ქართულმა მწერლობამ სამწუხაროდ, თანდათან დათმო თავისი ისტორიული მისია, დაკარგა საზოგადოებრივი როლი და ვეღარ ასრულებს ერის სულიერი თუ ზნეობრივი წინამძღოლობის ფუნქციას. ლიტერატურული ცხოვრება სულაც არ შენელებულა, მაგრამ გაწყდა კავშირი მკითხველსა და მწერალს შორის... და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც გვყავს შესანიშნავი პოეტები და პროზაიკოსები, რომელთა დუმილიც კი, საოცრად ავსებს და აკეთილშობილებს ქართულ ყოფიერებას.... სხვა პრობლემაა ისიც, რომ სათანადოდ არ ფასდება მწერლის შრომაც, მათ არა აქვთ სოციალური მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მწერალთა ეროვნული აკადემიის არსებობას, რომელიც დაარსების დღიდან ცდილობს მცირეოდენი, მორალური მხარდაჭერა გამოხატოს ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანების მიმართ.
5 ივნისს მწერალთა სახლში, მწერალთა ეროვნული აკადემიის დარბაზის სხდომა გაიმართა, რომელსაც დამფუძნებლები და წევრები ესწრებოდნენ. სხდომას უძღვებოდა აღმასრულებელი დირექტორი, პოეტი ჯუბა ღებელი (ჯუმბერ გოგრიჭიანი), ხოლო მდივანი გახლდათ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაზეთ ,,სახალხო განათლების+’’ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე ზურაბ ქობალია.
სხდომაზე პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის - ბატონი თამაზ წივწივაძის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის - ბატონი ალექსანდრე გაბელაიას, აკადემიური საბჭოს წევრების, ბატონების - გენო კალანდიასა და ავთანდილ ჩხაიძის ხსოვნას.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აკადემიის ვიცე - პრეზიდენტი კობა არაბული, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე.
დარბაზში იყო საქმიანი კამათი, აზრთა გცვლა-გამოცვლა, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა, ჩამოყალიბდა ერთობლივი პოზიცია და დაისახა სამომავლო გეგმები. ითქვა, რომ ამ მღელვარე დღევანდელობის რკალში, აუცილებელია ხარისხიანი ნაწარმოებების პოლულარიზაცია, ასევე, მწერლების მხარდაჭერა, თანადგომა და რაც მთავარია, დაფინანსების წყაროს მოპოვება.
ჯუბა ღებელი: ათსაჯერ მითქვამს და ისევ ვიმეორებ... მწერალთა ეროვნული აკადემია არ შექმნილა მწერალთა კავშირის საპირისპირო ორგანიზაციად... პირიქით, აკადემია უნდა ყოფილიყო სწორედ მწერალთა კავშირის წევრ და არაწევრ პროფესიონალ მწერალთა გაერთიანება, რომლის პრეზიდიუმში მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობაც მოიაზრებოდა. ის, რომ ჩვენს ისტორიულ მწერალთა კავშირში ყველაფერი რიგზე არაა, ეს მათ თავადაც კარგად იციან... არც ისაა დასამალი, რომ ახლადშექმნილ მწერალთა ეროვნულ აკადემიაშიაც ვერ ავიცილეთ თავიდან რიგი უხერხულობანი... სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მაშინ ჩვენ არა თუ ვერ შევრიგდით, არამედ მწვავე პოლემიკა გავმართეთ ორი სამწერლო გაზეთის გვერდებიდან, რასაც ახალგაზრდა თაობის ერთმანეთთან დაპირისპირებაც კი მოჰყვა. ასე აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ მწერლები ვართ, არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთო მიზანი, რომელსაც ქვეყნის, ერის გადარჩენა, მწერლობისთვის ისტორიული მისიის დაბრუნება ჰქვია.
კობა არაბული: არაფერია ყველაფერი, ყველაფერია- არაფერი..."- ასეა ესეც, ვნახოთ რა გამოგვივა, როგორ დაიცავენ მწერლები ერის საკრალურ სივრცეს, მის ისტორიულ ცნობიერებას მამულს, ენას, სარწმუნოებას, კულტურას...როგორ იმოქმედებენ სრულიად სხვა: ანომალიურ უცნობ დროში... მწერალმა წინასწარ უნდა დაინახოს ერის ბედისწერა და "იქადაგოს", გააფრთხილოს , რაიმე შეცვალოს! ხევსური ქადაგი იტყოდა: "შეიძლება ბედისწერის შეცვლა, ან გადადება სხვაგან, სხვა დროისთვის, თუ მას წინასწარ დაინახავ და განგებას ჩანაფიქრს (განზრახვას) მიუხვდებიო"..."_ვნახოთ, რას დავინახავთ" და რა გამოვა.??! გადადებს უფალი ჩვენ ბედისწერას?.
სხდომის წევრებმა განაახლეს აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომაზე ერთობლივი გადაწყვეტილებით, მწერალთა ეროვნული აკადემიის დარბაზის პრეზიდენტად აირჩიეს კობა არაბული. ასევე, გადაწყდა ჟურნალის გამოშვების საკითხიც, სადაც მკითხველი იხილავს ლიტერეტურული სიახლეებს, რეცენზიებსა და კრიტიკულ შეფასებებს.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment