Sunday, 8 March 2015

ეკონომიკა

         რა გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს?


   ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა.

-ქალბატონო ლია,  ფაქტია, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, დიდი ზარალი განიცადა მოსახლეობამ,  სამაგიეროდ, სარგეებელი ნახა კომერციულმა ბანკებმა.. როგორ ფიქრობთ,  ლარის  დევალვაციასთან  დაკავშირებით რა როლი მიუძღვის ეროვნულ ბანკს და რატომ არ გამოიყენა მან თავის ხელთ არსებული ბერკეტები, რათა პოროცესაები შეეჩერებინა? 

 - იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა არის სუსტი და ჩვენი წარმოება არის მცირე და მთლიანად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ნებისმიერი სააგარეო შოკი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს არამარტო სავალუტო კურსზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე. ქვეყანაში იმისთვის არსებობს ეროვნული ბანკი, რომ მან მოახდინოს რეაგირება ასაეთ გარე ,,შოკებზე’’ და მიიღოს ქვეყნის ეკონომიკისათვის საჭირო გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ სავალუტო კურსის რეგულირების მექანიზმები გააჩნია, მხოლოდ, ეროვნულ ბანკს, ხოლო მთავრობას აქ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ეროვნულმა ბანკმა, ჩემი ღრმა რწმენით, არ დახარჯა სავალუტო რეზერვები, რადგან მას ისინი აქვს მცირე რაოდენობით, დაახლოებით 600- 700 მლნ, დანარჩენი კი, განთავსებულია ფასიან ქაღალდებში და პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელია.. ამიტომაც, ეროვნულმა ბანკმა მიუშვა სიტუაცია და ის, თანდათანობით, დამძიმდა. აღნიშნულ უწყებას, თავიდანვე უნდა დაეწყო სიტუაციის დარეგულირება და მას არ დასჭირდებოდა დიდი თანხები ლარის კურსის შესაჩერებლად. სინამდვილეში კი რა მოხდა? - მიშვებულმა ლარის კურსმა, საფინანსო სექტორში პანიკა გამოიწვია, ბიზნესმენებმა, რომლებსაც დიდი თანხები ჰქონდათ კომერციულ ბანკებში, დაიწყეს ფულის გადარიცხვა საზღვარგარეთ. შესაბამისად,
ბანკებს გაუჩნდათ მოთხოვნილება  უფრო მეტ უცხოურ ვალუტაზე, რათა აღნიშნული გადარიცხვები განეხორციელებინათ. შედეგად, გაიზარდა ზეწოლა ლარზე, რამაც გამოიწვია მისი დავარდნა და ამ ყველაფერმა, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. პრაქტიკულად, ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო სიგნალი, რომ ლარი არის მიტოვებული უპატრონოდ. სიტუაცია, შედარებით დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და მას მთავრობაც გამოეხმაურა. თუმცა, ის მიზეზები რამაც გამოიწვია ლარის ვარდნა არ გამქრალა, მაგრამ შედარებით, სიტუაცია დასტაბილურდა.

 -დამეთანხმებით ალბათ, რომ ლარის ვარდნაში დიდი წვლილი მიუძღვის ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც.. ფაქრია, რომ  პროცესები ხელოვნურად იყო პოროვოცირებული...

  -რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ,,დამნაშავე’’ მაინც ეროვნული ბანკია. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტრაგიკული და მძიმე შედეგების მომტანი...
 ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის ვარდნის შეჩერება გამოიწვია იმპორტის შემცირებამ. იმპორტის შეცირება კი, ჩვენისთანა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის არის ეკონომიკური კრიზისის განვითარების წინა პირობა. ასევე, იყო განცხადება იმის შასახებ, რომ გაიზარდა დეპოზიტების მოცულობა კომერციულ ბანკებში. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამცირებს ხარჯვას ანუ მოთხოვნა მცირდება და ფულს ინახავს, რაც გადაედინება საბანკო სექტორში. ხარჯვის ანუ მოთხოვნის შემცირება არის ეკონომიკური კრიზისის დაწყების ნიშანი. ეს ყველაფერი კი,  საქართველოში ხელოვნურად იყო პროვოცირებული. ლარი, როცა იყო კატასტროფულად დევალვირებული, მთავრობამ მაშინ შეამცირა 2 პროცენტამდე ზრდის პროგნოზი.

 -სამომავლოდ, რას უნდა ველოდოთ? შეძლებს მთავრობა სიტუაციის დასტაბილურებას?


 -სამწუხაროდ, ლარის დევალვაციის მიზეზები კვლავ რჩება, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორის ნიველირება მოხერხდა. მიმდინარე წელი  იქნება ძალიან მძიმე, მოსალოდნელია სავალუტო რყევები და მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, იქნება ეკონომიკური კრიზისის სერიოზული ნიშნები. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რყევებზე თუ არ მოახდინა რეაგირება, მაშინ შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, აუცილებელია მთავრობის, ეკონომიკური სექტორის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობა.  უნდა გამოირიცხოს ეროვნული ბანკის ,,დიქტატი’’... აღნიშნული უწყებები უნდა მუშაობდნენ ეკონომიკისათვის და არა, საკუთარი  კეთილდღეობისათვის.

                                             ესაუბრა მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...