Thursday, 11 October 2018

ახალი წიგნი

     სულის საზრდო მკითხველისთვის


             ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა მართლაც საამაყოა ამ ორი ერის ისტორიაში. სასიხარულოა, ის ფაქტი ქართულ-ებრაული მეგობრობა იუნესკომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ, ჩვენი  ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს მუდმივი  და მჭიდრო კონტაქტი აქვთ  საქართველოსთან. ერთ-ერთი მათგანია სახელგანთქმული ექიმი და შესანიშნავი პოეტი გია მოშიაშვილი. ბატონი გია დაიბადა  და გაიზარდა ქუთაისში, სამედიცინო განათლება კი, რუსეთში მიიღო. მშობლიურ ქალაქში, წლების მანძილზე პაციენტების ჯანმრთეობაზე ზრუნავდა და წარმატებული კარიერიერაც ჰქონდა. ამჟამად კი, ისრაელში ცხოვრობს და მოღვაწეობს. არის ფსიქოთერაპევტი წმიდა სერაფიმ საროველის სახელობის ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში.
           



,,მრავალწერტილი’’-ასე  ეწოდება  გია მოშიაშვილის ახალ პოეტურ კრებულს, რომელიც ქუთაისში გამოიცა და რომლის რედაქტორია ფილოლოგი ია სულაბერიძე. წიგნში თავმოყრილია პოეტის ბოლო დროინდელი ლექსები, რომლის თემათიკა მრავალფეროვანია. კრებულში იხილავთ პატრიოტულ, ფილოსოფიურ, ლირიკულ ლექსებს, ასევე იგავებსა და მინიატურებს. თითოეული ლექსი და პოეტის გამოძერწილი სტრიქონები ასახავს ავტორის შინაგან სამყაროს, განწყობას; წერს წუთისოფელის ამაოებაზე,  ჩვენს ერებს შორის მეგობრობაზე, საქართველოზე  და მისი სიყვარულის ამოუცნობ ფენომენზე... პოეტი კითხულობს:



,,რა არის  სული ქართული, ნეტავ ვინ ახსნის ამასა?
იქნებ ღრუბელი ფერდობზე, რომ ეფერება ვენახსა,
იქნებ  ფესვები მიწა-წყლის, შერწყმული ქართულ ენასა,
იქნებ მფარველი, რომელსაც ვეძახით ქართლის დედასა,
უფალი ყოვლის შემქმნელი გვაერთიანებს ყველასა...
რა არის სული ქართული, ნეტავ ვინ ახსნის ამასა?’’...

  წიგნი ,,მრავალწრტილი’’, თავისი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, მკითხველთა ყურადღების არეალშიც მოექცევა და პოეზიის სამყაროში თვალსაჩინო ადგილს დაიმკვიდრებს. გია მოშიაშვილის შრემოქმედება გამოირჩევა მხატვრული სიტყვაკაზმულობით, თვითმყოფადი ხელწერით, სადაც აირეკლება სამყაროს მისეული ხედვა, შინაგანი განწყობა, ინტელექტი  და ქართული სული...
   ავტორი ამბობს:  ,მოგზაურობა გრძელდება.. ზუსტად ამიტომ ვაგრძელებ ,,მრავალწერტილს’’ – მრავალწერტილით ასახულს მეორე კრებულში, როგორც პირველის გაგრძელებისა’’….. და აქვე დასძენს ,,გეპატიჟეით ჩემს სუფრაზე და გამომაქვს თქვენს სამსჯავროზე ჩემი ვაზის ნაჟური, მასპინძლობა და თამადობა! მრავალჟამიერ! მოგზურობა გრძელდება’’…..
     წიგნი ,,მრავალწერტილი’’ გამოირჩევა არამარტო მხატვრული ოსტატობით, არამედ მაღალი პოლიგრაფიული დონით და იგი შესანიშნავი საჩუქარია გემოვნებიანი მკითხველისთვის და პოეზიის მოყვარულთა საზოგადოებისთვის.
             
                                                                                      მზია გოგოძე






No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...