Saturday 22 June 2019

     
   
 რევაზ ინანიშვილის
  დღე ხაშმში
          ,,მე სოფლის განაპირას - ვენახებში და ივრის ჭალებში გავატარე ჩემი ბავშვობა და იმ წყალ-ჭალის ხმები დღემდე მომდევს ცოდვა და მადლად‘‘, - რევაზ ინანიშვილის  ამ  სიტყვებით და ფოტოსურათით დამშვენებული ბანერი ალამაზებდა საგარეჯოს რაიონის ხაშმის საჯარო სკოლის ეზოს, სადაც მწერლის ხსოვნის უკვდავსაყოფად რევაზ ინანიშვილის დღე  აღინიშნა. მას ესწრებოდნენ -  მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები, მწერლები, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები, ხაშმის მოსახლეობა...
ღონისძიება უკვე მეოთხე წელია  ტარდება და, სამწუხაროდ,  რევაზ ინანიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის აშენების საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია. თუმცა ინანიშვილების ეზოში, ადგილობრივი თვითმმართველობის  გადაწყვეტილებით და  ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, მუზეუმისთვის ერთი ოთახის მოწყობა და მემორიალური სივრცის მოწყობა უკვე დიდი ხანია დაიგეგმა. როგორც გავიგეთ, ხარჯთაღრიცხვაც შედგენილი ყოფილა. ახლა მთავარია, საგარეკჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ დროულად აქციოს სიტყვა საქმედ.
      ღონიძიების დაწყებამდე, ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა  მწერლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც დაესწრნენ:  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - შოთა კაკაბაძე, ალექსი გილაშვილი, კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
      „სულის პური” უწოდა აკაკი ბაქრაძემ   რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს, რომლებიც აგებულია თითქოს შეუმჩნეველ ამბებზე, მაგრამ  დიდ ადამიანურ სიკეთეზე... რევაზ ინანიშვილის   შემოქმედებაში ბევრი ტკივილი და  ტრაგედიაა, უმთავრესი კი მაინც სიკეთე, სიყვარული და ოპტიმიზმია. 
მწერლის ღვაწლზე,  მის შინაგან თვისებებსა და დიდსულოვნებაზე ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, მისმა მეგობრებმა: ცისანა კვინტრაძემ, ნათელა არველაძემ, თამარ შაიშმელაშვილმა, ივანე ჯაფარიძემ, იოსებ ჭუმბურიძემ,  თემურ ჩალაბაშვილმა, გივი შაჰნაზარმა და სხვებმა. მათ ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერლის მეუღლის, როზა ინანიშვილის ხსოვნას.
მწერლის შვილიშვილმა აკაკი ინანიშვილმა მადლობა გადაუხადა რევაზ ინანიშვილის  დღის დაარსების მესვეურთ და დამსწრე საზოგადოებას - მწერლის  ხსოვნის პატივგებისთვის.
         როგორც ღონისძიების წამყვანმა  გიორგი ფარეშიშვილმა  აღნიშნა, რევაზ ინანიშვილი და მისი სამყარო ასოცირდება დიდ  ფასეულობებთან და სიკეთესთან. აკი წერდა კიდეც: ,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამონაკვესის ცდაა“ -   აგროვებდა გაბნეულ სიკეთეებს და შემდეგ უხვად ურიგებდა მკითხველს...
    მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ  ღონიძიებას სისადავის ელფერი დაჰკრავდა, ეს იყო მოგონებების, გულთბილი შეხვედრის საღამო, რომელსაც ამშვენებდა მუსიკალური ნომრები.
ღონიძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები - ,,ჩინარი“ და ,,ბერიკაცები“,  საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრის პატარა მსახიობები და სოფ. ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ნაწყვეტები მწერლის უკვდავი მოთხრობებიდან. სტუმრებზე, განაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მე-5 კლასის მოწავლის  ლაშა მამუჩიშვილის გამოსვლამ, რომლის ემოციურად წაკითხულმა   რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,დედამ ‘‘ ყველას ცრემლი მოჰგვარა.
    საღამოზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა  დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადასცა რევაზ ინანიშვილის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურს ,,მირანდუხტის“  გამარჯვებულ მოსწავლეებს: ნინი ბუზარიაშვილს, ნუცა გაგნიაშვილს და ეთო ცხვარიაშვილს.
           საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა  გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია გადასცა ანსამბლ ,,ბერიკაცებს“. ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭათ ანსამბლის წევრებს: შალვა ბორაშვილს, ნიკო გიგოშვილს და იგორ სორდიას, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ქართული ხალხური სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ქართული მწერლობის ქომაგის წოდება მიენიჭა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსს არჩილ ჯაბადარს, თანამედროვე ქართული მწერლობის თანადგომისა და ხელშეწყობისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.
         ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს  არაოფიციალური გაგრძელება მოჰყვა. დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს ღირსეული მასპინძლობა გაუწია რევაზ ინანიშვილის დღის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  და ღირსეულმა  ქართველმა ბესიკ ღვინაშვილმა.
               მინაწერი:  -   ხაშმში, რევაზ ინანიშვილის ხსოვნის დღე მეოთხედ, როზა ინანიშვილის გარეშე აღინიშნა. ყველანი ველოდებით რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნას... იმედია, გაისად მაინც საგარეჯოს რაიონი შეასრულებს დაპირებულ სიტყვას - დაიმედებულმა თქვა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის  დამფუძნებელმა, პოეტმა და ჟურნალ „ანეულის“ მთავარმა რედაქტორმა თამარ შაიმელაშვილმა. ღმერთმა უსმინოს,  პირობა შესრულდეს და სამომავლოდ, რევაზ ინანიშვილის ხსოვნის დღე მწერლის სახლ-მუზეუმში ვიზეიმოთ.

                          მზია გოგოძე






Saturday 15 June 2019

       
გამოფენა და პროექტის შეჯამება 
       ცენტრი ,,თანადგომა’’ საქართვრლოში, დიდი ხანია ფუნქციონირებს რომლის მეშვეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი, ძირითადად, წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
               
 სასტუმრო ,,იოტა‘‘-ში,  საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა ‘‘-ს ბენეფიციარების თიხისა და სხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გმოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, საკონფერენციო დარბაზში აღნიშნული ორგანიზაციის წარმატებული პროექტის შეჯამება გაიმართა. ევროკავშირის მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტის - ,,გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის‘‘ ფინალურ ღონისძიებას ეწრებოდნენ ჰოლანდიელი  ინგრიდ ბაკერი, ევროკავშირისა და საქართველოს სახვადასხვა უწყების  წარმომადგენლები.
      ვაჟა კასრელიშვილი ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი: პროექტის მიღწევებით კმაყოფილი ვართ. სასარგებლო სამუშაეოები ჩატარდა. ასრებობდა მცირეოდენი ბარიერები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფწრი მოგვარდა და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. ,,თანადგომა‘‘  საქართველოში,  უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-ოციალური რეაბილიტაციის საქმეში. კონკრეტულად, გრემის ცენტრში კერამიკული სახელსონო ევროკავშირის დაფინანსებით  2015 წელს  გაიხსნა. მათი ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს  მსგავსი სახელოსნოები თბილისში, სოციალური ბიურო და საწარმო,  ასევე, სასჯელაღსრულებით (ორციხეში მე-15 ქსნის და გეგუთის მე-14 )  დაწესებულებებში.  სახელოსნოში იქმნება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, რომლის გამოფენა და გაყიდვაც არაერთხელ    გაიმართა, შემოსული თანხა   ბავშვთა ჰოსპისს გადაეცა. მსგავსი გამოფენ-გაყიდვა სამომავლოდაც იგეგმება.
   
პროექტის ფარგლებში სულ  1500 ბენეფიციარს გაეწრია ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალურმა საწარმოებმა კი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულეს. ბენეფიციარები დაუბრინდნენ ჩვეულ ცხოვრების რიტმს,  საზოგადოებას და დაძლიეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
               
                                       მზია გოგოძე








Saturday 8 June 2019

მწერალთა ეროვნული აკადემიის გეგმები

                                                                                                                       

 
      ქართულმა მწერლობამ სამწუხაროდ, თანდათან დათმო თავისი ისტორიული მისია, დაკარგა საზოგადოებრივი როლი და   ვეღარ ასრულებს ერის სულიერი თუ ზნეობრივი წინამძღოლობის ფუნქციას. ლიტერატურული ცხოვრება სულაც არ შენელებულა, მაგრამ გაწყდა კავშირი მკითხველსა და მწერალს შორის... და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც გვყავს შესანიშნავი პოეტები  და პროზაიკოსები, რომელთა დუმილიც კი, საოცრად ავსებს და აკეთილშობილებს ქართულ ყოფიერებას.... სხვა პრობლემაა ისიც, რომ სათანადოდ არ ფასდება მწერლის შრომაც, მათ არა აქვთ სოციალური მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მწერალთა ეროვნული აკადემიის არსებობას, რომელიც დაარსების დღიდან ცდილობს მცირეოდენი,   მორალური მხარდაჭერა გამოხატოს ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანების  მიმართ.
 
 5 ივნისს მწერალთა სახლში,  მწერალთა ეროვნული აკადემიის დარბაზის სხდომა გაიმართა, რომელსაც   დამფუძნებლები და წევრები ესწრებოდნენ. სხდომას უძღვებოდა  აღმასრულებელი დირექტორი,  პოეტი ჯუბა ღებელი (ჯუმბერ გოგრიჭიანი), ხოლო მდივანი გახლდათ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაზეთ ,,სახალხო განათლების+’’ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე ზურაბ ქობალია.
       სხდომაზე პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის - ბატონი თამაზ წივწივაძის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის - ბატონი ალექსანდრე გაბელაიას,  აკადემიური საბჭოს წევრების, ბატონების - გენო კალანდიასა და ავთანდილ ჩხაიძის ხსოვნას.
       დამსწრე საზოგადოებას მიესალმა  აკადემიის ვიცე - პრეზიდენტი  კობა არაბული, რომელმაც  ისაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე. 
დარბაზში იყო საქმიანი კამათი, აზრთა გცვლა-გამოცვლა, მაგრამ  საღმა აზრმა გაიმარჯვა, ჩამოყალიბდა ერთობლივი პოზიცია და დაისახა სამომავლო გეგმები. ითქვა, რომ ამ მღელვარე დღევანდელობის რკალში, აუცილებელია  ხარისხიანი ნაწარმოებების პოლულარიზაცია, ასევე,  მწერლების მხარდაჭერა, თანადგომა და რაც მთავარია, დაფინანსების წყაროს მოპოვება.
          ჯუბა ღებელი:  ათსაჯერ მითქვამს და  ისევ ვიმეორებ... მწერალთა ეროვნული აკადემია არ შექმნილა მწერალთა კავშირის საპირისპირო ორგანიზაციად... პირიქით, აკადემია უნდა ყოფილიყო სწორედ მწერალთა კავშირის წევრ და არაწევრ პროფესიონალ მწერალთა გაერთიანება, რომლის პრეზიდიუმში მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობაც მოიაზრებოდა. ის, რომ ჩვენს ისტორიულ მწერალთა კავშირში ყველაფერი რიგზე არაა, ეს მათ თავადაც კარგად იციან... არც ისაა დასამალი, რომ ახლადშექმნილ მწერალთა ეროვნულ აკადემიაშიაც ვერ ავიცილეთ თავიდან რიგი უხერხულობანი... სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მაშინ ჩვენ არა თუ ვერ შევრიგდით, არამედ მწვავე პოლემიკა გავმართეთ ორი სამწერლო გაზეთის გვერდებიდან, რასაც ახალგაზრდა თაობის ერთმანეთთან დაპირისპირებაც კი მოჰყვა. ასე აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ მწერლები ვართ, არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთო მიზანი, რომელსაც ქვეყნის, ერის გადარჩენა, მწერლობისთვის ისტორიული მისიის დაბრუნება ჰქვია.

   კობა არაბული: არაფერია ყველაფერი, ყველაფერია- არაფერი..."- ასეა ესეც, ვნახოთ რა გამოგვივა, როგორ დაიცავენ მწერლები ერის საკრალურ სივრცეს, მის ისტორიულ ცნობიერებას მამულს, ენას, სარწმუნოებას, კულტურას...როგორ იმოქმედებენ სრულიად სხვა: ანომალიურ უცნობ დროში... მწერალმა წინასწარ უნდა დაინახოს ერის ბედისწერა და "იქადაგოს", გააფრთხილოს , რაიმე შეცვალოს! ხევსური ქადაგი იტყოდა: "შეიძლება ბედისწერის შეცვლა, ან გადადება სხვაგან, სხვა დროისთვის, თუ მას წინასწარ დაინახავ და განგებას ჩანაფიქრს (განზრახვას) მიუხვდებიო"..."_ვნახოთ, რას დავინახავთ" და რა გამოვა.??! გადადებს უფალი ჩვენ ბედისწერას?.
     სხდომის წევრებმა განაახლეს აკადემიური საბჭოს შემადგენლობა  და განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  სხდომაზე ერთობლივი გადაწყვეტილებით, მწერალთა ეროვნული აკადემიის დარბაზის პრეზიდენტად აირჩიეს კობა არაბული. ასევე, გადაწყდა ჟურნალის გამოშვების საკითხიც, სადაც  მკითხველი იხილავს  ლიტერეტურული სიახლეებს, რეცენზიებსა და კრიტიკულ შეფასებებს. 
                         
                             მზია გოგოძე