Friday 15 April 2016

საქართველოს რესპუბლიკა 2013-05-02
პროსტიტუცია და საბედისწერო განსაცდელი
პროსტიტუცია უძველესი პროფესიაა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. მეძავები საქართველოშიც მრავლად არიან. პროსტიტუციის მორალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, სექს-ინდუსტრია ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგიც კი გამოიწვიოს. საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული არასდროს ყოფილა, რადგან ამ პრობლემისადმი საზოგადოებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
გავესაუბრედ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი გალდავას.

 - ბატონო გიორგი, მეძავები ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით. ამ პროფესიის წარმომადგენლები, პერიოდულად მაინც არ იტარებენ სამედიცინო გამოკვლევას.

 - სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის და ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს, აქედან გამომდინარე, რისკ-ჯგუფებში პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ტარდება. საბჭოთა პერიოდში კომერციულ "სექს-მუშაკებს", იძულების წესით ათავსებდნენ დახურული ტიპის სტაციონარებში, რომელიც თბილისში და ქუთაისში არსებობდა და იქ უტარებდნენ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მაგრამ საქართველოში და, ზოგადად, მთელს მსოფლიოში ამ საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. პირველ ეტაპზე წამოიწია ადამიანის უფლებების დაცვამ, ამიტომ იძულების წესით მათი მკურნალობა გამორიცხულია, მით უმეტეს, სამედიცინო მომსახურება ფასიანია...

- რომელი გადამდები დაავადებებია უფრო გახშირებული.

- ჩვენს კლინიკაში აღირიცხება ეს დაავადებები. უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა, პირიქით, ზოგიერთი დაავადება უფრო მეტად გახშირდა. მაგალითად, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია და სიფილსი და, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა - შიდსიც....

- რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად, პაციენტები მეგობრების რჩევით მკურნალობენ. თქვენ პაციენტები როგორ მოგმართავენ.

- დღეს, რახან მკურნალობა ფასიანია, პაციენტები ექიმის გარეშე, თვითმკურნალობას მიმართავენ, მეგობრის ან ნათესავის "გამოცდილების" გათვალისწინებით. ამას ხელს უწყობს სამკურნალო საშუალებების სატელევიზიო და ბეჭდვითი რეკლამა, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა, სააფთიაქო ქსელის მუშაკთა მიერ მკურნალი ექიმის კომპეტენციაში ჩარევა, უფრო ხშირად ფარმაცევტებისა და პროვიზორების რჩევით დანიშნული ანტიბიოტიკები ...
მსგავსი ტიპის მკურნალობა, რა თქმა უნდა, არაეფექტიანია... ძალზედ ხშირად შესაძლოა გართულებებიც გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ჩვენმა დაწესებულებამ ადგილმდებარეობა შეიცვალა. ბევრმა არ იცის, რომ დერმატო-ვენეროლოგიური კლინიკები გაერთიანდა და ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებიდან გადავიდა ახალ, თანამედროვე ტიპის შენობაში, დიღომში, ლუბლიანას ქუჩა #5-ში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ჩვენთან ყველანაირი პირობაა მაღალი დონის გამოკვლევებისა და სათანადო სამკურნალო თერაპიის. არაპროფილურ დაწესებულებებში - თერაპიულ, უროლოგიურ და გინეკოლოგიურ კლინიკებსა და განყოფილებებში კი, ძალიან ხშირად მცდარ დიაგნოზს სვამენ და მკურნალობაც არასწორად წარიმართება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი გინეკოლოგი, უროლოგი და რეპროდუქტოლოგი მცდარი დიაგნოზის საფუძველზე პაციენტებს ასევე მცდარად მკურნალობენ უროგენიტალურ ქლამიდიოზზე და სხვა ინფექციებზე. ამიტომ, პაციენტმა, მხოლოდ სპეციალიზებულ დერმატო-ვენეროლოგიურ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს...

- ამბობენ, რომ ქუჩაში მდგომი ქალების უმეტესი ნაწილი დაავადებულია...თქვენ, როგორც დერმატო-ვენეროლოგს, თუ გაქვთ კონტაქტი მათთან.

- როგორც უკვე ვთქვი, ადრე უფრო მჭიდრო კონტაქტი არსებობდა. იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანი იყო "სექს-მუშაკებში" და ჰომოსექსუალური ქცევის მამაკაცებში ვენერიული დაავადებების პრევენცია. მაშინ ამ პროგრამას მოცული ჰქონდა მთელი ქვეყნის ტერიტორია. ასევე, აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომა"... "სექს-მუშაკები" ჩვენთან მოჰყვდათ.

- ფაქტია, რომ პროსტიტუციით დაკავებული ადამიანები, დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებიან, მათ ხშირად აყენებენ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ყოველდღე დგანან და კლიენტებს ელოდებიან... რა აიძულებს ქალს ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმისკენ.

- "მეძავები", თავიანთი ცხოვრების წესს მძიმე სოციალურ პირობებს აბრალებენ, რომელთა შორის პირველ ადგილზე დგას მარტოხელა დედის ფაქტორი... ფაქტია, რომ მათ არა აქვთ სახარბიელო ცხოვრება, დგანან სიცივეში, ან პაპანაქება სიცხეში, წვიმაში და ელოდებიან ცლიენტს... პარტნიორები მეძავებს, ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, დაუცველ სქესობრივ კავშირს სთავაზობენ. როცა ასე გახშირებულია ვენერიული დაავადებები, დაუშვებელია მამაკაცმა წუთიერი სიამოვნების სანაცვლოდ, დაუცველი სქესობრივი კავშირი დაამყაროს "სექს-მუშაკთან". ასეთმა წუთიერმა სიამოვნებამ მას შესაძლოა უდიდესი პრობლემები შეუქმნას, ოჯახი დაუნგრიოს, ჯანმრთელობა შეურყიოს, ფინანსურადაც დააზარალოს.

- ადამიანი თუ დროულად არ მიაკითხავს ექიმს, რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ვენერიულმა დაავადებამ.

- სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება-იმპოტენცია და სხვა გართულებები. ეს არ არის მხოლოდ შარდსასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიები, მათი ფარული, ქრონიკული და ხანგრძლივი მიმდინარეობა ადამიანის მთელ ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას - კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა, მხედველობის, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა ორგანოების დაზიანებას. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი გადამდები ვენერიული დაავადება საბედისწერო შედეგების მომტანია და სიკვდილსაც კი იწვევს.

- თქვენ როგორც ექიმი, რა აზრის ხართ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე.

- პროსტიტუციის ლეგალიზაცია შეიძლება განვიხილოთ ორი მიმართულებით... ერთი მხრივ, ლეგალური პროსტიტუციის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ "ინდ-მეწარმეს", ანუ გადასახადის გადამხდელს - კომერციულ სექს-მუშაკს, რომელთაც ექნებათ ჩვეულებრივი პროფესია, სამუშაო საათები, ბიუჯეტში შესატანი ოფიციალური გადასახადი და ა.შ. ხოლო, მეორე მხრივ, მივიღებთ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც თითოეულ სექს-მუშაკს მოუწევს ვალდებულების აღება, რათა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. სამედიცინო თვალსაზრისით, ლეგალიზაციას დადებითი შედეგი ექნება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ნაკლებად გავრცელდება. არის მესამე მომენტიც... ტრადიციულ და ძირძველ მართლმადიდებელ ერს შეუძლია აღიაროს ასეთი "ბიზნესის" არსებობა. - რა თქმა უნდა, არა... რელიგიური თვალსაზრისით, ეს მიუღებელია...
საერთოდ, პროსტიტუციის ლეგალიზაცა დიდი პრობლემაა და იგი არ უნდა მოხდეს ეკლესიის, სპეციალისტების და კანონმდებლების გარეშე...

- არა მგონია, რომ საქართველოში მომუშავე "სექს-მუშაკს" დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე... უცხოეთში ამ მხრივ რა მდგომარეობაა.

- ამსტერდამი, ჰამბურგი, სხვა ქალაქები და ქვეყნებია ამ ბიზნესის თვალსაჩინო მაგალითი. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ბევრ სახელმწიფოში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და იქ არსებობენ ყველასათვის ცნობილი ქუჩები, უბნები, სადაც ვიტრინებში ან პირდაპირ საფეხმავლო ტერიტორიაზე გამოფენილნი არიან სექს-მუშაკები, რომლებიც კლიენტებს დაუფარავად, ყველას თვალწინ, მომსახურების ფასზე ევაჭრებიან... იქ სექსუალური კულტურაც მაღალია. მაგალითად, შვედეთში მინიმუმამდეა დაყვანილი სქესობრი გზით გადამდები დაავადებები. შვედეთის ხელისუფლება ყველანაირად ზრუნავს იმაზე, რომ მათთან მოსაზღვრე ქვეყნებიდანაც კი, არ შეაღწიოს ამ დაავადებებმა... ტაილანდში მეძავებს თვეში ერთხელ, ან ორჯერ უტარებენ კვალიფიციურ გამოკვლევებს, რათა მათი მომხმარებელი მაქსიმალურად დაიცვან ვენერიული დაავადებებისგან.
ჩვენს ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუჭრელ თავსატეხად რჩება პროსტიტუციის და ვენერიული დაავადებების პრობლემის მოგვარება, რაც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ერის გენოფონდზე.






ავტორი:  მზია გოგოძე
საქართველოს რესპუბლიკა      2013-04-30
თამბაქო - რეკლამირებული სიკვდილი
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება იკრძალება. მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა ამჯერად სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას უკავშირდება. კანონში ცვლილებები მზადდება და კონტროლი ამ პროდუქტების მოხმარებაზე სავარაუდოდ გამკაცრდება.
ცნობილია, რომ რეკლამა დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. ლამაზად გაფორმებული ბანერები, სატელევიზიო რეკლამები, რა თქმა უნდა, მოზარდის ყურადღებას იქცევს - გვითხრა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ, - მისი თქმით, საქართველოში, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით, ყოველწლიურად, 9 ათასიდან - 11 ათასამდე ადამიანი იღუპება. მათ შორის 3 ათასი პასიური მწეველია.

- ბატონო გიორგი, სახელმწიფომ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ დაიცვას მომავალი თაობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

- საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რითაც აიღო საერთაშორისო პასუხისმგებლობა, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. თუმცა, მათგან მცირე ნაწილია შესრულებული. ფაქტია, რომ დღემდე საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები არ ტარდებოდა. ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანია სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია... თამბაქოს კონტროლი ჩვენს ქვეყანაში "აქილევსის ქუსლია". აუცილებელია, სასწავლო დაწესებულებებში სააგიტაციო პროპაგანდის წარმოება. განათლების სამინისტრომ კი, უნდა შეიმუშაოს პედაგოგთა გადამზადების სპეციალური პროგრამა. მასწავლებელმა მოზარდს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თამბაქოს მავნეობის შესახებ. უნდა შეიქმნას სპეციალური სერვისები, რომლებიც ადამიანს დაეხმარება სიგარეტის მოწევის თავის დანებებაში. აუცილებელია, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, სასწავლო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების მკაცრად აკრძალვა.

- კანონით ხომ ეს ისედაც აკრძალულია.

- რა თქმა უნდა, მაგრამ არ სრულდება. კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2003 წელს მიიღეს. იგი, შედარებით, სუსტი იყო, 2008 წელს კი, შეიცვალა და უფრო გამკაცრდა. კანონი რომ მოქმედებდეს, ამისათვის საჭიროა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა და საჯარიმო სანქციების დაწესება.
- რას გვეტყოდით თამბაქოს ინდუსტრიაზე.
- სამწუხაროდ, თამბაქოს ინდუსტრია კარგად არის განვითარებული. მისი ზემოქმედების შედეგად უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა ილახება... ფაქტია, რომ თამბაქოს ინდუსტრია უხეშად ერევა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში. ასევე, დიდია ლობისტების ზეგავლენაც... სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი შეამციროს.

- რა ინფორმაცია გაქვთ თამბაქოს ხარისხზე.

- დღეს, ფაქტობრივად, ბაზარი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციით. საქართველოში, 2004 წლიდან გაუქმდა ლიცენზია თამბაქოს წარმოებასა და ხარისხის კონტროლზე. ამჟამად, თურქეთიდან შემოდის განადგურებას დაქვემდებარებული, დაბინძურებული ნედლეული, რომელიც უფასოდ გადაეცემათ ქართველ მეწარმეებს. საქართველოში კი ნედლეულს ხელმეორედ ამუშავებენ, აფასოებენ და ლამაზად შეფუთულს ყიდიან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თამბაქოს წარმოების პროცესში ურევენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლების 2-3-ჯერ ზრდის ნიკოტინზე დამოკიდებულებას.

- გამოდის, რომ ეს კრიმინალური ბიზნესია, რაც, ფაქტობრივად, არ კონტროლდება.

- მართალი ბრძანდებით, კრიმინალური ბიზნესია, რომელიც წახალისებული იყო სახელმწიფოს მხრიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თამბაქოს ინდუსტრიას პრიორიტეტი არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი, პირიქითაა. თამბაქო არის პროდუქტი, რომელიც სიკვდილს იწვევს, ანუ ეს არის ლეგალიზებული სასიკვდილო ნივთიერება, რომლის რეალიზაცია ნებადართულია. ამასთან, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სიგარეტი საშიშია მათი ჯანმრთელობისთვის. თამბაქო სხვადასხვა დაავადებებთან ერთად, მამაკაცებში იმპოტენციასაც იწვევს. სიგარეტის მოწევის შედეგად, ქალებში 2-3 პროცენტით მოიმატა ფილტვის სიმსივნემ... დღეს, ყოველი მე-4 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების შედეგად. ასე რომ, თამბაქომ შეიძლება ერის დეგრადაცია გამოიწვიოს, ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ მწეველს, უარი თქვას სიგარეტზე, გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით!



ავტორი:  მზია გოგოძე

Thursday 14 April 2016

       
     ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!’’

   14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. 38 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  ქართულ ენას - სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. ქართველი ხალხი, საპროტესტო აქციით წინ აღუდგა საბჭოთა იმპერიიის გადაწყვეტილებას და მთვარობა იძულებული გახდა ქართული სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა.
 დედაენის დღე ტრადიციულად,  საქართველოს ყველა სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში  აღინიშნება. ეს ღირშესანინავი თარიღი საზეიმოდ აღინიშნა თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში, რომელაც ესწრებოდნენ: საკრებულოს წევრი გულიკო  ზუმბაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი, რესუსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური, გამგეობის წარმომადგენელი მერი აფციაური,  რაიონის პროფკავშირის თავჯდომარე გულიკო ამილიძე და სხვადასსხვა სკოლის დირექტორები.
 ღონიძიებაზე, დირექტორმა თენგიზ გულორდავამ საზეიმოდ გახსნა  დაწყებითი კლასების კორპუსი, რომელიც ახლახან გარემონტდა და აღიჭურვა შეაბამისი ინვენტარით. ამიერიდან, აქ 6 პირველი კლასი იქნება.  პატარებითვის სკოლაში, მართლაც, ზღაპრული სამყაროა შექმნილი. ოთახებს და დერეფნებს ამშვენებს ხვადასხვა ნახატები და მონუმენტური პანო. ილუსტრაციების ავტორია მხატვარი დათო ასლანიშვილი.
  საღამოს ორგანიზატორი გახლდათ, ქართული ენისა და ლიტერატურის  ღვაწლმოსილი პედაგოგი ლია ზურაბიშვილი. იგი არაერთი ღონისძიების ავტორია და მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად, სამშობლოსა და  დედაენის სიყვარულს ასწავლის.  ღონიძიების მომზადებაში, ქალბატონ ლიას გვერდში ედგნენ  სკოლის დამრიგებლები: დარეჯან კონტრიძე, რიტა ყიფშიძე, მარინე კუპატაძე და სხვები.
 ზეიმზე, ბავშვებმა თეატრალიზებული სანახაობა წარმოგვიდგინეს. წაიკითხეს  დედაენიადმი მიძღვნილი პოეტთა ლექსები და ამონარიდები  ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. განაკუთრებით დიდი მოწონება დაიმახურა სალომე ხუჯაძის და რეზი დიდებაშვილის შესრულებულმა სიმღერებმა. უნდა აღინიშნოს, რომ რეზი ,,ახალი ხმის’’ გამარჯვებულია.
 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ , 106-ე სკოლი ლიტერატურული კლუბის წევრები:  მე-9 კალსის მარიამ ცუხიშვილი, მე-8 კლასის მოსწავლეები: ანა კუტუბიძე, მარიამ ჩიქოვანი, მარიამ სართანია, გვანცა ჩხეტიანი, რეზი დიდებაშვილი,  სალომე ხმალაძე, სალომე ხუჯაძე, ვაჟა ლუტიძე, გუგა ცუხიშვილი; ასევე, მე-5 მეორე კლასის მოსწავლეები: ნინო მესროფაშვილი, გიორგი ჭიღლაძე, ლუკა კურტანიძე, გიორგი ნაცვლივილი, საბა კირკიტაძე, ანა მაკარიძე, ლიზი გულბანი, ნინო დევნოზაშვილი, ანა ანთიძე, ლიზი  გამეზარდაშვილი, ლიზი გარსევანიშვილი, მარიამ დავითაშვილი, ნია კილასონია, სესილი მგალობლიშვილი, ანასტასია სიჩევსკი, გიორგი ცუცქირიძე და მარიამ ჯაიანი.
 დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო უძველესი ხატები, სამონასტრო კომპლექსი, საქართველოს გეოგრაფიული რუკა და ტაძრებზე არმოჩენილი უძველესი წარწერები.
  საინტერესო იყო პირველ კლასელების მიერ შესრულებული, პატარა ეპიზოდი გურამ მაისურაძის მოთხრობიდან ,,სადღეგრძელო’’. ბავშვებმა  გააცოცხლეს  პერსონაჟები იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენიდან’’ და კოსტუმირებული, მშვენიერი სანახაობა წარმოგვიდგინეს. სტუმრები მოიხიბლნენ მოსწავლეების არტისტიზმით და გამართული მეტყველებით, რისთვისაც შექება დაიმსახურეს.
  ლია ზურაბიშვილი: ,,ო, ენავ ჩემო’’- ასე ქვია დღევანდელ ღონისძიებას, სადაც ბავშვებმა წარმოგვიდგინეს ქართული ენის თავგადასავალი. მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ და სერიოზულად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. საერთოდ, ღონისძიება არის გაკვეთილის გაგრძელება, სადაც ცოდნის თვალსაწიერი ფართოვდება და იძენენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. ბავშვები შეეცადნენ, კარგად წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები და მოწვეული სტუმრებისთვის საინტერესო სანახაობა ეჩვენებინათ. აღნიშნული ღონისძიებით, პატივი მივაგეთ მშობლიურ ენას და ეს დღე ბავშვებს არაოდეს დაავიწყდებათ.
  სამწუხაროდ, დარბაზი უქონლობის გამო, ღონიძიება ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩატარდა.  კარგი იქნება თუ შეასბამისი ორგანოები, ყურად იღებენ აღნიშნულ პრობლემას და სკოლას დაეხმარებიან დარბაზის მშენებლობაში.

       მზია გოგოძე

Saturday 9 April 2016

9 აპრილი

 ტრაგედია, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა!


 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა... 1989 წლის 9 აპრილი - ქართველი ხალხისთვის, ერთდროულად ცრემლის და სიხარულის დღეა, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელია. სწორედ, ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დაოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 9 აპრილი, საბჭოთა კავშირის სივრცეში იყო უნიკალური პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც კომუნისტურ წყობას საფუძველი შეურყია. ეს თარიღი არის ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება. 9 აპრილს დაღუპული ჩვენი თანამემაულეები კი, ეროვნული გმირები არიან,  რომელთა თავგანწირვას დავიწყება არ უწერია.
 
,,ჩვენი სკოლა იხსენებს 9 აპრილს’’- ასეთი იყო სახელწოდება ღონისძიებისა, რომელიც თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში გაიმართა და რომელსაც ესწრებოდნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, დედაქალაქის საკრებულოსა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები.
   ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლოცისა და სანთლების ფონზე, გაიხსენეს  საქართველოს პატრიარქის მიმართვა 9 აპრილის მომიტინგეებისადმი.  ასევე, მოიგონეს დაღუპული თანამემამულეები და პატივი მიაგეს  მათ ხსოვნას.
მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ლიტერატურული - მუსიკალური კომპოზიცია, წაიკითხეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები და ქართველი კომპოზიტორების სიმღერები: ,,ტიტები’’, ,,თავისუფალ საქართველოს მზეო’’,,შავლეგ შენი შავი ჩოხა’’ და სხვები.
  ღონისძიებაზე, დიდი მოწონება დაიმსახურა: ლაშა შარაბიძის, ლიზა გაგულიას, გუგა მანჯგალაძის, ელენე და სალომე ტლაშაძეების შესრულებულმა სიმღერებმა, მათ აკომპანიმენტს უწევდა მუსიკოსი მაია მარშანია. სტუმრები, ასევე მოიხიბლნენ მოსწავლეების: ვაკო აბრამოვის, ლანა ჩეკურიშვილს, ანა მაკარაშვილს და ანა ბიძინაშვილის მხატვრული კითხვით.
დარბაზში, დიდი ოვაცია გამოიწვია და მხურვალე ტაში დაიმსახურა  ლუკა ჯანელიძის ემოციურად წაკითხულმა ლექსმა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა...
შთამბეჭდავი იყო, მე-9 სკოლის მუსიკის პედაგოგის: ნანა ზარქუას მიერ შესრულებული სიმღერა ,,საქართველო აყვავდები ისევ’’...

  მარინა გიგაური , თბილისის  მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი:     აღსანიშნავია,  რომ ღონისძიებაში მონაწილებდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლის დამრიგებელი გახლავთ ელეონორა ფერაძე., ხოლო სცენარის ავტორია: მუსიკის პედაგოგი: ნანა ზარქუა, მათ ჩვენც დავუდექით გვერდში და ასეთი ლამაზი ღონისძიება გავმართედ. 9 აპრილი ჩვენი ერის ისტორისში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომლის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩები.  ეს ის დღეა, სადაც ერთად არის ჩაქსოვილი ტკივილი, პატრიოტიზმი, თავისუფლების სიყვარული, ერთიანობა. სამწუხაროდ თავისუფლებისადმი ლტოლვამ შეიწირა ჩვენი თანამემამულები . 9 აპრილის თემა - ბავშვებში იწვევს დიდ შინაგან და ფსიქოლოგიურ გარდატეხას.. აღნიშნულ ღონისძიებაში მონწილეობა მნიშვნელოვანია, მოსწავლეების ზნეობრივი და მორალური თვალსაზრისით,Pმათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისისათვის.  სწორედ, სკოლის კედლებიდან იგრძნობს ბავშვი, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული, მოყვასისადმი პატივისცემა, თავგანწირვა ქვეყნისთვის და დარწმულებული ვარ, რომ ეს თვისებები მათ ბოლომდე გაჰყვებათ. ჩვენი სკოლა მოწოდებულია იმისთვის, რომ ბავშვებს მაღალი დონის განათლება მივცეთ, ჩამოუყალიბოთ მათ დიდი პიროვნული თვისებები, რათა აღიზარდნონ ღირსეული ადამიანები. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, ოლიმპიადებში, ვიქტორინებში, ინტეგრირებულ გაკვეთილებში. სულ ახლახანს, ჩვენმა სკოლამ ვიქტორინაში ,,რა, სად, როდის’’, რომელიც აკაკი გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა, პირველი ადგილი მოიპოვა. ასე რომ, ჩვენი ბავშვები დიდი შემართებით არიან და მეც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად სრულყოფილი ცოდნა გავატანო სკოლიდან.

  
   ელეონორა ფერაძე,  მე-9 სკოლის პედაგოგი მე-7 ა კლასის დამრიგებელი: ღინისძიების ჩატარების იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ბავშვებთან საუბარი მქონდა საქართველოს გმირებზე. მათ მწირი ინფორმაცია ქონდათ 9 აპრილის შესახებ და არ იცოდნენ  რატომ ავღნიშნავთ ამ დღეს.. ამიტომ, გაგავწყვიტე ღონისძიების ჩატარება. ბავშვები, თავად იყვნენ ჩართულები მის მომზადებაში, მოიპოვეს ინფორმაცია და... ახლა, უკვე იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი  დღეა  9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიხარია, რომ ასეთი დიდი ინფორმაცია მივეცით ბავშვებს...

  ნანა ზარქუა, მე-9 სკოლის მუსიკის მასწავლებელი: მე გახლავართ პიესის ავტორი. ეს უკვე მეორე ღონისძიებაა, რომელიც აღნიშნულ სკოლაში ჩავათარე. ასევე, გვქონდა  ძალიან კარგი საახალწლო ზეიმი. მე-9 სკოლა გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, კარგი კოლექტივია, ქალბატონი მარინა შესანიშნავი პიროვნებაა. დირექტორმა და სკოლის დამრიგებელმა როგორც კი მომმართეს, მაშინვე დავგეგმეთ ღონისძიება და ვფიქრობ, მშვენიერი გამოვიდა. ბავშვები, მართლაც ნიჭიერები არიან და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას.. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა..…

  დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და აღნიშნეს, რომ ბავშვებმა მშვენივრად გაითავისეს  9 აპრილის ტრაგედია და გულწრფელად გადმოგვცეს  თავიანთი შინაგანი განწყობა. აღნიშნული ღონისძიებით, მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ თანამემამულეებს, ჩვენს ეროვნულ გმირებს...

           მზია გოგოძე

Thursday 7 April 2016

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

        მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან...


      უკვე ხუთი წელიწადია, რაც 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშირისო დღედ დაწესდა.  ამ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მსგავსი სახის ღონისძიება ჩვენთან უკვე  მეოთხედ აღინიშნება.
 დაუნის სინდრომით, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს ეყოლოს. სპეციალისტების თქმით,  დაუნის სინდრომი არა დაავადება არამედ გენეტიკური ცვლილებაა. იგი, არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
 2013 წელს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა ,,უთვალავი წინდის’’ ტრადიცია, რომლის მიზანია: მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით, ადამიანები  იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, ასევე, წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.
       
სწორედ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის გურამ რამიშვილის სახელობის 20-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება-აქცია სახელწოდებით: ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან’’, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ბუნებისა და ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან წითლანაძე. აქციაში მონაწილეობდნენ 20-ე სკოლის ორი მე-8, მე-5 და მე-6 კლასები, ასევე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ,,მზის შვილები’’.
 ღონისძიება მართლაც შთამბეჭდავი იყო, რომელმაც გაახალისა არამარტო აქაური მესვეურები, არამედ მოწვეული სტუმრები. აქცია სხვადასხვა აქტივობებისგან შედგებოდა... თავდაპირველად,  გაიმართა ,,მზის შვილების’’ შესრულებული ნახატების გამოფენა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან ნამუშებრებში, ძირითადად, გადმოცემული იყო პატარების სულიერი განწყობა.

    აქციაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ მომზადებული ბანერები სხვადასხვა სლოგანებით: ,,46=47’’, ,,ქრონოსომებს არ ითვლიან’’, ,,მზის შვილები ჩვენი მეგობრები არიან’’, ,,ცხოვრება მათთან ერთად მშვენიერია’’ და ა.შ. ღონისძიება დაამშვენა მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ.
 დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებამა კუს ტბაზე გადაინაცვლეს, სადაც ფართო მასშტაბიან აქციას შეუერთდნენ.

  ლელა ნერგაძე, მე-20 საჯარო სკოლის დირექტორი: დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჩვენი სკოლაც შეუერთდა და ქეთევან წითლანაძის ორგანიზებით, მართლაც ძალიან კარგი და თბილი ღონისძიება გაიმართა, დაუნის სინდრომიანი ბავშვები ბუნებით, მართლაც გამორჩეულები  და განსაკუთრებულები არიან, მათგან დიდი პოზიტივი და დადებითი ენერგია მოდის. აქვთ ჩვეულებრივი უნარ-ჩვევები. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და მათ სხვა ბავშვებისგან არ ვანსხვავებთ..

  ქეთევან წითლანაძე, ბუნებისა და ბიოლოგიის პედაგოგი:  ღონისძიების ორგანიზებაში გვერდში დამიდგნენ: სკოლის დირექტორი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ლელა ნერგაძე, სასწავლო ნაწილის გამგე, კეთილშობილი პიროვნება:  ზურა სადაღაშვილი, ასევე, კლასის დამრიგებლები და მე—5 მესამე, მე-6 პირველი,  მე-8 პირველი და მე-8 მეორე  კლასების მოსაწავლები, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენს სკოლაში, განსაკუთრებულის საჭიროების მქონე ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვსთ შექმნილი, რათა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ. აქ დიდ სიყვარლში იზრდებიან და ისინიც სიყვარულითვე გვპასუხობენ.
 დაუნის სინდრომიანი ბავშვები, ჩვენი საზოგაროების სრულუფლებიანი წევრები არიან, ისინი უზომოდ კეთილები და თბილები არიან, მათ არიციან ბოროტებ. სკოლაში მათთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, რომლებიც განსაკუთრებულ შექებას იმსახურებენ, ესენი არიან: სანათა შეროზია, ლევან მუშკუდიანი და მარიამ გოჩაშვილი.
 აღსანიშნავია, რომ ქეთევან წითლანაძე გამოირჩევა დიდი ნოვატორული იდეებით, მისი ინიციატივით არაერთი ღონისძიება გაიმართა.  ჩატარდა სკოლის შემოქმედებითი საღამო, რომელიც საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება-ში’’ გაშუქდა.
 საგულისხმოა, რომ  20-ე სკოლა გამოირჩევა კარგი აკადემიური მოსწრებით, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა ბავშვებმა  სრულფასოვანი განათლება მიიღონ, რაც სკოლის დირექტორის ლელა ნერგაძის და მაღალკვალიფიციური პედაგოგების დამსახურებაა. სკოლა მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.
   
                        მზია გოგოძე