რევაზ ინანიშვილის
დღე ხაშმში
,,მე სოფლის განაპირას - ვენახებში და ივრის ჭალებში გავატარე ჩემი ბავშვობა და იმ წყალ-ჭალის ხმები დღემდე მომდევს ცოდვა და მადლად‘‘, - რევაზ ინანიშვილის ამ სიტყვებით და ფოტოსურათით დამშვენებული ბანერი ალამაზებდა საგარეჯოს რაიონის ხაშმის საჯარო სკოლის ეზოს, სადაც მწერლის ხსოვნის უკვდავსაყოფად რევაზ ინანიშვილის დღე აღინიშნა. მას ესწრებოდნენ - მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები, მწერლები, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები, ხაშმის მოსახლეობა...
ღონისძიება უკვე მეოთხე წელია ტარდება და, სამწუხაროდ, რევაზ ინანიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის აშენების საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია. თუმცა ინანიშვილების ეზოში, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით და ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, მუზეუმისთვის ერთი ოთახის მოწყობა და მემორიალური სივრცის მოწყობა უკვე დიდი ხანია დაიგეგმა. როგორც გავიგეთ, ხარჯთაღრიცხვაც შედგენილი ყოფილა. ახლა მთავარია, საგარეკჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ დროულად აქციოს სიტყვა საქმედ.
ღონიძიების დაწყებამდე, ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მწერლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც დაესწრნენ: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - შოთა კაკაბაძე, ალექსი გილაშვილი, კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
„სულის პური” უწოდა აკაკი ბაქრაძემ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს, რომლებიც აგებულია თითქოს შეუმჩნეველ ამბებზე, მაგრამ დიდ ადამიანურ სიკეთეზე... რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში ბევრი ტკივილი და ტრაგედიაა, უმთავრესი კი მაინც სიკეთე, სიყვარული და ოპტიმიზმია.
მწერლის ღვაწლზე, მის შინაგან თვისებებსა და დიდსულოვნებაზე ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, მისმა მეგობრებმა: ცისანა კვინტრაძემ, ნათელა არველაძემ, თამარ შაიშმელაშვილმა, ივანე ჯაფარიძემ, იოსებ ჭუმბურიძემ, თემურ ჩალაბაშვილმა, გივი შაჰნაზარმა და სხვებმა. მათ ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერლის მეუღლის, როზა ინანიშვილის ხსოვნას.
მწერლის შვილიშვილმა აკაკი ინანიშვილმა მადლობა გადაუხადა რევაზ ინანიშვილის დღის დაარსების მესვეურთ და დამსწრე საზოგადოებას - მწერლის ხსოვნის პატივგებისთვის.
როგორც ღონისძიების წამყვანმა გიორგი ფარეშიშვილმა აღნიშნა, რევაზ ინანიშვილი და მისი სამყარო ასოცირდება დიდ ფასეულობებთან და სიკეთესთან. აკი წერდა კიდეც: ,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამონაკვესის ცდაა“ - აგროვებდა გაბნეულ სიკეთეებს და შემდეგ უხვად ურიგებდა მკითხველს...
მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონიძიებას სისადავის ელფერი დაჰკრავდა, ეს იყო მოგონებების, გულთბილი შეხვედრის საღამო, რომელსაც ამშვენებდა მუსიკალური ნომრები.
ღონიძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები - ,,ჩინარი“ და ,,ბერიკაცები“, საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრის პატარა მსახიობები და სოფ. ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ნაწყვეტები მწერლის უკვდავი მოთხრობებიდან. სტუმრებზე, განაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მე-5 კლასის მოწავლის ლაშა მამუჩიშვილის გამოსვლამ, რომლის ემოციურად წაკითხულმა რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,დედამ ‘‘ ყველას ცრემლი მოჰგვარა.
საღამოზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადასცა რევაზ ინანიშვილის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურს ,,მირანდუხტის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს: ნინი ბუზარიაშვილს, ნუცა გაგნიაშვილს და ეთო ცხვარიაშვილს.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია გადასცა ანსამბლ ,,ბერიკაცებს“. ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭათ ანსამბლის წევრებს: შალვა ბორაშვილს, ნიკო გიგოშვილს და იგორ სორდიას, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ქართული ხალხური სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ქართული მწერლობის ქომაგის წოდება მიენიჭა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსს არჩილ ჯაბადარს, თანამედროვე ქართული მწერლობის თანადგომისა და ხელშეწყობისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს არაოფიციალური გაგრძელება მოჰყვა. დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს ღირსეული მასპინძლობა გაუწია რევაზ ინანიშვილის დღის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ღირსეულმა ქართველმა ბესიკ ღვინაშვილმა.
მინაწერი: - ხაშმში, რევაზ ინანიშვილის ხსოვნის დღე მეოთხედ, როზა ინანიშვილის გარეშე აღინიშნა. ყველანი ველოდებით რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნას... იმედია, გაისად მაინც საგარეჯოს რაიონი შეასრულებს დაპირებულ სიტყვას - დაიმედებულმა თქვა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამფუძნებელმა, პოეტმა და ჟურნალ „ანეულის“ მთავარმა რედაქტორმა თამარ შაიმელაშვილმა. ღმერთმა უსმინოს, პირობა შესრულდეს და სამომავლოდ, რევაზ ინანიშვილის ხსოვნის დღე მწერლის სახლ-მუზეუმში ვიზეიმოთ.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment