ქართული პოეზიის დედოფალს ანა კალანდაძეს და მის ჭეშმარიტ პოეზიას დრო ვერაფერს აკლებს, პირიქით, უფრო და უფრო ღირებულს ხდის, რამეთუ, მისი უკვდავი შემოქმედება დიდი, მრავალფეროვანი და ღრმაა, ისევე როგორც ქართული ცა ,,შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შენოსულმა ვერავინ ნახა"... სადაც პოეტი, პატრიოტრიოტიზთან ერთად, ერის არსებით თვისებას -სიდიადეს, ქედუხრელობას, შემწყნარებლობას გადმოსცემს. მის პოეზიაში სიყვარული რომანტიკული - სევდანარევია, იგრძნობა ინტიმი. ,,ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი", სწორედ, რომ სიყვარულზე დაწერილა... რეალურ ცხოვრებაში კი, ღრმა გრძნობებს გავურბოდიო - უთქვამს პოეზიის დედოფალს, რომელიც ფაქიზი ბუნებით და ხასიათის თავისებურებებით გამოირჩეოდა.
ქართველი კლასიკოსი სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სახალხო პოეტად, მისი ლექსები კი, ჩვენს ბავშვობას ლამაზ რითმებად გასდევდა. ანას პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმებით გამოირჩევა, დაუვიწყარი სიტყვებით, რითმებით, ფრაზებით. თითოეული მისი ლექსი ულამაზეს ფერწერად იშლება და პოეტის საოცრებათა სამყაროში გამოგზაურებს. ამ დიდებული პოეტის პოეზია უპირველესად, ყურადღებას იპყრობს ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. ანას შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი, ლირიკული თვითგამოხატვით ცხადდება და ინტიმურობის ელფერს იძენს ... იგი,თავისი ლექსებით ამშვენებს ქართულ პოეზიას და თითოეული ქართველისთვის გამორჩეული შემოქმებდია. ანას პოეზია უხვად აისახა მუსიკალურ ხელოვნებაში, მის ლექსებზე დაიწერა შესანიშნავი სიმღერები.
***
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა., რომელსაც უძღვებოდა აკადემიკოსი როინ მეტრეველი. საღამოს ესწრებოდნენ მწერლები, მეცნიერები, პოეტის ოჯახის წევრები და ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი: - ანა კალანდაძის სახელი, პოეზია, მისი ყოველი ხსენება, ყველა ქართველის ოჯახში ნამდვილი დღესასწაულია. პირველივე დღიდან, როდესაც ანამ, ჯერ კიდევ სტუდენტმა, საჯაროდ ლექსები წაიკითხა1946 წლის 25 მაისს, ომის შემდგომ ეს იყო ნამდვილი დღეობა საქართველოში, რომელმაც დიდი ფურორი მოახდინა. მას შემდეგ ანას სახელი დიდი პოეზიის თანავარსკვლავედში ბრწყინავს შეუდარებლად. ის არის განსაკუთრებული და დიდი მნიშვნელობის პოეტი, რომლის ჭეშმარიტ პოეზიას დრო ვერც ფერებს მოაკლებს და ვერც ჟღერადობას, პირიქით, უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს.
მაყვალა გონაშვილი,მწერალთა კავშირის თავჯდომარე: ანა ის პოეტი იყო, სიცოცხლეშივე დიდი აღიარება ხვდა წილად. მისი ლექსები სიმღერებად მოეფინა ქართულ სულს., რომლის შემოქმედებას დაბერება არ უწერია. ბედნიერი ვარ რომ ვიცნობდი ამ მაღალთავმდაბალ პოეზიის დედოფალს.
თინა ყანდარელი, ანა კალანდაძის ძმის ცოლი: -ანასთან 45 წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრე. ის ჩემზე 15 წლით უფროსი იყო, მაგრამ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მალევე დავმეგობრდით და ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები გავხდით. ბედნიერი ვარ, ასეთი სიყვარული გააყოლა ხალხმა და მას არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი..
ღონისძიებაზე, ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა მწერალმა მაკა ჯოხაძემ, პუბლიცისტმა იოსებ ჭუმბურიძემ ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილიმა, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა და სხვებმა. პოეტის ლექსები წაიკითხეს თბილისის მე-20 სკოლის მოსწავლეებმა .საიუბილეო საღამოზე, ნაჩვენები იყო მაკა ჯოხაძის დოკუმენტი ფილმი - ,,იდუმალება ანას პოეზიაში ".
მზია გოგოძე