****
🤍სოფლის ცა სულ სხვაა - ღრმა, უსასრულო, მთვარით და ვარსკვლავებით მოჭედილი.
სოფლის სიმშვიდე ხომ ნამდვილ ზღაპარს ჰგავს.
მზის ჩასვლისას თითქოს ყველაფერი ჩუმდება. დღისით კი ხელახლა ყველაფერი ცოცხლდება.
აქ დილა განსაკუთრებულია. მზის ამოსვლა და პირველივე სხივები, რომელიც ნაზად ეფერება არემარეს. ჩიტების გალობა და ფოთლების შრიალი კი ბუნების ჰარმონიას ქმნის. ეს მართლაც რომ დაუვიწყარი პეიზაჟია....
წვიმის დროსაც ლამაზია სოფელი. გადაღებული წვიმისა და მიჩუმათებული წკაპა-წკუპის შემდეგ, ჰაერში საოცარი სისუფთავის სურვილი იგრძნობა. სველი ბალახი და ატალახებული ეზო ისევე უხდება სოფელს, როგორც ბუხრიდან ამოსული კვამლი, ჩიტების ჭიკჭიკი, მამლის ყივილი , ბებიას გამომცხვარი ხაჭაპური, ბაბუას დაკრეფილი მსხალი და ყურძენი. მეხსიერებაში კი ყველაზე მეტად ის სიყვარული და სითბო ილექება, რომელსაც უშურველად უზიარებენ შვილიშვილებს .
,,მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო" - მეტყოდა ბებია და ამ ხალხურ ანდაზას საინტერესო ამბავსაც მოაყოლებდა ხოლმე ... საღაამოობით კუხნაში, შუაცეცხლთან მოყოლილ ამბებს კი სულ სხვა მისტიკა და იდუმალება ახლდა თან, ამიტომ ყოველ ჯერზე ასჯერ მოყოლილს, ხელმეორედ ვამეორებინებდი. ცელქი ბავშვი ვიყავი და ხან ბებიაჩემს ცოტას ვაბრაზრბდი კიდეც, მაგრამ მისგან ხმამაღალი საყვედურიც არ მიმიღია.. მხოლოდ შეგონებებით ცდილობდა ჩემს ,,მორჯულებას"...
სიკეთისა და ბოროტების ჭეშმარიტი მნიშვნვნელობა , პირველად ბებიაჩემისგან შევიტყვე.მისი მონათხრობი ამბები - იგავები, ყოველთვის ბოროტის დამარცხებით და კეთილის გამარჯვებით მთავრდებოდა. ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა, რომ სამყარო კეთილი და გასაგები კანონებით იმართებოდა.. თუმცა, როცა გავიზარდე მივხვდი, რომ ცხოვრება გეომეტრიულად სწორხაზოვანი არ არის. სიკეთეს ყოველთვის არ მოჰყვება სამართლიანი აღიარება და ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც ბებიაჩემის მონათხრობ იგავებშია.
მიუხედავად ამისა, ის შეგონებები არ გამქრალა ჩემში, პირიქით, გზამკვლევად იქცა იმ მწარე რეალობაში, რომელსაც არაერთხელ შევეჯახე... და დღესაც მჯერა, რომ სიკეთეს ყოველთვის დიდი ძალა აქვს, რომ ბნელს ნათელი ჯობნის..