Thursday, 10 December 2015

ქველმოქმედება

                                        ,,მადლი ქენი, ქვას დადევი''...              



  მთავარი მოტივი - ქველმოქმედებაა


         საბედნიეროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ქველმოქმედებით გამოირჩევიან, გაჭირვებულებს ეხმარებიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი ღირსეული პიროვნებაა 2013 წლის, გადაცემა ,,იმედის გმირი’’, თეატრ-სტუდია ,,მადლის’’ დირექტორი ჯემალ დემურაძე. იგი, პროფესიით მსახიობია და 15 წელიწადია რაც ,,მადლი’’ დაარსა, რომლის მთავარი მიზანია  საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა და უნარშეზღუდული ბავშვების დახმარება.
 ,,მადლი-ს’’  ინიციატივით, უკვე არაერთი ღონისძიება გამართა და შემოსული თანხით,  მრავალ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პატარას გაეწია დახმარება: ეტლით, ტანსაცმელით, საკვებით და სხვადასხვა ინვენტარით.
  თეატრ-სტუდია, ძირითადად, შოუ-სანახაობებს მართავს  საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სასწავლო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში. მათ სულ 7 მსახიობი ჰყავთ და აქვთ შერეული პროგრამა: ბრეიკ-დანსი, ჰიპ-ჰოპი, ლეგენდა აღმოსავლურ იოგებზე, მხიარული კლოუნადა, ილუზია-მანიპულაცია და სხვა. სტუდიას შენობა არ გააჩნია, საკონცერტო ნომრებს სახლში ამზადებენ.

            - სტუდიის შექმნის მთავარი მოტივი – ქველმოქმედებაა, - ამბობს ჯემალ დემურაძე - ,,მადლის’’ დაარსების იდეა კი,  უბედურმა შემთხვევამ განაპირობა. პატარა გოგონა გარდამეცვალა და ამის შემდეგ, უფალს შევფიცე: დავეხმარებოდი ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.  ჯანმრთელი შვილის ყოლა ბედნირებაა, ახლა სამი ვაჟკაცი მყავს: გიორგი, დიმა და რომა, რომლებიც ჩემთან ერთად ცდილობენ სხვების დახმარებას. ასევე, გვერდში მიდგას ჩემი მეუღლე ფატი და გვინდა, რაც შეიძლება ბევრ პატარას შევუმსუბუქოთ ყოფა და გავუხალისოთ ცხოვრება. ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ხნის მანძილზე, რამდენ ბავშვს დავეხმარეთ, მაგრამ საქართველოში ალბათ, სოფელი არ დარჩენილა და კონცერტი არ გაგვემართა. შემოსული თანხით კი, ქველმოქმედებას ვეწევით.  მაგალითად, ერთ ფაქტს მოგიყვებით, სოფელ  გამარჯვებაში ბავშვს ეტლი გადავეცით. იმ  სკოლაში კი, სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარა იყო. მეორე ჯერზე მოგვიწია ჩასვლა, რათა დანარჩენ ორ ბავშვს დავხმარებოდით და კონცერტი გაგვემართა.. სკოლის დირექტორმა მითხრა, - შენთვის სიურპრიზი მაქვსო და ბავშვი, რომელსაც ეტლი გადავეცით, სცენაზე, საკუთარი ფეხით ავიდა. ჩვენი საჩუქარი კი, სხვა პატარასთვის  გადაუცია. ეს შოკი ოყო! მსგავსი სიხარული იშვიათად თუ განმიცდია.


  დემურაძეების ოჯახი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არ ულხინთ და სოციალურად დაუცველთა სიაში არიან,  შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავენ. მშობლები შვილებს კარგ მაგალითს აძლევენ და გაცნობიერებული აქვთ, რომ გულით გაკეთებულ სიკეთეს, უფალი ყოველთვის წინ დაახვედრებს.
  ჯემალ დემურაძე აცხადებს, რომ მისი მიზანი ქველმოქმედებაა და უნდა, რომ რაც შეიძლება ბევრს დაეხმაროს, ამისათვის კი საჭიროა საკმარისი ფინანსები. იმედია, ბიზნესმენები ან ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდებიან და გვერდში დაუდგებიან ბატონ ჯემალს ამ კეთილშობილური მიზნის განხორციელებაში.


      გოჩა ხარატიშვილი,  საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კანშირის თავჯდომარე:

        -ჯემალ დემურაძე კოლორიტული პიროვნება და ქართველი ერის ღირსეული კოჰორტის წარმომადგენელია, რომელიც მართლაც, მადლიან საქმეს აკეთებს. ამიტომაც ჰქვია მის თეატრ-სტუდიას ,,მადლი’’. მიუხედავად იმისა, რომ ხელმომჭირნედ ცხოვრობს, იგი მაინც სხვებზე ზრუნავს და მათ ეხმარება. ამიტომაც, ხშირად ამბობს: ,,მე ჩემზე გაჭირვებულებს ვეხმარებიო’’. სიკეთის კეთება შვებას გვრის მის ოჯახს, რომელიც საზოგადოების მხრიდან, ნამდვილად დასაფასებელია. ასეთ ოჯახებს ჯეროვანი ყურადღება და მხარში დოგმა ესაჭიროებათ, რათა უფრო მეტ პატარს მოჰგვარონ სიხარული და ბედნიერება.
                     
                                   მზია გოგოძე

  გაზეთი ,,სახალხო განათლება''







No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...