Sunday, 2 October 2016

განათლება

                         ,,ჩემი სკოლა – სიბრძნის გასაღებია’’

   
   ახალ სასწავლო წელს დიდი სიხარულითა და იმედებით შეხვდნენ, აჭარის ულამაზეს კუთხეში შუახევში, სოფელ ცხემლისში. სოფლის სკოლა, მართლაც გამოირჩევა სწავლის ხარისხით, პედაგოგთა პროფესიონალიზმითა და მოსწავლეების მომზადების მაღალი დონით. აქაური კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, კვლავ მშობლიურ კერას უბრუნდებიან და ღირსეულად განაგრძნობენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებს.
  ცხემლისის საჯარო სკოლის ახალი შენობა, რამდენიმე წელიწადია რაც აშენდა და ამ ფაქტმა, დიდად გაახარა სოფლის მოსახლეობა, რადგან ბავშვებს კომფორტულ და თანამედროვე ინტერიერით აღჭურვილ გარემოში  უწევთ სწავლა-განათლების მიღება. სკოლის დირექტორი გახლავთ უაღრესად ერუდირებული, თავისი საქმის პროფესიონალი და კეთილშობილი პიროვნება მერაბ ბოლქვაძე. იგი, პროფესიით მათემატიკოსია და ამ სოფლის მკვიდრია. უყვარს თავისი კუთხე და სიამაყით ყვება თავისი სოფლის მთა-ბარზე, ტრადიციებზე... ბატონ მერაბს  ცხემლისელები  პატივსცემენ  და აფასებენ როგორც კარგ პედაგოგს, შესანიშნავ დირექტორსა და ღირსეულ მამულიშვილს. დაე, ყველა ისეთი პატრიოტი იყოს როგორიც ბატონი მერაბი გახლავთ.
 მერაბ ბოლქვაძე:
- ჩემი სკოლა – მადლის დედა და სიბრძნის გასაღებია... მეამაყება, რომ ჩვენი სკოლის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციები განაპირობა უნატიფესმა ფოლკლორმა და ეთნოგრაფიულმა ყოფამ. სოფლის ულამაზეს ბუნებას კიდევ უფრო ამშვენებს, 2 აათსი წლის წინანდელი სალოცავების ნანგრევები და ბზის ბუჩქები, ნიშნად იმისა, რომ აჭარაა პირველი ქრისტიანული კუთხე საქართველოსი. როგორც ჩვრნმა პატრიარქმა ილია - || ბრძანა:  ,,კურთხეულ არს აჭარა, სადაც პირველად დაინთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქცა განმანათლრბლად სრულიად საქართველოსი’’. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ტრადიციულად სოფლის ახალგაზრდებთან ერთად, ყოველი წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. რიტუალი ასეთია: შეიკრიბებიან და გვანცას მთაზე ადიან - ბიბლიის,  ,,ქართლის ცხოვრების’’ და ,,ვეფხისტყაოსნის’ თანხლებით. ახალგაზრდები წმიდა წიგნზე ფიცულობენ და საქართველოს მაცხოვარს ავედრებენ.
      ცხემლისის სკოლის მესვეურებს კარგად გვაქვს გაცნობიერებული,  რომ განათლება დიდი მადლია და ის, ერთადერთი გზა წინსვლისა და წარმატებისა. ჩვენი სკოლა კი, ის ადგილია, სადაც ცოდნისა  და სამშობლოს სიყვარული სუფევს.
  მოკლე ისტორიული ექსკურსი: ცხემლისში პირველი დაწყებითი სკოლა 1931-1932 წლებში გაიხსნა და პირველი მასწავლებელი იყო ოზურგეთელი ახალგაზრდა პედაგოგი – ავთანდილ სიხარულიძე. 1964 წელს კი, რვაწლიანი სკოლა გაიხსნა და მისი დირექტორი გახლდათ ღვაწლმოსისლი პიროვნება აკაკი ქათამაძე. აი, ასე ნელ-ნელა მივიწევდით წინ..
  ამჟამად, სოფელს ამშვენებს მშვენიერი სკოლის შენობა, რომელიც 2005 წელს აშენდა. სკოლა დაკომპლექტებულია შესანიშნავი პედაგოგებით, რომლებიც არიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. სწორედ, ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, რომ ცხემლისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
  ესენია: ირინე აბუსერიძე, რაული და ავთანდილ ბოლქვაძეები, სოფიკო ბრეგვაძე, მარინე დუმბაძე, ნინო მოსიძე, ნატო, მზევინარ, ელდარი, აკაკი და რევაზი ქათამაძეები, ზურაბ შარაშიძე, ციური და ნუგზარი ციციანები.  სკოლას ჰყავს ძალიან კარგი ადმინისტრატორი და საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტი ელდერ ქათამაზე, რომლიც თავდაუზოგავად იღწვის პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის. ასევე, დადებით შეფასებას იმსახურებენ სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე, სპორტის მასწავლებელი ზურაბ აბაშიძე და მისი მოადგილე,  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წარმატებული პედაგოგი მარინე დუმბაძე.
  ჩვეენს სკოლაში სულ 43 მოსწავლეა. აქედან ბევრი წარჩინებულია გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს: გოგიტა ბერიძე (რომელიც მშვენიერ ლექსებს წერს), სალომე ბერიძე, ცოტნე ბოლქვაე, ნინელი და მიგელი დუმბაძეები, ნიკა და გიგა კილაძეები, გიორგი, დიანა და ცოტნე მგელაძეები, ანუკი და თორნიკე მჟავანაძეები, მარი მიქელაძე, გოჩა ქათამაძე და არმაზ ციციანი.
 საგულისხმოა, რომ სკოლაში ხშირად იმართება შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური ღონისძიებები. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ ოლიმპიადებში და კონფერენციებში, საიდანაც სიგელებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.
  ჩვენი მიზანია ვიყოთ ერთ-ერთი სანიმუშო საგანმანათლებლო- სასწავლო დაწესებულება და აღვზარდოთ წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებიც გამოადგებიან არამარტო ჩვენს სოფელს, არამედ მთელ საქართველოს.
გვჯერა, ასეც იქნება, რადგანაც ბატონი მერაბი სიტყვის კაცია – სიტყვისა და საქმისა.
       
            მზია გოგოძე
გაზეთი ,,სახალხო განათლება+''
 

განათლება

                                        ცოდნის და ზნეობის ტაძარი

             ნიკო ბაგრატიონის  სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, რადგან სასწავლებლის ასი კურსდამთავრებული, უმაღლეს სასწავლებელში მაღალი შეფასებებით ჩაირიცხა.
  14 სექტემბერს, აქ მართლაც საზეიმო განწყობა სუფევდა. მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ლიცეუმის დირექტორმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, ბავშვები  დალოცა  და წარმატებები უსურვა მამა ალექსანდრემ, მოსწავლეებს ასევე, მიესალმნენ საქართველოს თავად-აზნაურთა დარბაზის ხელმძღვანელმა ვაჟა აბაშიძემ, ამერიკაში მცხოვრებმა ქართული დიასპორას წარმომადგენელმა სალომე მელიქიშვილმა, თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა შოთა ჩხეიძემ,  ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა სერგო ვარდოსანიძე და სხვებმა. ღონისძიებაზე, ქალბატონმა იამ წარმატებული მოსწავლეები: საბა ხიმშიაშვილი, მარიამ მგელაძე და სხვები დააჯილდოვა და მათ გადასცა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ალმანახი ,,სამეფო’’.  ზეიმი დასრულდა ლიცეუმის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული გალობით, რომლის ხელმძღვანელია ბექა ხუციშვილი.

 - ,,რწმენა, ოჯახი, სკოლა და წარმატებული მოსწავლე ‘’– ასეთი გახლავთ დევიზი ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა - ლიცეუმისა, რომელიც გამორჩეულია დედაქალაქში არსებულ სასწავლო დაწესებულებებს შორის და რომელიც ზრუნავს არამარტო განათლებაზე, არამედ მოზარდების პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე.
  საგულისხმოა, რომ ლიცეუმი დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქის  ილია || -ის ლოცვა კურთხევითა და პატრონაჟით. იგი, უკვე ათი წელიწადია ფუნქციონირებს და ლიციანტები ყოველთვის წარმატებით აბარებენ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართულ ენასა და ლიტერატურას. გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური და რუსული ენები.
 ქალბატონი ია ძალ ღონეს არ იშურებს იმისათვის, რათა ლიცეუმი იყოს ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო დაწესებულება. მას თითოეულ ლიციანტთან განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს. იგი, განსაკუთრებულ შეღავათს უწევს მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილთა ოჯახის შვილებს. aსევე ირჯებიან ფირექტორის დირექტორის მოადგილეები: გიორგი ჩხიკვიშვილი და ზაზა ჩიქოვანი.
    დირექტორმა  განსაკუთრებული  სიამაყით აღნიშნა, რომ  ლიცეუმის მე-11 კლასის მოსწავლის საბა ხიმშიაშვილის  მიერ დაწერილმა ესსემ ,,იყიდება საქართველო’’, განდაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და იგი გამოქვეყნდა ალმანახში.
 აღსანიშნავია, რომ ლიცეუმში მაღალი რანგის პროფესიონალი პედაგოგები მოზარდებს უღვივებენ ლტოლვას კითხვისადმი, აცნობენ ქართული კულტურის, ისტორიის უნიკალურ მიღწევებს. მართალია, ლიცეუმს საკუთარი შენობა არა აქვს, მაგრამ ეს სწავლის ხარისხს დაბლა არ სწევს. სიახლეა ის, რომ  4-5 წლის აღსაზრდელთათვის გაიხსნა საბავშვო ბაღი – სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამით.
  სკოლა-ლიცეუმი გამოირჩევა იმითაც, რომ აქ მოზარდებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან და  მათ უღვივებენ  ეროვნულ-ქრისტიანულ მრწამსს. მოსწავლეები გამოირჩევიან ქცევის კულტურით, ზრდილობით, არ ეწევიან სიგარეტს და მისდევენ ჯანსაღ ცხოვრების წესს. ლიციანტებს ჰყავთ მოძღვარი და ყოველ პარასკევს ტარდება ზეთისცხება და ბავშვების განწმენდის რიტუალი სულიერად და ზნეობრივად; აქ დამკვიდრებულია სახარების, კატეხიზმოს, ,,ვეფხისტყაოსნის’’ პროგრამები; ასევე, ისწავლება ეტიკეტი, ჭადრაკი, სამბო, კალიგრაფია, გალობა და ქართული ცეკვა. ლიცეუმში 1 - 6 კლასის მოსწავლეებისთვის, წლიურ გადასახადში შედის კვება, გაკვეთილების მომზადება. ფუნქციონირებს  გახანგრძლივებული ჯგუფი.
  როგორც ქალბატონმა იამ აღნიშნა: აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოზარდებმა კარგი განათლება მიიღონ. სურვილი გვაქვს, რომ ლიცეუმი ბავშვებისთვის იყოს პატარა ოაზისი, ცოდნის, რწმენის და ზნეობის ტაძარი. გვინდა რომ აღვზარდოთ მომავალი ჯანსაღი და განათლებული თაობა, რომელიც საქართველოს მოუვლის და  სწორი გზით წაიყვანს, განაგრძობს ტრადიციებს და გაუ
ფრთხილდება ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.

          მზია გოგოძე
გაზეთი ,,სახალხო განათლება +''

Wednesday, 15 June 2016

პოლიტიკა

  ,,ეროვნული ფორუმის’’ გზავნილი ამომრჩეველს



                  მოახლოებულ არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება პარლამენტის წევრი და ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.

 -ქალბატონო ანი, ,,ეროვნული ფორუმი’’ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩვნებში, ეს დიდი გამოცდა და პასუხისმგებლობაა, რა შედეგს ელოდებით?

  -ეს გადაწყვეტილება, დიდი ფიქრის შემდეგ მივიღეთ... ჩვენ არამარტო ვიმსჯელეთ, არამედ დავითვალეთ და შეიძლება ითქვას, ,,ინვენტარიზაცია’’ გავაკეთედ ჩვენი შესაძლებლობების. ასევე, გადავამოწმეთ, კიდევ ერთხელ, იმ ადამიანების პოზიციები და განწყობები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ გამარჯვებისთვის ბრძოლაში, დაწყებული 2006 წლიდან დღემდე. ამ ყველაფრის შეფასების, გადაფასების და შეჯერებული პოზიციის შემდეგ, გავიტანეთ საკითხი ყრილობაზე და ამის შემდეგ, გადაწყდა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ კოალიციურ რეჟიმში ,,ეროვნულმა ფორუმ-‘’მა თავისი გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა; ამასთან,  პარტიას უკვე აქვს იმის  შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალები დამოუკიდებლად გამოსცადოს. ასევე, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს და რა რაოდენობის ამომრჩეველი გვყავს. ასე რომ, პარტიამ უნდა იცოდეს მისი რეიტინგი, რომელიც იზომება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების დროს. ჩვენ გვექნება მკაფიო გზავნილები ამომრჩევლისთვის.

 -თქვენი პარტიის ახალი ინიციატივაა - საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა.. როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო?

-მიგვაჩნია, რომ დღეს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა სასამართლოში და არა იმიტომ, რომ იქ არის მურუსიძე, თუმცა, ეს კიდევ სხვა პრობლემაა, ზოგადად, სისტემაში რთული სიტუაციაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ ადეიშვილის ,,ჯიბის სასამართლოს’’ რეფორმირება, რომლის დროსაც გადაწყვეტილებები მის კაბინეტში იწერებოდა და შემდეგ, ამას მოსამართლეები ახმოვანებდნენ.. დღეს კი, რეფორმირების მიუხედავად, მაინც არის ხარვეზები. ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ,,ეროვნულ ფორუმს’’ მიაჩნია, რომ სისტემა ჩაიკეტება და ქაოსი შეიქმნება, ამას  კი მოსახლეობის პროტესტი მოყვება. ამიტომ, სასამართლო უნდა გადავარჩინოთ ახლა და მოსახლეობას ვთავაზობთ ჩვენს ხედვას.

-კონკრეტულად?

 -ჩვენი კონკრეტული ხედვა ასეთია: მოსამართლეები, პირველ და მეორე ინსტანციაზე უნდა იყვნენ არჩეულები მოქალაქეების მიერ. მაგალითად, 1017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა რეგიონებისა და თბილისის რაიონული მასშტაბით.

-მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყანაშიც არსებობს?

-რა თქმა უნდა, თუმცა,  პირდაპირ მორგებული და სტანდარტული არ არის.. უახლოეს პერიოდში, საქართველოში,  მოსამართლეებს სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა გაუვათ და შემდეგ სამუდამოდ დაინშნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა, ქვეყანაში არ იქნებ უზრუნველყოფილი. მოსახლეობას კი,  საშუალება არ მიეცემა ეს მახინჯი პრაკტიკა რაიმეთი შეცვალოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიდრე ჯერ კიდევ, შესაძლებელია, მოქალაქეებს შევთავაზოთ არჩევანის საშუალება, რათა თვითონ აირჩიოს ისეთი პიროვნება, ვისაც ანდობს სამართალს. ვინაიდან, სამართალი ანდო ადამიანს, ეს არის დიდი პასუხისმგებლოც, მაღალი ლეგიტიმაციაც და ჩართულობაც.. თუ გვინდა, რომ სასამართლოში იყოს ობიექტური მოსამართლე, მაშინ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოდ.

-რაც შეეხება სხვა პროგრამულ შეთავაზებებს..… რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა?

- ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გავმართვას, სადაც წარმოდგენილი იქნება, ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოგვარების ჩვენეული ხედვა. ჩვენს წინადადებებს, ფართო განსჯისთვის ვთავაზობთ საზოგადოებას და მზად ვართ, ნებისმიერი  არგუმენტირებული შენიშვნა გავითვალისწინოთ. ,,ეროვნულ ფორუმს’’ აქვს თავისი ხედვა ქვეყნის ფუნქციასთან და მის როლთან დაკავშირებით, მის უსაფრთხოებასთან მიმართებაში როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ამის შემდეგ შეგვვიძლია დავასკვნათ, თუ როგორ მიდის ,,ეროვნული ფორუმი’’ 8 ოქტომბრის არჩევნებზე.

-,,ეროვნული ფორუმი’’ პარლამენტში, მხოლოდ ზოგადი განცხადებებით... გამოირჩევა..

-ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ჩევნი ხედვების საზოგადოებისთვის გაცნობა.. პარტიას საინტერესო წინადადებები აქვს ტერიტორიული მთლიანობის, საფინანსო და საგადასახადო კუთხითაც..

-თქვენმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, თავისი მოუზომავი კომენტარებით არაერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია... თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით? 

-თქვენ არ მოგეწონათ, გუბაზ სანიკიძის კომენტარი, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით?

-ქალბატონო ანი, საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონა და არც მე ვარ გამონაკლისი... ასევე, თავის დროზე, მოსახლეობაში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გუბაზ სანიკიძეზე ფარულმა ჩანაწერმა... საინტერესოა, თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით?

-დავიწყოთ იმით, რომ გუბაზ სანიკიზე თავად არის ფარული ჩანაწერების მსხვერპლი და ეს, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ბნელ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რაგდან ადამიანებს საკუთარ ,,სამზარეულოში’’ უსმენდნენ. თუმცა, ეს სხვა თემაა. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ადამიანმა შეიძლება რაღაც თქვა, მაგრამ რეალურად, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია, არავისთვის ფული არ წაურთმევია, არვინ დაუზიანებია და ქვეყნისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, ,,ეროვნული ფორუმის’’ არცერთ წევრს არავისი ვალი არა აქვს. ცალკე სალაპარაკო თემაა ეს გახმაურებული ამბავი, მაგრამ თუ იმასაც შევაფასებთ, რომ ეს ადამიანი მოიქცა თუ არა ისე..… ვფიქრობ, ყველა ადამიანი, საკუთარი ქმედების მიხედვით უნდა შეფასდეს. პოლიტიკოსი კი, საკუთარი განცხადებების გაკეთების დროს, ყურადღებით უნდა იყოს... რაც შეეხება ყოფილი პრემიერის წერილის შეფასებას, გუბაზ სანიკიძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს მას დაუწერეს გარემოცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბატონ ბიძინას არ აწვდიან სწორ ინფორმაციას - ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, რაშიც აბსოლუტურად, ვეთანხმები. არადა, ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა ხდება ქვეყანაში  და ინფორმაციულ ვაკუუმში არ უნდა იყოს. საწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილობს, ეს არის რეალობა. ასეთ დროს, რთულია არ გააკეთო სწორი შეფასება და თქვა, ყველაფერი კარგად არის. არადა, ყველამ კარგად იცის, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში და რა პერსპექტივა აქვს, თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასე რომ, გუბაზ სანიკიძიმ, განცხადება გაკეთა ივანიშვილის გარემოცვის მისამართით და თქვა, რომ ასეთი ტიპის წერილები ყოფილი პრემიერის სახელით არ უნდა ქვეყნდებოდეს. ვფიქრობ, ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია, პირიქით დამაფიქრებელი...  მიმაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი, რომელსაც საზოგადოებაში დიდი რეიტინგი აქვს, არ უნდა იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში. ეს კი, იწვევს გაუცხოებას საზოგადოებისა და ადამიანის, რომელსაც დიდი ნდობა აქვს და რომელსაც გაჰყვა მოქალაქეების უმრავლესობა, 2012 წლის არჩევნებზე. აი, სწორედ ეს  ღნიშნა გუბაზ სანიკიძემ და გამოყენებული სიტყვების გაშიფვრა არ უნდა დავიწყოთ.. თუ, მაინც და მაინც, გვინდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე,  უნდა ეთქვა: ,,საშუალო დონის თამადის დაწერილია’’ ან ,,უნიჭო ადამიანის დაწერილია’’ .. ეს, შეფასების საკითხია..

-ვის მიიჩნევთ თქვენს მთავრ კონკურენტად?

-ჩვენი პარტნიორი არის ხალხი, ხოლო კონკურენტია ყველა პოლიტიკური ძალა, ,,ნაციონალები’’-სა და მასთან დაკავშირებული პარტიების გარდა. ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ ჩვენ, ვერ გვექნება ჯანსაღი კონკურენცია, რადგან იგი არის წარსულის პარტია და დღეს, ამ რაოდენობითაც არ უნდა იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი...

-ეროვნული ფორუმი ამბიციური სახელია, რა გააკეთა თქვენმა პარტიამ ეროვნული თვალსაზრისით?

-ჩვენ, არც ერთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი არ დაგვიტოვებია რეაგირებისა და მკაფიო განცხადებების გარეშე. ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია მკაფიო პოზიცია, მაგალითად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არაფერი არ იქნება კარგად, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა. ,,ეროვნულ ფორუმს’’ მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ქვეყნის უსაფრთხოება არის, საქართველოს ფუნქციის დაფიქსირების საკითხი რეგიონში. სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია. ამისათვის კი, ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიურად ძლიერი, წელში გამართული და რაც მთავარია,  დაცული უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია....

- ფორუმის საგარეო კურსი როგორია?

-ჩვენ, ყვოველთვის მიგვაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ უალტერნატივო გზა არის -  საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და არა შესვლა. ჩვენ ისტორიულად, ევროპული ოჯახის წევრი ვართ. საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული მსოფლიო ისტორიისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს თავისი ბუნებრივი ოჯახი, საიდანაც ხელოვნურად გამოგლიჯეს. ამიტომ, ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება, აუცილებლად მოხდება.. ალტენატივა არა აქვს კურსს, რომელიც ჩვენ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში.

 -კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება, მისი დივიდენტები, ჯერჯერობით, მხოლოდ მამამისის სახელია.. თქვენს გუნდთან ერთად,  რა მიზნები გაქვთ მომავალში, საქართველოს საკეთილდღეოდ?

-კახა შარტავა პოლიტიკიდან არ წასულა და ისევ, აქტიურ პოლიტიკაში შემოდის. ჩვენ, როდესაც კოალიციაში ვიყავით, მან ერთადერთმა თქვა უარი ყველანაირ თანამდებობაზე და გადაწყვიტა პარტიული საქმიანობის გაგრძელება და საკამოდ წარმატებით, რადგან შეინარჩუნა მრავალრიცხოვანი პარტია. იგი, საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია და არის ჩვენი სარჩევნო სიის პირველი ნომერი. კახა შარტავა, იქნება იმ პოლიტიკური პროცესების ხელმძღვანელი, რომელსაც საარჩევნოდ ,,ეროვნული ფორუმი’’ ჩაატარებს..

- ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას გვეტყვით, გავრცელდა ინფორმაცია, მისი პოლიტპატიმრად ცნობის შესახებ?

-არა, ეს არ არის სიმართლე. აქ საუბარი იყო, სასამართლო პროცესების დროს, არსებულ ხარვეზებზე, კონკრეტულად, მის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ჩემთვის არაფერს არ ცვლის, რადგან ვანო მერაბიშვილი არის დამნაშავე და იყო მონაწილე იმ რეჟიმისა, რომელიც ერჩოდა საკუთარ ხალხს, არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, ადამიანი, რომელიც გვამებს ითხოვდა და ამაში პრემიებს არიგებდა და ა.შ. ჩემთვის იყო, არის და იქნება დამნაშავე, რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და როგორი კითხებიც არ უნდა იყოს, გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ჩემთვის ის არის ცალსახად, მაგრამ ასევე, ცალსახად არ უნდა დაირღვეს მისი უფლებები, პატიმრობის დროს.

-,,ეროვნული ფორუმის’’ პროგრამულ ნაწილზე ისაუბრეთ, მაგრამ რაც შეეხება სიებს და მაჟორიტარებს.. რა ნიშნის მიხედვით აკომპლექტენთ სიებს?

- ეს საკითხი, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დედაქალაქის და რაიონების მასშტაბით, 20 მაჟორიტარ კანდიდატთან დაკავშირებით და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ, მალე გავაცნობთ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც დაიცავენ ეროვნული ფორუმის ინტერესებს - სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რაც შეიძლება ბევრი წარმატებული და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანი იყოს ჩვენს გვერდით. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ საქართველოში იწყება სრულიად ახალი ეტაპი.

-ქალბატონო ანი, რა ეტაპს გულისხმობთ?

 -ჩვენ უნდა ჩავატაროთ რევოლუციური არჩევნები... საერთოდ, ვთვლი, რომ 2012 წელსაც არ იყო ჩვენთან არჩევნები დემოკრატიული.. 2013-14 წლებში, ჩვენ მოვახერხეთ, მეტნაკლებად, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება... 2016 წლის არჩვენების მიმართ, საკმაოდ მაღალი ინტერესია. ჩვენ უნდა გავაკეთოდ განაცხადი, ვთქვით  თუ არა უარი ჩამორჩენილობაზე, სადაც იგულისხმება ქვების სროლა, გაყალბება და ა.შ. სწორედ,  8 ოქტომბერს გავიგებთ, მზად არის თუ არა ქვეყანა  საფუძველი ჩაუყაროს დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ადამიანებს აღარ მოპარავენ არჩევანს, აღარ მოახდენენ მასზე ზეწოლას და არავის არ გაუჩნდება კითხვები, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.…
     
   
                 ესაუბრა  მზია გოგოძე

ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''


Sunday, 12 June 2016

პოლიტიკა

  ჩვენი კურსი –პროქართულია

 ,,თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის’’ – ასეთია სახელწოდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის დამფუძნებელია პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური. პარტიის  ამოცანებსა და სამომავლო პერსპექტივებზე თავად ბატონი თამაზი ისაუბრებს.
       
  - ბატონო თამაზ, რა მიზნით დააფუძნეთ პარტია და როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები?

 -ჩვენი პარტიის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა.  იმისათვის, რომ ხალხმა  აგვირჩიოს, მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა უნდა შევთავაზოთ - იმ ძირეულ სახითხებზე, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს..

 - რატომ გაემიჯნეთ ,,ქართულ ოცნებას’’ ?

-,,ქართულ ოცნებას’’  გავემიჯნე იმიტომ, რომ მისი საგარეო კურსი, ვფიქრობ, არასწორია.

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- კერძოდ, ეს ეხება ევროატლანტიკურ ალიანსთან მის დამოკიდებულებას და მიმართებას. ,,ქართულ ოცნებას’’ მიაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ნატოში და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია....

-თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ?


-მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება არის ილუზია და ალიანსში შესვლის არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია.  ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები და  იგი ოკუპირებული აქვს რუსეთს. აფხაზეთის და ოსეთის გარეშე, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, არ არის ხალხის არჩევანი. ასეთ სიტუაციაში ნატო არ მიგვიღებს, რადგან ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მას მოუწევს რუსეთთან საომარი მოქმედებების წამოწყება, რასაც არცერთი ქვეყანა არ დაუშვებს.

 -თქვენ გამოირჩევით სკანდალური განცხადებებით... საინტერესოა, როგორია თქვენი პარტიის კურსი: პროდასავლური, პრორუსული თუ ნეიტრალური?

 -ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული კურსი… ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ინტერესების უზენაესობა.  სხვა დანარჩენი, ეს იქნება ურთიერთობა ნატოსთან თუ ევროკავშირთან,  უნდა იყოს საშუალება და არა მიზანი. საშუალება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და მისი ტრადიციების შენარჩუნებისათვის. ამ გზაზე კი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოდ ყველა მხარესთან, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხების გადაწყვეტა და ხელშეწყობა, მათ შორის რუსეთთან... გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიების დაბრუნება, ამ უკანასკნელთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. ომით და ძალისმიერი მეთოდებით კი, ეს გამორიცხულია.

-ბატონო თამაზ, ,,ქართულ ოცნების’ სხვა ყველაფერი მოგწონდათ?

 -სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ შეასრულა ის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას და იგი, თავიდანვე გახდა კოჰაბიტაციის ტყვე. ეს თავმოხვეული იყო უცხოეთიდან – რესპუბლიკელების მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ კოჰაბიტაციამ შეაფერხა სამართლიანობის აღდგენა..  სწორედ, ამის შედეგია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სააკაშვილის რეჟიმი, სამართალი დღემდე ვერ იპოვეს.  იმ პერიოდში, 300 ათასი პრობაციონერი იყო და მრავალ ადამიანს, უკანონოდ წაართვეს ქონება..… სამწუხაროდ, მათთვის სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ის ჩინოვნიკები კი, რომელთა ხელმძღვანელობით უსამართლობა ხორციელდებოდა, დაუსჯელია.

-თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ ბატონ ბიძინასთან კონსულტაციის შემდეგ შევქმნი პარტიასო ანუ იგი თანახმა იყო, რომ  ასეთი პარტიის შეგექმნათ?

-ბატონ ბიძინასთან მქონდა კონულტაციები და შევძელი, რომ  დამერწმუნებინა. ჩემს აზრს აქვს არსებობის უფლება, მე ჩემი შეხედულება მაქვს, ბიძინას თავისი, მაგრამ პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებას.

-ვის მიიჩნევთ კონკურენტად არჩევნებში?

-ყველა პარტია კონკურენტია, ვინც არჩევნებში მონაწილეობს…..

-რითი ხართ გამორჩეული სხვა პარტიებისგან?

-გამოვირჩევით იმით, რომ ჩვენი კურსი  ცალსახად, არის პროქართული და ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან და პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესი უზენაესია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი მთავარი მიზანია: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 -ცნობილი სახეები, სხვადასხვა სფეროდან, რა ნიშნით გაერთიანდნენ თქვენს პარტიაში?

 - თავისი პოლიტიკური  მოღვაწეობით და ზოგადად, დამსახურებით ქვეყნის წინაშე.. მათი უმრავლესობა, 2012 წლამდეც  უსამართლობას ებრძოდა და დღემდე ასე აგრძელებს.  მათთვისაც მისაღებია ჩვენი საგარეო კურსი და მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხერხდა და საჭიროებს მეტ ძალისხმევას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ქართულ ოცნებაში’’, დამსახურების მიხედვით არ ხდებოდა პარტიის წევრების წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას საკმარისზე მეტი რესურსი გააჩნია, მაინც ,,გარედან’’ შემოყჰავდათ პოლიტიკური ლიდერები, რაც ნონსენსია.

 - რა შანსები  აქვს  თქვენს პარტიას არჩევნებში?

 - მოსახლეობას თუ სწორად მივაწვდით ჩვენს ხედვებს და საარჩევნო კამპანიას ნაყოფიერად წარვმართავდ, საკმაოდ სერიოზულ შედეგს მივიღებთ.  იმედია, შევძლებთ ისეთი წარმომადგენლობით მოსვლას ხელიუფლერბაში, რომ ჩვენს გარეშე, ვერცერთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხება.

 - ყრილობის ჩატარებას როდის გეგმავთ?

 -ყრილობას უახლოეს მომავალში ჩავატარებთ. მოგეხსენებათ, ახლახან დავაფუძნეთ პარტია და ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. ჯერ არ გვაქვს ოფისები,  ჩამოსაყალიბებელია რაიონული და რეგიონული სტრუქტურები და ა. შ.

-ბიზნესმენ ლევან ვასაძეთან თუ აპირებ თანამშრომლობას?

-არ გამოვრიცხავ ლევან ვასაძესთანაც გვქონდეს კონულტაციები...

- რას იტყვით ნაციონალების რევანშზე?

-მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი გზით, ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ გააჩნიათ. ასე რომ, ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბების მოტივით, იგივე სცენარის გამეორებას, რაც გააკეთეს 2003 წლის არჩევნების შემდეგ და რაც მოხდა უკრაინაში, მაიდანზე. უმრავლეობაში მოვა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვის, კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე ,,ქართული ოცნება’’. 

-ბატონო თამაზ, რა არის საქართველოთვის ყველაზე დიდი პრობლემა?

-ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

-როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი?

-ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, ერთი მხრივ, საფრთხის შემცველია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელიუფლება მოახერხებს სტრატეგიული მდგომარეობის სწორად გამოყენებას და ასევე, საკუთარი  და სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებას,  მათ შორის, რუსეთისაც, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნება.მოგეხენებათ, რომ ამ უკანასკნელს არ სურს ჩვენს ტერიტორიაზე, მითვის მტრული სახელმწიფოს სამხედრო ბაზების განთავსება. ასევე, გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების ინტერესები, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთიდან ევროპისკენ გაზისა და ნავთობის მიწოდებას, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ირანს და სომხეთს სჭირდებათ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, რომლიც საქართველოს გავლითაა. ყურადსაღებია, ჩინეთის დიდი პროგრამაც, რომელიც აბრეშუმის გზის აღდგენას გულისხმობს და საქართველოს გარეშე ვერ განხორციელდება... თუ ამ ყველაფერს სწორად გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება ეს ქვეყნები გახდნენ გარანტი იმისა, რომ ჩვენთან იყოს სტაბილურობა და დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა, რამეთუ, მათი ინტერესების უსაფრთხოება  იყოს უზრუნველყოფილი.

                    მზია გოგოძე
ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

Saturday, 14 May 2016

დიზაინერი

         
                                                       
                       
    ჩემთვის  მთავარი  ინდივიდუალიზმია

               

             თბილისში, მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებაზე, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ორიგინალურმა ხელნაკეთმა აქსესუარებმა, დახვწილი დიზაინით შექმნილმა ყელსაბამებმა და სხვა სამკაულებმა, რომლის ავტორია დიზაინერი ნანა ჩხეიძე. იგი პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში ცოტა ხნით იმუშავა, რადგან თვლის, რომ  მედიკოსობა მისი მოწოდება არ არის და აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს......

   ნანა ჩხეიზე:  ბავშვობიდანვე სულ ვხატავდი და ჩემთვის სხვადასხვა ნივთებესაც ვაკეთებდი. მშობლები მედიცინის მუშაკები არიან და სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, თუმცა, ჩემს საყვარელ საქმიანობას ყოველთვის ვაგრძელებდი....

  -ნანა, როდის დაინტერესდით დიზაინერის პროფესიით?
 
 - დიზაინერობა ყოველთვის მინდოდა... სკოლის პერიოდში, პარალელურად სამხატვრო სასწავლებელშიც ვსწავლობდი და ჯერ კიდევ, იქ დავიწყე ტანსაცმლის ესკიზებზე მუშაობა, სულ ვხატავდი სხვადასხვა სტილის კაბებს და აქსესუარებს...  ვემზადებოდი  სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ მშობლების დაჟინებული თხოვნით, მოულოდნელად შევიცვალე გადაწყვეტილება და საბუთები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შევიტანე და ჩავირიცხე სტომატოლოგიის ფაკულტეტზე.

 -პირველად რომელი სამკაული შექმენით?

 -დაახლოებით, ოცი წლის წინ დავიწყე სამკაულების შექმნა.... სკოლა რაც დავამთავრე, მას შემდეგ ჩანთა არ მიყიდია, სულ ჩემს ხელნაკეთ ჩანთას და აქსესუარს ვხმარობ, ასევე, ერთი პერიოდი ვმუშაობდი პოპ-არტზეც...

 - თქვენს კოლექციაში, ძირითადად, რომელი აქსესუარი სჭარბობს?

 -ჩემს კოლექციაშია სხვადასხვა აქსესუარებია: ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები ჩანთები, ბეწვის და ტყავის ბროშები, ქამრები, ზარდახშები, საეკლესიო ნივთები და სხვა.

 -ნანა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბავშვობიდანვე ხატავთ, ფერწერული ნამუშევრე3ბი თუ გაქვთ?

 -რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, სულ ვხატავდი.. ხატვის ვიჭი მამისგან გამომყვა. მაქვს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ძირითადად  ვხატავ აკვარელში. ასევე, შექმნილი მაქვს სხვადასხვა ჭედური კომპოზიციები და თხუთმეტი რელიგიური ნახატი... დიდი სურვილი მაქვს ხატწერა შევისწავლო და იმედია, მომავალში ამ ოცნებას ავისრულებ.

 -ტანსაცმლის დიზაინზე თუ მუშაობთ?

 -ბოლო წლებია ამ კუთხით აღარ ვმუშაობ, თუმცა, წლების წინ საქორწინო კაბებისა და ფეხსაცმლის დიზაინს ვქმნიდი...

  -ნანა, თქვენს შემოქმედებაში, ძირითადად, რას ანიჭებთ უპირატესობას?

 -ჩემი შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა – ინდივიდუალიზმი და საკუთარი ხელწერა. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობ. ეს არის - ტყავის მოხატვა საღებავებით და ტყავის დამუშავება – ჩემეული ტექნოლოგიით. ხშირად, საკუთარი გრაფიკული ნამუშევარიც ტყავზე გადამაქვს. ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ასევე, ფერადოვნება და ფერთა შეხამება...





 -კოლექციის შექმნისას, უმეტესად, რომელ ფერს იყენებთ?

-უფრო მეტად, პასტელურ ფერებს ვანიჭებ უპირაეტსობას. არ მიყვარს შავი ფერი, მას ძირითადად, ჩანთებისა და ფეხსაცმლის დიზაინის შექმნისას ვიყენებ, აქსესუარებისთვის კი, ნაკლებად. ვფიქრობ, ბუნება იმდენად მრავალფეროვანია და გარშემო იმდენი ლამაზი ფერი არსებობს, როგორ შეიძლება ის არ გამოვიყენოთ?... მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი შემოქმედი მაინც ბუნებაა.

 -ნანა, თქვენ გეკუთვნით ყელსაბამების კოლექცია, რომელიც წელიწადის დროების  მიხედვით შექმენით...


 -კი ასეა, მაქვს ყელსაბამები, რომელიც წელიწადის დროებს შეესაბამება. კოლექსიაში ფერები გამოყენებულია სეზონის მიხედვით. მაგალითად, ერთ-ერთ ყელსაბამს ვუწოდე ,,გაზაფხული’’, რომლის შექმნასაც ერთი კვირა მოვანდომე. ყელსაბამისთვის ბევრი ფერი გამოვიყენე და მისი ჰარმონიაში მოყვანა არ იყო ადვილი, თუმცა, დასრულებული სახით ძალიან საინტერესო გამოვიდა და დამთვალიერებლებსაც ძალიან  მოეწონათ. ასევე, შევქმენი ყელსაბამები რომელსაც ,,ზაფხული’’, ,,შემოდგომა’’ და ,,ზამთარი’’ ვუწოდე. ეს უკანასკნელი სულ თეთრ ფერში გავაკეთე და ერთ-ერთმა აფრიკელმა ქალბატონმა შეიძინა.

 -აქსესუარების შექმნისას, ძირითადად, რა მასალას იყენებთ?


 -სხვადასხვა მასალას, ძირითადად, ნატურალურ ტყავს, ბეწვს, ზამშეს, ბუნებრივ ქვებს, სადაფს, ხის და ლითონის დეტალებს, ძველ მონეტებს...

 -ძალიან ლამაზი ბეჭდების კოლექცია გაქვთ, ისინი რომელიმე დიზაინის ანალოგიით შეიქმნა?

 -არა, რა თქმა უნდა. ბეჭდების დიზაინი ჩემი გემოვნებით შევქმენი. Mსაერთოდ, ხელოვანი ადამიანი სულ ძიებაში უნდა იყოს. მე დროთა განმავლობაში, სულ სიახლისა და იდეების  ძიებაში ვარ, როგორც ზემოთ გითხარით, ძალიან მიყვარს ფერთა შეხამება და ლამაზი სამკაული... ასე შეიქმნა ჩემი  ტყავზე მოხატული ბეჭდების კოლექცია,  ლითონის დეტალებითა და სხვადასხვა ბუნებრივი ქვების გამოყენებით.

 -თქვენს კოლექციაში სულ რამდენი სამკაულია?

 -საკმაოდ ბევრი... ახალი კოლექცია კი, შეიქმნა თბილისის მოდის კვირეულისთვის, რომელიც ნოემბერში გაიმართა. უნდა გითხრათ, რომ კვირეულზე ჩემმა აქსესუარებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე გაიყიდა კიდეც...  ბეჭდები და სამაჯურები, ძირითადად, მამაკაცებმა შეიძინეს  - საჩუქრად ქალბატონებისთვის.
                                                                                                       
 -დიდ დროს ანდომებთ აქსესუარების შექმნას?

 -ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებ... მთავარია იდეა მოვიდეს და მერე უკვე ვმუშაობ იქამდე, სანამ არ დავასრულებ ნამუშევარს. ჩემი ყველა სამკაული ერმანეთისგან განსხვავებული და ორიგინალურია. ყოველთვის, ვცდილობ ისეთი სამკაული შევქმნა, რომ ქალბტონებისთვის მოსაწონი და სასურველი იქნება.

 -ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენაზე თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

 -რასაკვირველია... ჯერ-ჯერობით მქონდა ორი პერსონალური გაოფენა... ასევე, ჩემი კოლექცია წარმოდგენილი ოყო გალერეა ,,ვაჩეში’’, ,,მუზაში’’, ,,მეტეხში’’ და ა. შ. ასევე, შემოთავაზება მქონდა ეპანეთიდან და გერმანიიდან - გამოფენაზე მონაწილეობს მისაღაბად, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე წასვლა.. უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ, ჩემი შექმნილი ტყავის საამკაულები და სხვა აქსესუარები

 -ნანა, როგორც ვიცი თქვენ წერთ ლექსებს, გვიამბეთ ამის შესახებ?

 -წერა ძალიან მიყვარს... ვწერ ლექსებსაც და ჩანახატებსაც. უახლოეს მომავალში ვაპირებ  მოკრძალებული კრებულის გამოცემას, რომლის პრეზენტაცია შედგება ჩემს პერსონალურ გამოფენაზე.

 -ამჟამად, თუ ქმნით ახალ კოლექციას?

 -ამჟამად, ვმუშაობ ახალ  კოლექციაზე, რომელსაც სულ მალე შევთავაზებ ქალბატონებს. კოლექციის სახელწოდებაა: ,,იფრინე ტყავის ფრთებით’’, რომელიც რომანტიკოს და მეოცნებე მანდილოსნებს  მივუძღვენი. აქ იქნება წარმოდგენილი ყელსაბამები – ფრთებისმაგვარი ვარიაციებით...  აღნიშნული კოლექციის შექმნის იდეა წამოვიდა  მთავარანგელოზის ფრთებიდან.. ერთხელ დიდხანს ვუყურებდი, ,მთავარანგელოზის’’ ხატს რომელსაც უზარმაზარი ფრთები აქვს და  მაშინ გამიჩნდა სურვილი ეს ფრთები ჩემს ნამუშევარში ამესახა. იმედია, ჩემი ახალი კოლექცია ქალბატონებს ძალიან მოეწონებათ.

                 მზია გოგოძე
ჟურნალი ,,ქართული ელიტა''  12 თებერვალი, 2012 წელი

Friday, 15 April 2016

საქართველოს რესპუბლიკა 2013-05-02
პროსტიტუცია და საბედისწერო განსაცდელი
პროსტიტუცია უძველესი პროფესიაა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. მეძავები საქართველოშიც მრავლად არიან. პროსტიტუციის მორალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, სექს-ინდუსტრია ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგიც კი გამოიწვიოს. საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული არასდროს ყოფილა, რადგან ამ პრობლემისადმი საზოგადოებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
გავესაუბრედ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი გალდავას.

 - ბატონო გიორგი, მეძავები ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით. ამ პროფესიის წარმომადგენლები, პერიოდულად მაინც არ იტარებენ სამედიცინო გამოკვლევას.

 - სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის და ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს, აქედან გამომდინარე, რისკ-ჯგუფებში პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ტარდება. საბჭოთა პერიოდში კომერციულ "სექს-მუშაკებს", იძულების წესით ათავსებდნენ დახურული ტიპის სტაციონარებში, რომელიც თბილისში და ქუთაისში არსებობდა და იქ უტარებდნენ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მაგრამ საქართველოში და, ზოგადად, მთელს მსოფლიოში ამ საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. პირველ ეტაპზე წამოიწია ადამიანის უფლებების დაცვამ, ამიტომ იძულების წესით მათი მკურნალობა გამორიცხულია, მით უმეტეს, სამედიცინო მომსახურება ფასიანია...

- რომელი გადამდები დაავადებებია უფრო გახშირებული.

- ჩვენს კლინიკაში აღირიცხება ეს დაავადებები. უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა, პირიქით, ზოგიერთი დაავადება უფრო მეტად გახშირდა. მაგალითად, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია და სიფილსი და, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა - შიდსიც....

- რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად, პაციენტები მეგობრების რჩევით მკურნალობენ. თქვენ პაციენტები როგორ მოგმართავენ.

- დღეს, რახან მკურნალობა ფასიანია, პაციენტები ექიმის გარეშე, თვითმკურნალობას მიმართავენ, მეგობრის ან ნათესავის "გამოცდილების" გათვალისწინებით. ამას ხელს უწყობს სამკურნალო საშუალებების სატელევიზიო და ბეჭდვითი რეკლამა, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა, სააფთიაქო ქსელის მუშაკთა მიერ მკურნალი ექიმის კომპეტენციაში ჩარევა, უფრო ხშირად ფარმაცევტებისა და პროვიზორების რჩევით დანიშნული ანტიბიოტიკები ...
მსგავსი ტიპის მკურნალობა, რა თქმა უნდა, არაეფექტიანია... ძალზედ ხშირად შესაძლოა გართულებებიც გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ჩვენმა დაწესებულებამ ადგილმდებარეობა შეიცვალა. ბევრმა არ იცის, რომ დერმატო-ვენეროლოგიური კლინიკები გაერთიანდა და ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებიდან გადავიდა ახალ, თანამედროვე ტიპის შენობაში, დიღომში, ლუბლიანას ქუჩა #5-ში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ჩვენთან ყველანაირი პირობაა მაღალი დონის გამოკვლევებისა და სათანადო სამკურნალო თერაპიის. არაპროფილურ დაწესებულებებში - თერაპიულ, უროლოგიურ და გინეკოლოგიურ კლინიკებსა და განყოფილებებში კი, ძალიან ხშირად მცდარ დიაგნოზს სვამენ და მკურნალობაც არასწორად წარიმართება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი გინეკოლოგი, უროლოგი და რეპროდუქტოლოგი მცდარი დიაგნოზის საფუძველზე პაციენტებს ასევე მცდარად მკურნალობენ უროგენიტალურ ქლამიდიოზზე და სხვა ინფექციებზე. ამიტომ, პაციენტმა, მხოლოდ სპეციალიზებულ დერმატო-ვენეროლოგიურ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს...

- ამბობენ, რომ ქუჩაში მდგომი ქალების უმეტესი ნაწილი დაავადებულია...თქვენ, როგორც დერმატო-ვენეროლოგს, თუ გაქვთ კონტაქტი მათთან.

- როგორც უკვე ვთქვი, ადრე უფრო მჭიდრო კონტაქტი არსებობდა. იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანი იყო "სექს-მუშაკებში" და ჰომოსექსუალური ქცევის მამაკაცებში ვენერიული დაავადებების პრევენცია. მაშინ ამ პროგრამას მოცული ჰქონდა მთელი ქვეყნის ტერიტორია. ასევე, აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომა"... "სექს-მუშაკები" ჩვენთან მოჰყვდათ.

- ფაქტია, რომ პროსტიტუციით დაკავებული ადამიანები, დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებიან, მათ ხშირად აყენებენ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ყოველდღე დგანან და კლიენტებს ელოდებიან... რა აიძულებს ქალს ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმისკენ.

- "მეძავები", თავიანთი ცხოვრების წესს მძიმე სოციალურ პირობებს აბრალებენ, რომელთა შორის პირველ ადგილზე დგას მარტოხელა დედის ფაქტორი... ფაქტია, რომ მათ არა აქვთ სახარბიელო ცხოვრება, დგანან სიცივეში, ან პაპანაქება სიცხეში, წვიმაში და ელოდებიან ცლიენტს... პარტნიორები მეძავებს, ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, დაუცველ სქესობრივ კავშირს სთავაზობენ. როცა ასე გახშირებულია ვენერიული დაავადებები, დაუშვებელია მამაკაცმა წუთიერი სიამოვნების სანაცვლოდ, დაუცველი სქესობრივი კავშირი დაამყაროს "სექს-მუშაკთან". ასეთმა წუთიერმა სიამოვნებამ მას შესაძლოა უდიდესი პრობლემები შეუქმნას, ოჯახი დაუნგრიოს, ჯანმრთელობა შეურყიოს, ფინანსურადაც დააზარალოს.

- ადამიანი თუ დროულად არ მიაკითხავს ექიმს, რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ვენერიულმა დაავადებამ.

- სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება-იმპოტენცია და სხვა გართულებები. ეს არ არის მხოლოდ შარდსასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიები, მათი ფარული, ქრონიკული და ხანგრძლივი მიმდინარეობა ადამიანის მთელ ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას - კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა, მხედველობის, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა ორგანოების დაზიანებას. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი გადამდები ვენერიული დაავადება საბედისწერო შედეგების მომტანია და სიკვდილსაც კი იწვევს.

- თქვენ როგორც ექიმი, რა აზრის ხართ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე.

- პროსტიტუციის ლეგალიზაცია შეიძლება განვიხილოთ ორი მიმართულებით... ერთი მხრივ, ლეგალური პროსტიტუციის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ "ინდ-მეწარმეს", ანუ გადასახადის გადამხდელს - კომერციულ სექს-მუშაკს, რომელთაც ექნებათ ჩვეულებრივი პროფესია, სამუშაო საათები, ბიუჯეტში შესატანი ოფიციალური გადასახადი და ა.შ. ხოლო, მეორე მხრივ, მივიღებთ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც თითოეულ სექს-მუშაკს მოუწევს ვალდებულების აღება, რათა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. სამედიცინო თვალსაზრისით, ლეგალიზაციას დადებითი შედეგი ექნება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ნაკლებად გავრცელდება. არის მესამე მომენტიც... ტრადიციულ და ძირძველ მართლმადიდებელ ერს შეუძლია აღიაროს ასეთი "ბიზნესის" არსებობა. - რა თქმა უნდა, არა... რელიგიური თვალსაზრისით, ეს მიუღებელია...
საერთოდ, პროსტიტუციის ლეგალიზაცა დიდი პრობლემაა და იგი არ უნდა მოხდეს ეკლესიის, სპეციალისტების და კანონმდებლების გარეშე...

- არა მგონია, რომ საქართველოში მომუშავე "სექს-მუშაკს" დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე... უცხოეთში ამ მხრივ რა მდგომარეობაა.

- ამსტერდამი, ჰამბურგი, სხვა ქალაქები და ქვეყნებია ამ ბიზნესის თვალსაჩინო მაგალითი. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ბევრ სახელმწიფოში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და იქ არსებობენ ყველასათვის ცნობილი ქუჩები, უბნები, სადაც ვიტრინებში ან პირდაპირ საფეხმავლო ტერიტორიაზე გამოფენილნი არიან სექს-მუშაკები, რომლებიც კლიენტებს დაუფარავად, ყველას თვალწინ, მომსახურების ფასზე ევაჭრებიან... იქ სექსუალური კულტურაც მაღალია. მაგალითად, შვედეთში მინიმუმამდეა დაყვანილი სქესობრი გზით გადამდები დაავადებები. შვედეთის ხელისუფლება ყველანაირად ზრუნავს იმაზე, რომ მათთან მოსაზღვრე ქვეყნებიდანაც კი, არ შეაღწიოს ამ დაავადებებმა... ტაილანდში მეძავებს თვეში ერთხელ, ან ორჯერ უტარებენ კვალიფიციურ გამოკვლევებს, რათა მათი მომხმარებელი მაქსიმალურად დაიცვან ვენერიული დაავადებებისგან.
ჩვენს ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუჭრელ თავსატეხად რჩება პროსტიტუციის და ვენერიული დაავადებების პრობლემის მოგვარება, რაც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ერის გენოფონდზე.






ავტორი:  მზია გოგოძე

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...