Saturday, 26 August 2017

მედიცინა

                                                                                  მკურნალობა  თუ  დასჯა?

     
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ინტრავენური ნარკომანების (ანუ წალამდამოკიდებული ადამიანების) რაოდენობა 50 000-ის ფარგლებში მერყეობს. ფაქტია, რომ ნარკომანია ძალიან გაახალგაზრდავდა, ადრე თუ ნარკოტიკებს 35 წლის ასაკიდან მოიხმარდნენ, ახლა მას 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან. შეიმჩნევა ქალი ნარკომანების რიცხვის მატებაც... დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაში.  ამჟამად, საქართველოში არსებობს მკაცრი სანქციები და ადმინისტრაციული ჯარიმები ნარკომანიის წინააგმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით პრობლემა  ვერ მოგვარდება და ნარკომანი ვერ გამოჯანმრთელდება. წამალზე დამოკიდებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფსიქო-თერაპია, ისე სარეაბილიტაციო კურსის გავლა.

ნარკოპოლიტიკასა და ნარკომანიით გამოწვეულ პრობლემებზე  გვესაუბრება  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი გზის’’ ფსიქო-სოციალური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: დალი უშარიძე:

          -ჩვენი ორგანიზაციიის მთავარი მიზანია წამალდამოკიდებულების და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროილაქტიკა, ასევე მათი უფლებების დაცვა. გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა, პირველ რიგში, ძალიან არაეფექტურია და, მეორე, ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს მათი საპყრობილეში შენახვა. ამით კი, ვკარგავთ რესურსს მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.

 - ქალბატონო დალი, რამდენად ზუსტია ნარკომომხმარებელთა სტატისტიკური მონაცემები საქართველოში?

 -  დღეს არის 50 ათასი ნარკოტიკების მომხმარებელი ანუ წამალდამოკიდებული ადამიანი. ბოლო  6 წელიწადია კარგად წარმოებს სტატისტიკური მონაცემების დადგენა და სარწმუნო ინფორმაციები გროვდება. აქ მნიშვნელოვანია  ერთი მცნების განმარტება, ეს არის პრობლემური ნარკომანია ანუ გამოკვლევის  მეთოდი ითვალისწინებს იმ პაციენტების რაოდენობას, რომელთაც დამოკიდებულება აქვთ ნარკოტიკებზე. ამ ნივთიერების ეპიზოდური მომხმარებლები კი, მათ რიცხვში არ განიხილება.

 -რა კეთდება დღეს წამალდამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად?

 -ყველაზე გავრცელებული მეთოდია მათი დასჯა, დაჯარიმება ან დაპატიმრება,  აგრეთვე, მომხმარებლების მკურნალობა, სამკურნალო დაწესებულებებში და ასევე, არსებობს მხარდამჭერი პროგრამები ანუ ჩანაცვლებითი თერაპია. ამგვარ თერაპიას ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: ერთი არის ნარკოტიკების მოხმარების შეწყვტა, ნელ-ნელა დოზის სემცირება და შემდეგ მოხმარების სეწყვეტა. მეორე მიზანი კი არის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის ყოველდღიური მიღება ანუ არის მეთვალყურეობის ქვეშ, სოციალურად ფუნქციურია და ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში იგი უბრუნდება საზოგადოებას და არა აქვს ის პრობლემები, რომ ქუჩაში ნარკოტიკების აღებ-მიცემობაში იყოს ჩართული და ოფიციალურად იღებს მისთვის საჭირო დოზას. ასეთ ჩანაცვლებით პროგრამებში დაახლოებით 3 000 ადამიანია ჩართული, კიდევ უფრო ცოტას სეუძლია მიიღოს სახელმწიფოსგან მკურნალობა, ხოლო დანარჩენს 50 000-დან, 10 ათასი სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩართული, ხოლო 40 ათასი ბედი ანაბარაა და სამართალდამცავების სამიზნე ხდება.
-კონკრეტულად, როგორი კატეგორიის ნარკომომხმარებლებისთვის არსებობს ზიანის შემცირების პროგრამა?
-ისეთ ნარკომომხმარებლებს რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა, სწორედ, მათთვის არსებობს ზიანის შემცირების პროგრამა, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს.  აღნიშნულს პროგრამაში ჩართული პაციენტები აგრძელებენ ნარკოტიკების მიღებას, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და რაც მთავარია, ისინი საშიშნი არ არიან საზოგადოებისთვის. მათ უკავშირდებათ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალურად გვყავს შერჩეული. Aამას გარდა, უკვე 15 წელიწადია, რაც არსებობს ჩვენი ორგანიზაცია და უკვე გვიცნობენ და თვითონაც გვაკითხავენ.

 -თქვენი ინფორმაციით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაახალგაზრდავდა?

 -კითხვა საინტერესოა, თუმცა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რამეთუ, ჩვენთან არ მოდიან ახალბედა ნარკოტიკების მომხმარებლები, არამედ ჩვენი ბენეფიციარები უკვე  წამალდამოკიდებული ადამიანები არიან, ასაკითაც არ არიან ახალგაზრდები.  საერთოდ, თავიდან ყველა დამწყები ნარკომომხმარებელი ფიქრობს, რომ მას წამალდამოკიდებულება არ გაუჩნდება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ნებისმიერი ნარკოტიკის ხშირი მოხმარება შემდგ ჩვევაში გადადის და ტანდათანობით დამოკიდებულები ხდებიან.

 -როგორ ფიქრობთ, ძალისმიერი გზები და მკაცრი სანქციები ნარკოტიკების მომხმარებელთა  რიცხვს შეამცირებს?

   საერთოდ, როცა საუბარია დეკრიმინალიზაციასა და  კანონის ლიბერალიზაციაზე, ზოგჯერ არასწორად იგებენ  და იყენებენ ამ ორ ცნებას. ზოგი ამბობს რომ თითქოს, რომ ნარკოტიკების მოხმარებას არავითარი ზიანი არ მოაქვს და ეს მისი უფლებაა გაიკეთებს თუა არა, ასევე, იმასაც ამბობენ, რომ ღამის კლუბებში სადაც დასაშვებია ნარკოტიკულის საშუალებების ყიდვა და მიღება, ეს თითქოს დასაშვებია იმ მუსიკალურ მიმდინარეობასთან ერთად, რომელსაც იქ უსმენენ. სამწუხაროდ ასე ფიქრობს ზოგიერთი ახალგაზრდა. სხვათაშორის, ერთ-ერთმა ნარკოლოგმაც დადასტურა, რომ კლუბებში რა მუსიკასაც უკრავენ იმისი თანმხლებია ნარკოტიკული ნივთიერებები. რახან ასეთი მუსიკალური მიმდინარეობა არსებობს, რომელსაც ნარკოტიკული თრობა სჭირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დასაშვებია და არავის არ აღელვებ.
პრობლემის შესახებ მეორე მოსაზრებაც არსებობს: თითქოს ნარკოტიკების მომხმარებელს თუ არ დასჯიან ეს გამოიწვევს მათი რაოდენობის ზრდას, გაიზრდება  ნარკო მოვაჭრეების რიცხვი და ა.შ. არსებობს შიში იმისა, რომ დაუსჯელი დარჩება კრიმინალი და დეკრიმინალიზაციას აიგივებენ ლეგალიზაციასთან, რაც არასწორია.  ფაქტია, რომ ნარკოტიკების მოხმარება ცუდია და მისი რეგულარული მოხმარება იწვევს წამალდამოკიდებულება  ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენებით. Mმას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს ნივთიერება აზიანებს ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას, ანგრევს ადამიანურ ურთიერთობებს, შრომისუუნაროს ხდის მას და ა.შ. რაკი ეს დაავადებაა მას სჭირდება არა დასჯა, არამედ მკურნალობა-რეაბილიტაცია და არა ციხე. ამიტომ მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის. Nნარკომომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ მკურნალობა და ცხოვრების წესის შეცვლა. ამ დაავადების არსია ნარკოტიკების მიღების დაუძლეველი სურვილი.

 -არსებობს ასეთი არგუმენტი, როცა მოხდება  კანონის ლიბერალიზაცია  და მოიხსნება აკრძალვები გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, თქვენ ასე არ ფიქრობთ?

 -როგორც დარვინის თეორიაშია, მოხდება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი. თუ ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა და პირადი მოხმარებისთვის ადამიანს არ დააჯარიმებენ და ჩასვამენ ციხეში. თავიდან  ასეთმა თავისუფლებამ ცნობისმოყვარეებში, შესაძლოა პრაკტიკულად გაზარდოს მომხმარებელთა რიცხვი, მაგრამ ნივთიერებაზე დამოკიდეულება ზუსტად იმდენს გაუჩნდება, რამდენსაც დღეს აქვს. დეკრიმინალიზაცია უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. უცხოეთის გამოცდილებით, მაგალითად, 100  ადამიანიდან მარიხუანას სინჯავს 80, აქედან მის მოწევას აგრძელებს 20, მძიმე ნარკოტიკზე გადადის 10, მაგრამ დამოკიდებულება უყალიბდება 8 მომხმარებელს. ასე რომ ,100 –დან საბოლოოდ ჯამში, 8% ნარკოტიკებით დაავადებული ადამიანი მივიღეთ. როგორც წესიEაქ მოქმედებს აღზრდა, გენეტიკური  და სოციაცური ფაქტორი... პირველ ეტაპზე, მომხმარებელთა რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ წამალდამოკიდებულთ არაოდენობა იქნება იმდენივე, რამდენიც ახლა არის. კატასტროფა არ მოხდა.

      -ქალბატონო დალი, უცხოეთის რომელი ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა ახალი კანონპროექტი?

        -პორუტგალიის მაგალითზე, სადაც ძალიან კარგი შედეგები აქვთ, თავიდან იქაც მოიმატა, მაგრამ თანდათან დარეგულირდა და მკვეთრად შემცირდა მომხმარებელთა რიცხვი. ჩვენ ვემხრობით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს და არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები ერთ აზრზე ვართ; ასევე, შემოგვიერთდნენ უფლება დამცველი ორგანიზაციები. ერთი სიტყვით, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა და შექმნა ეროვნული პლატფორმა – ნარკოპოლიტიკის რეფორმისთვის. ყველა პროფესიული თემი, სამედიცინო წრეები და კომპეტენტური სპეციალისტი გაერთიანდა ერთ აზრზე დგანან. ასე რომ, აქ შეცდომა გამორიცხულია.

     -კანონპროექტის განხილვა როდის დაიწყება?

     -პარლამენტის შასაბამისმა ბიურომ, აკაკი ზოიძის წარდგინებით, კანონპროექტი მიიღო განსახილველად, რომელზეც საშემოდგომო სესიის დროს იმსჯელებენ.  ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არა აქვს, ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ციხეში ნარკომანს ვერ გამოვაჯარმრთელებთ, იქედან როცა გამოდის ის მაინც ნარკოტიკს უბრუნდება. ნარკომომხმარებლების დიდი ჯარიმები და ციხეში გამოკეტვა არაჰუმანური საქციელია. სასჯელი დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.
                 
                                 ესაუბრა მზია გოგოძე






No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...