Thursday 26 April 2018

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

 ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება. საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლეგიტიმურია მმართველ პარტიაში არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოების ინტერესი. საქართველოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა პარტიის გაძლიერების აუცილებლობა.
"მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავდროულად გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
      საგულისხმოა, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. 
პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ,რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს. უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე გაიმართება ყრილობა. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემოვიდა. 2011 წლის ოქტომბერში მან გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. 2012 წლის 21 თებერვალს ივანიშვილმა იმ დროს ქართული ოპოზიციური სპექტრის მთავარ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა. საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კი ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა მისი ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც თავად აცხადებდა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა.
მომდევნო წლებში ის თავისი დაფუძნებული მმართველი პარტიის ხან კრიტიკოსის ხან კი მრჩევლის როლში იყო. „ქართული ოცნების“ ბოლო წლების ელექტორალური წარმატებაც დიდწილად მის სახელს უკავშირდება.
ერთადერთი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.