Sunday, 11 January 2015

კულტურა

                                                                   

                                                                        მთავარია  როლი  გაითავისო...



 


    მსახიობ ქეთევან ჩხეიძეს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მას კარგად იცნობს მაყურებელი, როგორც თეატრალური სცენიდან, ასევე, ტელე-სერიალებიდანაც. მის მიერ განსახიერებული როლები გამოირჩევა პროფესიონალიზმით, დიდი ოსტატობით და ინდივიდუალური შესრულების მანერით. ბოლო დროს კი, მისმა გამოჩენამ ტელე-სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები’’, სადაც ის იმერელი ნუნუკას როლს ასრულებს, დიდი მოწონება და საყოველთაო სიმპატია დაიმსახურა. როგორც თავად ამბობს, მასიურად პოპულარული, სწორედ, ,,ნუნუკას’’ როლის შესრულებბის შემდეგ გახდა.
  ჩვენი სტუმარია კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი:      ქეთევან ჩხეიძე.

 -ქალბატონო ქეთი, ,,ჩემი ცოლის დაქალებში’’ ძალიან კარგად გაქვთ მორგებული ,,ნუნუკას’’ როლი,.. იმერეთთან რაიმე შეხება თუ გაქვთ.?

 -იმერეთთან არანაირი შეხება არ მაქვს.

 -მაშინ, როგორ გამოგდით ასე ბუნებრივად ,,ნუნუკას’’ როლი?

 -პროფესიაა ეს ჩემი.. მე შემიძლია ასევე,  ვითამაშო სვანი, ან კახელი ქალიც.. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენი პროფესიაც სწორედ, ამაში მდგომარეეობს...

 - აღნიშნულ როლზე მუშაობისას, ალბათ, რომელიმე ქალს ბაძავთ?

  -აქ მთავარია ინტონაცია. ვიღებ რომელიმე ქალის პროტოტიპს და ვბაძავ ხან ერთს, ხან სამს ერთად.. აიღებ ხმის ტემბრს, ქცევის მანერას და ა.შ. ადამიანს როცა სმენა აქვს, ინტონაციასაც ადვილად იჭერს. მე, ზუსტად ისევე შემიძლია გურულადაც  და კახურადაც ვისაუბრო. ეს არ არის რთული, გამეორება ადვილია, თუმცა, თამაში ძნელია. გულწრფელად გეუბნებით, არსებობენ ისეთი მსახიობები, რომლებიც ბაძავენ სხვდასხვა მსახიობებს და არც თუ ურიგიდ.

ეს არის მონაცემი ანუ სმენა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ არის მსახიობობა და არის სულ სხვა ჟანრი, რომელსაც პაროდია ეწოდება.

 - დამეთანხმებით, საკუთარი ინდივიდუალიზმის შეინარჩუნო გაცილებით რთულია..


 -რა თქმა უნდა. სირთულეა ის, რომ უნდა იყოს მიბაძვა ვიღაც ქალის. აქ მთავარია შენეულად ითამაშო და საკუთარი ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. მე თვითონ მიკვირს ეს როგორ გამომდის. ეს ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ ასე მასწავლეს, რომ არ უნდა ვიყო ყალბი და რასაც ვაკეთებ უნდა იყოს ნამდვილი და აი, როლზე მუშაობის დროს, კონკრეტული პერსონაჟის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე.

 -როლს თუ ამატებთ რაიმე სიტყვეას ან დიალოგს?

 -სულ ვამატებ. ის იბადება თავისით, როგორც კი მე ვიჯერებ, რომ ვარ ნუნუკა და არა ქეთი, მაშინვე მოდის ჩემი გმირის  ხმა,  ლექსიკა, აზროვნება და თავისთავად, სიტყვებიც იბადება.

 - ქალბატონო ქეთი,  რაღაც თვისებით თუ გავხართ თქვერნს გმირს?

 -ალბათ, ვგავარ. როგორ შეიძლება, რომ არ ვგავდე, მსახიობი და როლი ერთიანდება-ხოლმე.

 -თქვენმა ვაჟმა რომ მსგავსი წარსულის მქონე ცოლი შეირთოს როგორი რეაქცია გექნებათ?

 -სერიალიდან გამომდინარე, მაქვს უკვე დიდი გამოცდილება და ცემა-ტყეპას არ დავუწყებ...

 -თქვენი პროფესიის არჩევანი, ხომ არ განაპირობა თქვენი ბიძის - გიზო ჟორდანიას ფაქტორმა?

 -რა საკვირველია დიდი ფაქტორი იყო, მაგრამ მსახიობობა ბავშობიდანვე მინდოდა. თუმცა, რომ არ ყოფილიყო გიზო ასე საინტერესოდ არ წარიმართებოდს ჩემი კარიერა, მაგრამ მაინც მსახიობი ვიქნებოდი. ისე გენეტიკას დიდ მნიშვნელობა აქვს. თბილისის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსისტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე - გიზო ჟორდანიას ჯგუფში, რომლის დასრულების შემდეგ, მთელი ჯგუფი წავედით რუსთაველის თეატრში სამუშაოდ.. მაშინ, ძალიან პოპულაროები ვიყავით. ჩემი ჯგუფი იყო რუსთაველის თეატრის, მცირე სცენის ახალგაზრდული დასი, ასე გვეძაღდნენ. ჟგუფის შემადგენლობაში გოგოებიდან ვიყავით: მე, ნანუკა ხოსკრილაძე, ნანა შონია, ნინო თარხან-მოურავი, მაია ფაჩუაშვილი და ბიჭებიდან კი, იყვნენ: გოჩა კაპანაძე, მერაბ ნინიძე, ირაკლი მაჭარაშვილი, დათო ბახტაძე, გიორგი გაჩეჩილაძე(უცნობი), თემიკო ჭიჭინაძე და ზაზა პაპუაშვილი. მაშინ ჩვენ 21-22 წლისანი ვიყავით და ვთამაშობდით სხვადასხვა სპექტაკლებში, სადაც  მხოლოდ ჩვენ ვმონაწილეობდით, გიზო ჯორდანიას მეთაურობით. იყო ერთი ამბავი, ძალიან ბევრი  მაყურებელი გვყავდა, ძირითადად, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები..

 -თქვენი მშობლები რა პროფესიისანი არიან?


 -მამა ექიმი მყავდა, დედა ფილოლოგია, მაგრამ ხელოვნების დიდი მოტრფიალეა და ძალიან უნდოდა მსახიობობა.. და ბოლოს, ისე მოხდა, რომ მაინც მოახერხა და დაწერა პიესა ,,თეთრი იასამანი’’, რომელიც ახლა გადის მარჯანიშვილის თეატრში.

 -ქალბატონო ქეთი,  რუსთაველის თეატრში რამდენი წელი მოღვაწეობდით?

 - რუსთაველის თეატრში 10 წელი ვიმუშავე, მერე წავედი რუსეთში და იქ რვა წელიწადი ვცხოვრობდი. მეუღლე ექიმია და იქ მუშაობდა. მოსკოვში, თეატრში მუშაობასაც ვაპირებდი, მაგრამ არ გამოვიდა.. მაშინ ორი პატარა შვილი მყავდა და იქ მუშაობაც რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვფლობ რუსულ ენას, ქართული აქცენტი მაინც მაქვს და აკადემიურ თეატრში ვერ ვითამაშებდი, მაშინ ჩემთვის სპეციალური როლი უნდა შერჩეულიყო..  დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო გიგა ლორთქიფანიძე. ბატონმა გიგამ როცა გაიგო, რომ არ ვმუშაობდი და იმ ხანად, მხოლოდ, დიასახლისობით ვიყავი დაკავეული, გაუკვირდა და საპროტექციო წერილი გაუგზავნა ოლეგ ტაბაკოვს, სადაც ის ისე მახასიათებდა, რომ ქება-დიდებით ცაში ამიყვანა, მაშინ 25 წლის ვიყავი და უნდოდა დამხმარებოდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. ჩემთვის ეს მართლაც,  მნიშვნელოვანი ყურადღება იყო, ამ დიდ რეჟისორის მხრიდან.. ტაბაკოვმა როცა წაიკითხა წერილი გაკვირვებული გადმომხედა, რადგან მიხვდა, რომ ეს იყო პროტექცია მისი კოლეგის მხრიდან და მაინც მითხრა, რომ იარეთ ჩვენთან თეატრშიო. მე, რა თქმაუნდა, დავიწყე თეატრში სიარული, მაგრამ მივხდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, თუმცა შეიძლება წლების შემდეგ გამოჩენილიყო..

 -რატომ  გგონიათ, რომ არ იყო იქ თქვენი ადგილი?

 - კვეხნით არ ვამბობ, მაგრამ იქ რასაც აკეთებდნენ თეატრში მსახიობები, ჩვენ უკვე გავლილი გვქონდა, პირველი კურსის პირველ სემესტრში  ანუ ბევრად უფრო წინ ვიყავი. ამიტომ, მივხვდი, რომ უნდა დავლოდებოდი რაღაც როლს, რომელიც ან მოვიდოდა ან არა. შემდეგ, მამუკა კიკალეიშვილთან ვაპირებდით რაღაც სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ჯიგარხანაინს უნდა დაედგა, მაგრამ მამუკას ავადმყოფობის გამო ეს ვერ შედგა.. და ამასობაში კიდეც დავბრუნდი თბილისში და დავიწყე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში.

 -ქალბატონო ქეთი,  სულ რამდენ სპექტაკლში გაქვთ ნათამაშები?

 -არ დამითვლია, ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, ათიოდე წელი რუსთაველის თეატრში ვიმუშავე და ბუნებრივია, ამ ხნის მანძილზე არაერთ სპექტაკლზე მომიწია მუშაობა. 2001 წლიდან კი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ.

 -განსაკუთრებით, რომელ როლს გამოყოფდით?

 -რუსთაველის თეტრში ვითამაშე, სამანიშვილის დდედინაცვალში’’ ,,მელანო’’, მაშინ ახალ დდამთავრებული მქონდა ინსტიტუტი და იმ ხანად, ძალიან პოპულარული როლი იყო... სხვათაშორის, ეს როლი ძალიან დამეხმარა ახლანდელ სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალებში’’ ,,ნუნუკას’’ როლის შესრულებისას.  ეს, დაახლოიებით, ერთი და იგიეა ქალია. ის იყო კლდიაშვილი და ,,ჩემი ცოლის დაქალებში’’ ეს ოჯახიც კლდიაშვილია - თავისი პრობლემებით...

 -თქვენთვის, ალბათ, თეატრში  მუშაობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ტელე-სერიალში.. 

- თეატრს ვამჯობინებ, რა თქმა უნდა, ის ჩემი სახლია. კინო და ტელე-სერიალი, ჩემთვის არის ის ადგილი, სადაც სტუმრად  მიდიხარ. თუმცა, ძალიან მიყვარს სტუმრად სიარული...

 -რომელია თქვენი საოცნებო როლი?


-საოცნებო როლი არა მაქვს...

-ხშირად გითქვამთ შემოთავაზებულ როლზე უარი?


-ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.. უარს ვამბობ, იმ შემთხვევაში,როცა ვერ ვიგებ რა არის და ეჭვი მეპარება რაღაცაში... სპექტაკლზე მუშაობისას, თუ არ არის რეჟისორის და მსახიობის ერთიანობა, არაფერი არ გამოდის, რაც არ უნდა დიდი არტისტი და დიდი მსახიობი იყო. მსახიობის საშუალებით,  რეჟისორი რაღაცას ამბობს, გაძლევს მითითებებს და შენი საშუალებით ის რაღაცას ამბობს. ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი და მსახიობის წარმატება დიდად არის განპირობებული რეჟისორზე. ამ უკანასკნელმა, შეიძლება აგიყვანოს ცაში, ან პირიქით ისე დაგანარცხოს, რომ ვერასოდეს ვერ ადგე - ნიჭიერების მიუხედავად. მაქვს ამის გამოცდილება და აქ ვგულისხმობ ზეაწეულობას, ანუ თუ როგორ აყავხარ რეჟისორს ნელ-ნელა ზევით - ცაში. ხელოვნება - ცაში ასვლა! ამას ჯერ მაყურებელი ხვდება და მერე თავად მსახიობი. სცენაზე გამოსვლიდან 3-5 წუთის შემდეგ, ხვდება მსახიობი ტყუილად დადის თუ არა ის თეატრში...

-ბოლო დროს,  არაერთი მსახიობი გახდა პოპულარლი - ინტიმურ სცენებში თამაშის შემდეგ... რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

-ეს სხვა პროფესიაა და არა მსახიობობა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ხელოვნებასთან. ინტიმური სცენის თამაში, სცენაზე შეუძლებელია, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. კინო სულ სხვაა, იქ არის შექმნილი მთელი სისტემა იმისთვის, რომ გადაიღონ ეროტიკული სცენები. იქ მაყურებელი არ ესწრება და გამზადებულ, დამონტაჟებულ მასალას ნახულობს. პროფესიონალ მსახიობებს ასეთ როლებს არ სთავაზობენ, რადგან ეს მათ არ სჭირდებათ..

-ამჟამად, მარჯანიშვილის თეატრში რა როლზე მუშაობთ?

-ძალიან საინტერესო როლზე ვმუშაობ. რეჟისორი გურამ ვაშაკიძე დგამს ტენეს უილიამსის ცნობილ პიესას, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება : ,,პიკნიკი - კვირა დღის დღესასწაული’’. სპექტაკლში კარგი მსახიობები არიან დაკავებულნი: ნანი ჩიქვინიძე, ნინო დუმბაძე, ქეთი გეგეშიძე და მე, სულ ოთხი ქალი ვართ.  ვთამშობ ,,სოფი გლუკის’’ როლს, რომელიც არის აუტისტი. ასე რომ, ადვილად შესასრულებელი როლი არ არის, მისი გათავისება ძნელია და ,,ბეწვის ხიდზე’’ მომიუწევს გავლა, მაგრამ იმედი,ა ყველაფერი კარგად გამომივა.


                                                           ესაუბრა მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...