„ვეფხისტყაოსანი“ – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“
ახლახან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში, შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ორკში დაბეჭდილი ინგლისურენოვანი წიგნის_,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ წარდგინება გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი და მწერალი გიორგი კეკელიძე. საღამოს ესწრებოდნენ წიგნის რედაქტორები, მწერლები, სამეცნოერო წრის წარმომადგენლები და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ წიგნის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი, შემდგენელი, ქართული ტექსტის რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორია დავით შემოქმედელი.
დავით შემოქმედელი: უზომოდ ბედნიერი ვარ. ახლახან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი წიგნი, სახელწოდებით _ ,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ გამოვიდა. წიგნი უსასყიდლოდ ინგლისურ ენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-ორკში მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობამ ,,, Nova Pablisher“_მა გამოსცა. წიგნის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი, შემდგენელი, ქართული ტექსტის რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორი მე გახლავართ. ქართული ტექსტი ინგლისურად თარგმნა მანანა დუმბაძემ. მადლობა, ქალბატონ მანანას, ასეთი რთული ტექსტის შესანიშნავი თარგმანისათვის. წიგნში დაბეჭდილია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების: ლუიჯი მაგაროტოს, ბერტ ბეინენის,სალი ნეველისა და ასევე აღიარებული ქართველი მეცნიერების : ელგუჯა ხინთიბიძის, გრივერ ფარულავას, ნოდარ ნათაძის, თამაზ ჭილაძის, მარიამ კარბელაშვილის, ლევან გიგინეიშვილის,ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ნესტან სულავას...(სულ 24 ავტორი), წერილები არა მხოლოდ ,,ვეფხისტყაოსანსა’’ და რუსთაველზე, არამედ რუსთაველის წინარე ეპოქის ქართულ ფილოსოფიაზე, მწერლობასა და კულტურაზე, რამაც მყარი ნიადაგი მოუმზადა რუსთაველის ფენომენს.. თითოეული წერილი არის ახალი, გამოუქვეყნებელი, რომლებიც ავტორებმა სპეციალურად დაწერეს აღნიშნული წიგნისათვის.
ქართულ-ინგლისური ტექსტის რედაქტორები არიან: რუსთაველის საზოგადოების მრჩეველი რუსთველოლოგიურ საკითხებში, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე და რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი,მაკა ელბაქიძე.
მადლობა გამომცემლობა ,, Nova Pablisher“_ის პრეზიდენტს, ნადია კულუმბუსს, რომელმაც უსასყიდლოდ გამოსცა ეს წიგნი.
საგულისხმოა, რომ წიგნი ამერიკული გამომცემლობის მიერ გადაეცა მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასევე ორგანიზაციებს, როგორიცაა: გოეთეს, სერვანტესის, შექსპირის, დანტესა და სხვა. AMAZON.COM_ზე კი ამჟამად იყიდება წიგნი.
სასიხარულო ფაქტია, რომ მოგვეცა საშუალება მსოფლიოში გაგვეტანა რუსთაველის სახელი. წიგნი წარდგენილი იქნება 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
,,ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" მაღალმხატვრული თარგმანისათვის, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრემიების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, მანანა დუმბაძეს გადაეცა დავით გურამიშვილის სახელობის პრემია.
აღნიშნული წიგნის განხილვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. კრიტიკოსების აზრით, ,,ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" გაცილებით ღირებული იქნებოდა, თუ მასში აისახებოდა რუსთველოლოგიის საუკეთესო მიღწევები. ამასთან დაკავშირებით წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკული გამომცემლობის მოთხოვნა იყო, რომ უნდა სახელმძღვანელოში უნდა მოხვედრილიყო მხოლოდ გამოუქვეყნებელი წერილები.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment