწუხაროდ,საქართველოში, სხვა წამყვან ქვეყანასთან შედარებით, ახალშობილ ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალია და გახშირებულია ბავშნთა სიმახინჯეები...

 -რა დონეზეა საქართველოში, ორსულების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რათა ბავშვთა სიმახინჯეები  თავიდან  ავიცილოთ?

 -ფაქტია, რომ ჩვენთან ამ დარგში დიაგნოსტიკა ზოგადად ძალიან დაბალ დონეზეა.…სამწუხაროდ, იბადება უამრავი სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვი, მათ შორის გენეტიურ და გენეტიურ-ქრომოსომული ანომალიებით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო აცილებული. მინდა გითხრათ, რომ  ექიმების კვალიფიკაციას და ორგანიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორსულობის პირველ ტრიმესტრში ანუ  ამ დროს, ორსულობის 14 კვირამდე,  ფეხმძიმე ქალს სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.  სამწუხაროდ, ქალთა კონსულტაციებში არ ან ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას, რათა ქრომოსომული ანომალიების მარკერები დროულად აღმოაჩინონ, ამისათვის, საჭიროა კადრების სპეციალური მომზადება და უნდა ჩამოყალიბდეს მესამე დონის, სპეციალური სამედიცინო ცენტრი, რომლის შექმნა სახელმწიფომ, ჯერ-ჯერობით, ვერ უზრუნველყო.  დღეს, მსოფლიოში ზოგიერთი ანომალიის შესაბამისი პალიატიური მკურნალობის მეთოდი არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის 12 კვირამდე აღმოჩენილი იქნება მაგალითად, დაუნის  სინდრომი, სათანადო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, გვაძლევს შესაძლებლობას ისე ვიმოქმედოთ, რომ დაბადებული ბავშვი, შესახედავად მართალია იქნება დაუნის გარეგნული – მორფოლოგიური ნიშნის მატარებელი, მაგრამ გონებრივად არ იქნება ჩამორჩენილი, რაც ანახევრებს ოჯახის წუხილს და ბავშვს აძლევს  შესაძლებლობას, მომავალში იყოს საზოგადოების სრულყოფილი წევრი.
         
                                           ესაუბრა  მზია  გოგოძე