Friday, 31 March 2017

ჯანმრთელობა

                                  ისუნთქე თავისუფლად

         ,, თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და ღსრულების მხარდაჭერა საქართველოში‘‘- ასეთი იყო თემა კანონპროექტისა, რომლის პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვები.

          თამბაქო – გლობალური საფრთხე, რომლის მიერ გამოწვეული სავალალო შედეგების თავიდან აცილება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში გავრცელებული სტატისტიკური მონაცემები საგანგაშო ნიშნულს უტოლდება. სამწუხაროდ, თამბაქოს მოხმარებით, ყოველ წამს ერთი ადამიანი იღუპება, ყოველწლიურად კი, 6 მილიონი. საგულისხმოა, რომ თამბაქოს მომხმარებელთა უმეტესობა, განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობს. სოციალური, ეკონომიური თუ დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით, თამბაქოსგან თავისუფალი სივრცის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება, ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყანაში წამოწყებული თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია.

          ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი: - მოგეხსენებათ, თამბაქო – მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. თამბაქოს წინაარმდეგ გლობალური ბრძოლის ერთ-ერთი ინიციატორი გახლავთ, ნიუ იორკის ყოფილიმერი მაიკლ ბლურბერგი, რომელიც დიდ თანხას დებს ამ საქმეში, რისთვისაც სპეციალური გრანტი დააწესა.. ჩვენმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, უკვე მესამედ მოიპოვა აღნიშნული გრანტი და სერიოზულად ჩაერთო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალი კანონპროეტის მიზანია: ხელშემწყობი გარემოს შექმნა - თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და აღსრულების მექანიზმების დანერგვა საქართველოში. პროექტი, ეხება მარეგულირებელი ორგანოს მომზადებას და შესაბამის, საკანონმდებლო ტექნიკური ბაზის შექმნას. იმედია, საქართველოს პარლამენტი, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გაზაფხულზე დაამტკიცებს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, თამბაქოს კონტროლის ახალი სივრცის შექმნას ისახავს მიზნად და სხვადასხვა სახის აკრძალვებს აერთიანებს. კანონის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება. ასევე, ნებადართული არ იქნება ბანერებზე და სტენდებზე თამბაოს რეკლამირება. აგრეთვე, გამკაცრდება კონტროლი სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ახალი ინიციატივა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

     თამბქოს მოწევისგან თავის დაღწევა, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათშორის, სიგარეტზე ფასების ზრდა და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის კრძალვა, უდავოდ შეამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს მოსახლეობას: ,,თავს ვანებებ‘‘- ასე ეწოდება მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას, რომელიც მოწევაზე თავის დანებების მმართვის საშუალებას იძლევა. აპლიკაცია, ამერიკის კიბოს ინსტიტუტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელსეწყობით მომზადდა და მისი გამოყენება შეუძლიათ სმარტფონისა და ადროიდის მომხმარებლებს. თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა ნებისყოფა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი.

                                მზია გოგოძე
   

Monday, 6 March 2017

პოლიტიკა

                                                 სიმართლე უნდა ითქვას 
 
             
         მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ,,ქართული დასის’’ ლიდერი    ჯონდი ბაღათურია

   -ბატონო ჯონდი, როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას?

  -სამწუხაროდ, საქართველოში რთული მდგომარეობა და ბევრი  პოლიტიკური ,,ჭუჭყი'' ამოიტანა ზედაპირზე  ამ ვითარებამ,  ძალიან მძიმე სოციალური ფონია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. საგარეო ასპარეზზეც არასახარბიელო  სიტუაცია გვაქვს. ფაქტია, რომ არა აქვს სწორად ჩამოყალიბებული დიპლომატიური კურსი. ჩვენი დიპლომატები შემოიფარგლებოდა,  მხოლოდ იმ ტრაფარეტული და შაბლონური განცხადებებით, რომელსაც შეერთებული შტატების საელჩოდან იღებდნენ და  იქ ხელისუფლება რომ შეიცვალა, ეს ვერტიკალური  ხაზი მოირყა და  არ არის ცენტრალიზებული...

-ოთხი წლის შემდეგ, როგორ შეაფასებდით  ,,ქართული ოცნების’’ მოღცაწეობას?

-,, ქართული ოცნები-‘’ს შედეგები თვალნათელია და ,,ხელის გულზე’’ დევს. თუ გადახედავთ საინფორმაციო  ველს, როგორც ხელისუფლების კონტროლირებად, ასევე ოპოზიციურ არხებზე დავინახავთ თუ რა მძიმე სოციალ-ეკონომიური მდგომარეობა გაქვს, ეს კი ამ ოთხწლიანი მართველობის შედეგია. სამარცხვინოა, რომ ასეთი შეხმატკბილებული შეტევა აქვთ ყოფილ და ახალ ხელისუფლებას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ.. მახსოვს  2004 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ და ადგილობრივმა ,,სოროსელებმა’‘, ქვეყნის გარედან  ასეთი რეკომენდაცია მიიღეს: ლანძღეთ ეკლესია და სამღვდელოება პატრიარქის ქების ფონზე. ურჩიეს, რომ  ეკლესიის ავტორიტეტის შესალახად და დისკრიმინაციისთვის არ შეიძლება პატრიარქის ლანძღვა, რადგან ხალხი არ აგყვებათო. ასეთი დავალება მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამოქალაქო სექტორმა და ასეთი ფორმულით შეუტიეს ეკლესიას.. დღესაც იგივე გრძელდება. ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ გარედან ერთი და იგივე პატრონი ჰყავს ანუ უცხოეთიდან იმართება პროცესები.

–ბატონო ჯონდი, ამერიკის ფაქტორს გულისხმობთ?

–დიახ, რა თქმა უნდა...

 -ნაციონალების ორ ნაწილად დაყოფა და მათი რევანში რამდენად რეალურია?

 -ამ ეტაპზე, ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს არანაირი შანსი არა აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების. მათ გადატრიალების მოწყობის რესურსი,  მაგრამ არა აქვთ მთავარი – ავტორიტეტი და დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში.  ნაციონალებმა დიდი სიძულვილი დაიმსახურეს. სამწუხაროა, რომ ღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი, სულ უფრო ეცემა და მოსახლეობაში სიძულვილი ღვივდება. თუმცა, ეს სიძულვილი ჯერ ნაციონალებისას არ გათანაბრებია.. და თუ ასე  მოხდა და მესამე -ალტერნატიული ძალა არ გამოჩნდა, მაშინ მოსალოდნელი იქნება, ნაციონალების მხრიდან  ქვეყანაში სიტუაციის არევა. ჩემთვის დამაფიქრებელია,  საზოგადოების ანტაგონისტური დამოკიდებულება და აგრესია არსებული ხელისუფლების მიმართ, რომელიც თანთათანობით ყალიბდება.

  -კოჰაბიტაციის ავ-კარგზე რას გვეტყოდით?

  -ზოგიერთმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არასწორად გაიგო. კოჰაბიტაცია ნიშნავს ორი სხვადასხვა ძალაუფლების არსებობას და მათ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ჩვენთან კი, სახეზეა გარიგება ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის. დღეს, რაოდენობრივად ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ყოფილი ნაციონალია და ისინი იმიტომ გადავიდნენ ოცნებაში, რომ სააკაშვილის მთავრობა დაემხო. მათ  კი, ჭირდებოდათ ახალი ,,პატრონი’’, რათა თავიანთი ნაქურდალი ქონება შეენარჩუნებინათ.

 -თქვენი აზრით, ხელისუფლება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან რატომ იკავებს თავს, თუნდაც საკადრო პოლტიკასთან დაკავშირებით?

 -კარგ კითხვაა და ალბათ, ადრესატი ხელისუფლემაა, მაგრამ ჩემს აზრს მაინც გეტყვით... ,,ქართული ოცნება‘‘ როცა ხელისუფლებაში მოვიდა, მას ჰქონდა არჩევანი, რათა სწრაფი რეფორმები განეხორციელებინა და რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, პასუხისგებაში მიეცა ყველა დამნაშავე. ასევე, ჰქონდა მეორე არჩევანი: გარიგებეოდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას‘‘ და ბიზნესში წილები გაეყოთ... საბოლოოდ, ხელისუფლებამ გარიგება ამჯობინა, ყველა მონოპოლიურ ბიზნესში ჩაერთო და წილები გადმოიფორმა. ამის ნათელი დასტურია ბენზინის ბიზნესსა და ფარმაცევტულ კომპანიაში შექმნილი მდგომარეობა. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ,,სოკარი‘‘  ნაციონალური პარტიის  დამფინანსებელი იყო, მაგრამ მათ არავინ არ შეხებია. აი, ასეთი ბიზნეს გარიგებების გამო, ხელისუფლება არ წავიდა რადიკალურ ცვლილებებზე.

 - რას იტყოდით ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე? არის თუ არა ლიდერის პრობლემა საქართველოში?

   -ივანიშვილი არის გამოკვეთილი ლიდერი. მას აქვს გავლენა და შეუძლია მართოს- აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. თუმცა, რამდენად ეფექტურად მართავს ეს სულ სხვა საკითხია. ასე რომ,  ლიდერის პრობლემა არ არის, მაგრამ კადრების კი, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მართალია, ხელისუფლებაშიც არიან მაღალკვალიფიციური კადრებიც, მაგრამ ყველა არა.

   -ბატონო ჯონდი, ტელეკომპაბია ,,რუსთავი 2''- თან დაკავშირებულ სასარართლო პროცესზე რა აზრის ხართ?

    -თავის დროზე რუსთავი 2 წაართვეს ეროსი კიწმარიშვილს და იძულებით შეასყიდინეს ქიბარ ხალვაშს. შემდეგ,  სააკაშვილის და ხალვაშის გზები გაიყარა და მას წაართვეს კომპანია, მერე რამდენჯერმე მოხდა ტელევიზიის გადაყიდვა. რეალურად კი, ეს იყო ფიქტიური გადაყიდვები და გდაფორმებები... თუმცა, რუსთავი 2-ის მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი. ქიბარ ხალვაშის ბრძოლა სამართლებრივად, აბსოლუტურად დასაბუთებულია, თუმცა არისებობს კითხვები, თავის დროზე როცა სხვას წაართვეს და რაღაცაზე შეთანხმდნენ, ესეც არ იყო მართებული. ერთი სიტყვით, ეს არის ქონებრივი დავა მიხეილ სააკაშვილს, ქიბარ ხალვაშს და ჯარჯი აქიმიძეს შორის -,, რუსთავი 2''-ის მფლობელებაზე. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პომპონენტიც ჭარბად არის..

  -რა აზრის ხართ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე? თქვენი მოსაზრება ე.წ. ,,ციანიდის’’ საქმესთან დაკავშირებით?

  -როგორც უკვე აღვნიშნე, გარედან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, კვლავ გრძელდება შეტევა სამღვდელოებაზე. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ,  ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელიც ჩართულია საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვაში, მათ თავი ვერ შეიკავეს განცხადებების გაკეთებისგან. წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ამ ეტაპზე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ გამოცხადდეს, თუმცა, პროკურატურაზეც ვერ ვიტყვი, რომ იგი შეგნებულად ცილს წამებს. საერთოდ, პატრიარქის მოწამვლის მცდელობა, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და შესაძლოა გამოძიება ცდებოდეს. საზოგადოებამ სიმართლე  უნდა გაიგოს და ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს.

 -რატომ მიგაჩნიათ აუცილებლად ჩანაწერების გამოქვეყნება?

  - აუცილებელია, რადგან საზოგადოება გაერკვევა თუ რა ხდებოდა მის თავს და რამდენად სამართლიანია ბრალდება. თავისთავად ცხადია, რომ თუ დადასტურდა ფაქტი, დამნაშავე მარტო ვერ იმოქმედებდა.  მას მოკავშირეები ეყოლება როგორც ხელისუფლებაში, ისე ეკლესიის მაღალ იერარქიაში. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ბოლომდე ითქვას სიმართლე. დელიკატური ვითარებაა და საზოგადოებას ვთხოვ არ აჰყვეს ამ სიბინძურეს. ერთი არ ორი უღირსის გამო, ეკლესიის მიმართ რწმენა არ დავკარგოთ, ჩვენი ერის გამაერთიანებელი და ქართველების თავშესაფარი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და არ დავუშვათ, რომ ეკლესიის ავტორიტეტი შეილახოს.

                         ესაუბრა მზია გოგოძე

Saturday, 17 December 2016

გიორგი კეკელიძე

 


                                         გურულები და დანარჩენები...


  ,,მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი’’- ასე იწყება  ბოლო დროის ყველაზე პოპულარული წიგნი ,,გურული დღიურები’’, რომელიც წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა და რომლის ავტორია პოეტი და ესეისტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.  ჩვენი ინტერვიუც ბიბლიოთეკაში შენდგა. ჩემი რესპონდენტი ერთი შეხედვით უშუალო, გულწრფელი, თუმცა საკმაოდ თავშეკავებული და თვითდაჯერებული აღმოჩდა. თავდაპირველად, საუბარი  ჩვენს მშობლიურ  კუთხეზე - გურიაზე დავიწყეთ, შემდეგ კი ,,გურულ დღიურებზე’’.. ინტერვიუს მიზანიც ეს იყო...

-გიორგი, მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია, როგორ ოჯახში გაიზარდეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?
 -დავიბადე და გავიზარდე ოზურგეთში  ოთხმოციან წლებში, მაგრამ ცხადია, ჩემი მეხსიერება არ გულისხმობს იმ პერიოდს, რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი... ამ თვალსაზრისით ათვლა, ძირითადად,  90-იანი წლებიდან იწყება. დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში, ჩემი მშობლები მუშაოდნენ  ტიპიურ სამსახურებში, ხოლო ბებია და ბაბუა იყვნენ პედაგოგები და შესაბამისად, წიგნთან ახლო გარემოში მიხდებოდა ცხოვრება, რაც ერთი მხრივ, გარკვეული იძულებაც კი იყო იმისა, რომ მე დავახლოვებოდი წიგნს და წიგნიერ საამყაროს, მეორე მხრივ, ალბათ  მეც მქონდა რაღაც მიდრეკილებები. დრო იყო ძალიან რთული, 90- იანი წლები, მთელი თავისი ,,მომხიბვლელობით...’’ მე ეს ყველაფერი ,,გურულ დღიურებში’’ დაკვირვებისა და ანალიზის ფონზე არ გადამიტანია, რადგან მაშინ პატარა ვიყაავი, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტრავმული იყო ჩემთვის და თავისთავად,  წიგნის ფურცლებზეც აისახა..

 -როდის შექმენით პირველი ლიტერატურული ნაწარმოები?

  -პირველი ლიტერატურული ნაწარმოები სკოლაში ყოფნის დროს შევქმენი, თუმცა, ,,ოჯახური ლეგენდა” მომაწერს, რომ  პირველი ლექსი დავწერე 3 წლის ასაკში.
 ,,ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს
ქარია და ქარი,
ბავშვებო, არ გამოხვიდეთ,
არ გააღოთ კარი”.

  ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ბებიაჩემმა დაწერა და მე მომაწერეს. სერიოზულად კი, პოეზიით დავინტერესდი სკოლის ბოლო წლებში და სტუდენტობისას. პროზისკენ კი, მხოლოდ  ახლა ვდგამ ნაბიჯებს.

 -თქვენს შემოქმედებაზე რომელმა პოეტმა ან პროზაიკოსმა მოახდინა გავლენა?

 -თითქმის ყველა ქართველმა პოეტმა, რომელიც ითვლება დიდი და მნიშვნელოვან ავტორად. ეს გავლენები დღემდე რჩება ჩემში, რადგან არ არსებობენ ადამიანები გავლენების გარეშე. თვითონ ის ავტორებიც კი, არ არსებობენ გავლენების გარეშე, ადამიანები და ტექსტები, გარკვეულწილად, ერთმანეთის გამოძახილნი, საკუთარი ინდივიდუალიზმით ბუნებრივია...

-რამდენი წიგნის ავტორი ხართ?

-თუ სერიოზულ წიგნებს გადავხედავთ ( და არა იმას, რაც სიყმაწვილეში პატარა კრებულებად იკინძებოდა), გამოსულია ლექსების კრებული - ,,ოდები’’ და 2012 წელს მაი ლაშაურთან ერთად გამოიცა ალბომი: ,,მხატვრობა-პოეზია-მინიატურები’’, ასევე, პოეტური კრებული ,,2008-2013’’ და ესეების კრებული - ,,გურული დღიურები''.

 - წარმატება როდის მოვიდა, როდის გახდი პოლულარული?

 -ვერ გეტყვით რითი იზომება ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა. ეს ცოტა რთულად დასადგენი საკითხია და არა მგონია, რომ სუპერ პოპულარული ვიყო.. ისე ხალხმა უფრო გამიცნო მაშინ, როცა დავიწყე ელექტრონული ბიბლიოთეკის  Lib.ge -ს კეთება და  შემდეგ კი, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი.

 -თუმცა, მანამადეც გქონდათ ძალიან საინტერესო  საქმიანობა..

  -მართალია საინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ეს არ განაპირობებდა პოპულარობაას. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა  ჟურნალ-გაზეთებთან, ვუშვებდი ლიტერატურულ გაზეთს ჩემს მეგობარ ზაალ ჩხეიძესთან ერთად, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ელექტრონულ ბიბლიოთეკად  Lib.ge

 -რატომ გაგიჩნდათ ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის სურვილი?

 -ეს იდეა იმიტომ დამებადა, რომ  ვფიქრობ ელექტონული ბიბლიოთეკა ზოგადად, აუცილებელი ატრიბუტია განვითარებული ქვეყნისთვის. ელექტრონული საიტი 2006 წელს შევქმენით და ახლა უკვე, რეფორმირებას საჭიროებს და მალე ახალი ვერსია გაეშვება საიტზე.  ამჟამად,  რახან მე ეროვნულ ბიბლიოთეკააში ვმუშაობ Lib.geე -ს სათავეში უდგას  ზაალ ჩხეიძე.

 -თქვენ ბრძანდებით ლიტერატურული კონკურსის ,,საბა’’-ს ნომინანტი, რომელი ნაწარმოებისთვის მოგენიჭათ პრემია?

 -,,საბას’’ პრემია მომენიჭა 2008 წელს, ლექსების კრებულისთვის ,,ოდები’’, იგი შეაფასეს როგორც საუკეთესო დებიუტი. მაშინ 25 წლის გახდით და ეს მართლაც, მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჩემთვის. მისასალმებელია, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები არსებობს გარკვეულწილად, ეს ნამდვილად განაპირობებს ავტორის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.

 -თუმცა, ლიტერატურულ ხარისხს ვერ განსაზღვრავს მსგავსი ტიპის კონკურსები..

-გეთანხმებით, ლიტერატურულ ხარისხს კონკურსები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ, რადგან დამოკიდებულნი არიან ლიტერატურულ პროდუქციაზე... თუმცა, თქვენ თუ გულისხმობთ სუბიექტურობას და ობიექტურობას, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს პრობლემა.

-თქვენი ესეების კრებული - ,,გურული დღიურები’’ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელებში, ერთგვარ მოდად იქცა ფოტოს განთავსება წიგნით ხელში... საიდაან დაგებადათ იდეა დაგეწერათ  ,,გურული დღიურები”?

 - ეს განაპირობა სათქმელის სიმრავლემ, გამოცდილებამ და ზოგადად სურვილმა, რომ მომესინჯა ძალები პროზის მიმართულებითაც. მე დავიბადე და გავიზარდე გურიაში და შესაბამისად, მქონდა მთელი რიგი ემოციები და განცდები, რომელიც ,,გურულ დღიურებში’’, რა თქმა უნდა, არ დატეულა...  სამომავლოდ, სხვა მიმართულებით ვაპირებ ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის გაზიარებას. წიგნის დაწერა როცა გადავწყვიტე, ბევრი ვიმოგზაურე სხვადასხვა სოფლებში და შევაგროვე რეალური ისტორიები. ეს არ გახლავთ კრიტიკულ- პუბლიცისტური ტიპის წიგნი, არამედ არის მხატვრულად გაფორმებული  ესეების კრებული.

 -როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ,,გურული დღიურების’’პოპულარობა?

 -ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ... წიგნში, ალბათ, ყველა  საკუთარს პოულობს.. ,,გურული დთიურები’’ არ არის მხოლოდ გურულებზე, იგი არის  90-იანი წლების საქართველოზე და წიგნში მოთხრობილი ამბები,  გარკვეულწილად, ზოგადდება და შეიძლება ბევრი რამ ახლობელი იყოს კახელისთვის, მეგრელისთვის და სხვა კუთხის წარმომადგენლისთვის. ,,გურული დღიურები”-ში გადმოვეცი ის, რასაც ვგრძნობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა.

 - გურულ დღიურებში ბევრი საიტერესო ისტორია  მოთხრობილი, ზოგი სევდიანი ამბავიც.. და რა თქმა უნდა გურული ხუმრობებიც, კურიოზები... გურიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ,,გურული დღიურებიდან’’ გავიგე,  პირველად რომ სექსს ,,აჯიბაკური'' ეწოდება.. წიგნში, ასევე,  ყურადღებას იპყრობს  ფრაზები: ,,გურია პარადოქსების მხარეს’’, ,,გურულები და დანარჩენები’’.. ეს როგორ გავიგოთ?

-ეს ხუმრობანარევი ფრაზაა, თორემ  გურულებს, ისევე როგორც სხვა კუთხის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ, უბრალოდ, გურულები მაინც, რაღაცით გამორჩეული ხალხი ვართ, შეიძლება კარგით და ცუდითაც... და ეს გამორჩეულობა სიმბოლურად, შეიძლება რაღაც საზღვრადაც მივიჩნიოთ  - სხვა დანარჩენ სამყაროსთან, ცხადია ხუმრობით... გურიაში ცხოვრობდით და არ იცით, რომ გურულები სექსს ,,აჯიბაკურს'' უწოდებენ?  შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ეს ასაეა..

 - გიორგი, თუ გეგმავთ ,,გურული დღიუერები’’ უცხოურად თარგმნოთ?

 - ბევრი ქართველი ემიგრანტი ითხოვს წიგნი გაუგზავნოთ, მაგრამ ეს  გამომცემლობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგამ მისი კომპეტენციაა. რაც შეეხება  უცხოურად თარგმნას,  კულტურის სამინისტროს შესაბამისი უწყება დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ვნახოთ, სამომავლოდ რა გამოვა.

 -ეროვნულ ბიბლიოთეკაში თქვენი მოსვლის შემდეგ ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა..  გთხოვთ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ?

 -ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი მიმართულებით წარვმართედ მუშაობა, მაგალითად, დიგიტარიზაციის კუთხით, რაც გულისხმობს ელექტროონულ ფორმატში წიგნების გადატანას, ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნას, ფოტოების გაციფრებას და ა.შ. გავაკეთედ სხვადასახვა დარბაზები, გავხსენით საბავშვო კუთხე, ღვინის ბიბლიოთერკა, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, თანამედროვე საბიბლიოთეკო ცენტრი, დიდი ელექტეონული დარბაზი; აგრეთვე, დაწყებულია პირველი კორპუსის რემონტი და მალე გაიხსნება. უცხოეთშიც გავხსენით ბიბლიოთეკები. ვაპირებთ ბიბლიოთეკების, როგორც კულტურული ბრენდის შექმნას, წიგნადი ფონდის გაძლიერებას, მუზეუმების გაკეთებას, კერძო ინვესტიციებს მოზიდვას, რომელმაც უკვე 200 ათასს გადააჭარბა. ჩვენ გვინდა, რომ ბიბლიოთეკა იყოს ღია, აქტიური სივრცე, რომელიც მის ფარგლებს გარეთ გავა.. ჩვენ  სოფლებშიც ვხსნით ბიბლიოთეკებს. წიგნების ვაუჩერის გადაცემას ვაპიურებ სოფელ სურევის ბიბლიოთეკისთვის (საიდანაც, გურული დღიურების წერა დავიწყე).. სულ მალე, ოზურგეთის რაიონში, კერძოდ, სოფელ შრომაში ვაპირებთ წიგნების ჩატანას.

 -გიორგი, თქვენ ახორციელებთ საინტერესო პროექტს, რომლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აგროვებთ ციფრულ ფოტოებს... იქნებ უფრო დეტალურად გვითხარათ ამის შესახებ?

 -ეს გახლავთ ჩემი და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით, ოჯახებში სიარულს და ფოტომატიანეს შექმნას. აღნიშნული პროქტით, ჩვენ შევძლებთ  ძალიან მალე ქვეყნის ისტორიის გარკვეული ვიზუალური ნაწილი შევავსოთ

 - როგორ შეაფასებთ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს?

 -ლიტრერატურული პროცესები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს ანუ ფრაგმენტულად. დომიინანტი მიმდინარეობა, რომელიც წინა საუკუნეებში არსებობდა, უკვე აღარც უნდა იყოს... ყველა წერს ისე, როგორც ეწერება.  წიგნის პოპულარობასა და ხარისხს კი განსაზღვრავს მკითხველი.

 -ბოლო დროს, ახალგაზრდებში მოდური გახდა ლექსის ე.წ. ,,ძველ ბიჭური’’ ტონით წაკითხვა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.. თქვენ რა აზრის ხართ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

 - მეც არ  მომწონს ეს ე.წ. ,,Youtube პოეზია''და არ ვუსმენ, მაგრამ ვისაც მოსწონს წაიკითხოს... მთავარია, კაცს ნუ მოკლავს და დანაშაულს ნუ ჩაიდენს...

 -თანამედროვე პოეტებისდან ვის მიიჩნევთ ყველაზე ნიჭიერად?

 -მე როგორც ეროვნული ბოიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, რადგან აქ შემოდის ყველა ავტორის წიგნი და  შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თუ არ მომეწონა, შეიძლება რომელიმე მათგანი ურნაში ჩავაგდო, ცხადია ეს არ მოხდება...

 -კლასიკოსებიდან  რომელი  პოეტი და მწერალი მოგწონთ?

 -ძალიან მომწონს შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა, ჯალა ლედინ რუმი, არტურ რემბო. მწერლებიდან კი მომწონს ჰერმარ მერვილი, მარკ ტვენი,  ჰომეროსი და მიხეილ ჯავახიშვილი.
 -ახლა გადავიდეთ პირად თემებზ.. რა ადგილი უკავია სიყვარულს თქვენს შემოქმედებაში?

 -ძალიან დიდი.. სიყვარული არის მთავარი მამოძრავებელი და იმპულსი ნებისმიერი შემოქმედისთვის და ჩემთვისაც, რის გამოც სხვა დანარჩენ საქმეებს ვაკეთებ.

 - სხვა რაინტერესები გაქვთ, თქვენი ჰობი, როგორ მუსიკას უსმენთ?

 -ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურება და ვარ სერიოზული გულშემატკივარი მაჩესტერ იუნაიტეტის, რომელიც ცოტა მოძლიერდა, მაგრამ მაინც რთული პერიოდი გადაიტანა. ასევე,  მიყვარს მუსიკა,  სხვადასხვა ჟანრს ვუსმენ და ვთვლი, რომ მეტნაკლებად, მელომანი ვარ.

 -ჭორებზე როგორ რეაგირებთ?

 -ბრწყინვალედ. საკუთარ თავზე ბევრი ჭორი მომისმენია, მაგალითად, ის რომ ვარ მასონი და თითქოს მაქვს ორგიები სტუდენტ გოგოებთან და მისთანანი...ეს რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა..

 -როგორია  თქვენი სამომავლო გეგმები?

 -ჩემი სურვილია, ეროვნული ბიბლიოთეკა შევქმნა როგორც ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ბრენდი . სამომავლოდ, ვაპირებ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას.

-რაც შეეხება ბებოს სურვილს? ცნობილია, რომ ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენმა ბებიამ, თქვენი დაოჯახების სურვილი  საჯაროდ გამოთქვა?

-ეს ბებოს სურვილია მხოლოდ... მაგრამ, მე საკმაოდ ახირებული და ჯიუტი ადამიანი ვარ და ჩემი პირადი ცხოვრების საკითხებს თავად ვწყვეტ...


                   ესაუბრა მზია გოგოძე

Sunday, 2 October 2016

განათლება

                         ,,ჩემი სკოლა – სიბრძნის გასაღებია’’

   
   ახალ სასწავლო წელს დიდი სიხარულითა და იმედებით შეხვდნენ, აჭარის ულამაზეს კუთხეში შუახევში, სოფელ ცხემლისში. სოფლის სკოლა, მართლაც გამოირჩევა სწავლის ხარისხით, პედაგოგთა პროფესიონალიზმითა და მოსწავლეების მომზადების მაღალი დონით. აქაური კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, კვლავ მშობლიურ კერას უბრუნდებიან და ღირსეულად განაგრძნობენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებს.
  ცხემლისის საჯარო სკოლის ახალი შენობა, რამდენიმე წელიწადია რაც აშენდა და ამ ფაქტმა, დიდად გაახარა სოფლის მოსახლეობა, რადგან ბავშვებს კომფორტულ და თანამედროვე ინტერიერით აღჭურვილ გარემოში  უწევთ სწავლა-განათლების მიღება. სკოლის დირექტორი გახლავთ უაღრესად ერუდირებული, თავისი საქმის პროფესიონალი და კეთილშობილი პიროვნება მერაბ ბოლქვაძე. იგი, პროფესიით მათემატიკოსია და ამ სოფლის მკვიდრია. უყვარს თავისი კუთხე და სიამაყით ყვება თავისი სოფლის მთა-ბარზე, ტრადიციებზე... ბატონ მერაბს  ცხემლისელები  პატივსცემენ  და აფასებენ როგორც კარგ პედაგოგს, შესანიშნავ დირექტორსა და ღირსეულ მამულიშვილს. დაე, ყველა ისეთი პატრიოტი იყოს როგორიც ბატონი მერაბი გახლავთ.
 მერაბ ბოლქვაძე:
- ჩემი სკოლა – მადლის დედა და სიბრძნის გასაღებია... მეამაყება, რომ ჩვენი სკოლის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციები განაპირობა უნატიფესმა ფოლკლორმა და ეთნოგრაფიულმა ყოფამ. სოფლის ულამაზეს ბუნებას კიდევ უფრო ამშვენებს, 2 აათსი წლის წინანდელი სალოცავების ნანგრევები და ბზის ბუჩქები, ნიშნად იმისა, რომ აჭარაა პირველი ქრისტიანული კუთხე საქართველოსი. როგორც ჩვრნმა პატრიარქმა ილია - || ბრძანა:  ,,კურთხეულ არს აჭარა, სადაც პირველად დაინთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქცა განმანათლრბლად სრულიად საქართველოსი’’. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ტრადიციულად სოფლის ახალგაზრდებთან ერთად, ყოველი წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. რიტუალი ასეთია: შეიკრიბებიან და გვანცას მთაზე ადიან - ბიბლიის,  ,,ქართლის ცხოვრების’’ და ,,ვეფხისტყაოსნის’ თანხლებით. ახალგაზრდები წმიდა წიგნზე ფიცულობენ და საქართველოს მაცხოვარს ავედრებენ.
      ცხემლისის სკოლის მესვეურებს კარგად გვაქვს გაცნობიერებული,  რომ განათლება დიდი მადლია და ის, ერთადერთი გზა წინსვლისა და წარმატებისა. ჩვენი სკოლა კი, ის ადგილია, სადაც ცოდნისა  და სამშობლოს სიყვარული სუფევს.
  მოკლე ისტორიული ექსკურსი: ცხემლისში პირველი დაწყებითი სკოლა 1931-1932 წლებში გაიხსნა და პირველი მასწავლებელი იყო ოზურგეთელი ახალგაზრდა პედაგოგი – ავთანდილ სიხარულიძე. 1964 წელს კი, რვაწლიანი სკოლა გაიხსნა და მისი დირექტორი გახლდათ ღვაწლმოსისლი პიროვნება აკაკი ქათამაძე. აი, ასე ნელ-ნელა მივიწევდით წინ..
  ამჟამად, სოფელს ამშვენებს მშვენიერი სკოლის შენობა, რომელიც 2005 წელს აშენდა. სკოლა დაკომპლექტებულია შესანიშნავი პედაგოგებით, რომლებიც არიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. სწორედ, ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, რომ ცხემლისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
  ესენია: ირინე აბუსერიძე, რაული და ავთანდილ ბოლქვაძეები, სოფიკო ბრეგვაძე, მარინე დუმბაძე, ნინო მოსიძე, ნატო, მზევინარ, ელდარი, აკაკი და რევაზი ქათამაძეები, ზურაბ შარაშიძე, ციური და ნუგზარი ციციანები.  სკოლას ჰყავს ძალიან კარგი ადმინისტრატორი და საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტი ელდერ ქათამაზე, რომლიც თავდაუზოგავად იღწვის პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის. ასევე, დადებით შეფასებას იმსახურებენ სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე, სპორტის მასწავლებელი ზურაბ აბაშიძე და მისი მოადგილე,  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წარმატებული პედაგოგი მარინე დუმბაძე.
  ჩვეენს სკოლაში სულ 43 მოსწავლეა. აქედან ბევრი წარჩინებულია გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს: გოგიტა ბერიძე (რომელიც მშვენიერ ლექსებს წერს), სალომე ბერიძე, ცოტნე ბოლქვაე, ნინელი და მიგელი დუმბაძეები, ნიკა და გიგა კილაძეები, გიორგი, დიანა და ცოტნე მგელაძეები, ანუკი და თორნიკე მჟავანაძეები, მარი მიქელაძე, გოჩა ქათამაძე და არმაზ ციციანი.
 საგულისხმოა, რომ სკოლაში ხშირად იმართება შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური ღონისძიებები. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ ოლიმპიადებში და კონფერენციებში, საიდანაც სიგელებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.
  ჩვენი მიზანია ვიყოთ ერთ-ერთი სანიმუშო საგანმანათლებლო- სასწავლო დაწესებულება და აღვზარდოთ წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებიც გამოადგებიან არამარტო ჩვენს სოფელს, არამედ მთელ საქართველოს.
გვჯერა, ასეც იქნება, რადგანაც ბატონი მერაბი სიტყვის კაცია – სიტყვისა და საქმისა.
       
            მზია გოგოძე
გაზეთი ,,სახალხო განათლება+''
 

განათლება

                                        ცოდნის და ზნეობის ტაძარი

             ნიკო ბაგრატიონის  სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, რადგან სასწავლებლის ასი კურსდამთავრებული, უმაღლეს სასწავლებელში მაღალი შეფასებებით ჩაირიცხა.
  14 სექტემბერს, აქ მართლაც საზეიმო განწყობა სუფევდა. მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ლიცეუმის დირექტორმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, ბავშვები  დალოცა  და წარმატებები უსურვა მამა ალექსანდრემ, მოსწავლეებს ასევე, მიესალმნენ საქართველოს თავად-აზნაურთა დარბაზის ხელმძღვანელმა ვაჟა აბაშიძემ, ამერიკაში მცხოვრებმა ქართული დიასპორას წარმომადგენელმა სალომე მელიქიშვილმა, თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა შოთა ჩხეიძემ,  ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა სერგო ვარდოსანიძე და სხვებმა. ღონისძიებაზე, ქალბატონმა იამ წარმატებული მოსწავლეები: საბა ხიმშიაშვილი, მარიამ მგელაძე და სხვები დააჯილდოვა და მათ გადასცა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ალმანახი ,,სამეფო’’.  ზეიმი დასრულდა ლიცეუმის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული გალობით, რომლის ხელმძღვანელია ბექა ხუციშვილი.

 - ,,რწმენა, ოჯახი, სკოლა და წარმატებული მოსწავლე ‘’– ასეთი გახლავთ დევიზი ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა - ლიცეუმისა, რომელიც გამორჩეულია დედაქალაქში არსებულ სასწავლო დაწესებულებებს შორის და რომელიც ზრუნავს არამარტო განათლებაზე, არამედ მოზარდების პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე.
  საგულისხმოა, რომ ლიცეუმი დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქის  ილია || -ის ლოცვა კურთხევითა და პატრონაჟით. იგი, უკვე ათი წელიწადია ფუნქციონირებს და ლიციანტები ყოველთვის წარმატებით აბარებენ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართულ ენასა და ლიტერატურას. გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური და რუსული ენები.
 ქალბატონი ია ძალ ღონეს არ იშურებს იმისათვის, რათა ლიცეუმი იყოს ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო დაწესებულება. მას თითოეულ ლიციანტთან განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს. იგი, განსაკუთრებულ შეღავათს უწევს მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილთა ოჯახის შვილებს. aსევე ირჯებიან ფირექტორის დირექტორის მოადგილეები: გიორგი ჩხიკვიშვილი და ზაზა ჩიქოვანი.
    დირექტორმა  განსაკუთრებული  სიამაყით აღნიშნა, რომ  ლიცეუმის მე-11 კლასის მოსწავლის საბა ხიმშიაშვილის  მიერ დაწერილმა ესსემ ,,იყიდება საქართველო’’, განდაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და იგი გამოქვეყნდა ალმანახში.
 აღსანიშნავია, რომ ლიცეუმში მაღალი რანგის პროფესიონალი პედაგოგები მოზარდებს უღვივებენ ლტოლვას კითხვისადმი, აცნობენ ქართული კულტურის, ისტორიის უნიკალურ მიღწევებს. მართალია, ლიცეუმს საკუთარი შენობა არა აქვს, მაგრამ ეს სწავლის ხარისხს დაბლა არ სწევს. სიახლეა ის, რომ  4-5 წლის აღსაზრდელთათვის გაიხსნა საბავშვო ბაღი – სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამით.
  სკოლა-ლიცეუმი გამოირჩევა იმითაც, რომ აქ მოზარდებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან და  მათ უღვივებენ  ეროვნულ-ქრისტიანულ მრწამსს. მოსწავლეები გამოირჩევიან ქცევის კულტურით, ზრდილობით, არ ეწევიან სიგარეტს და მისდევენ ჯანსაღ ცხოვრების წესს. ლიციანტებს ჰყავთ მოძღვარი და ყოველ პარასკევს ტარდება ზეთისცხება და ბავშვების განწმენდის რიტუალი სულიერად და ზნეობრივად; აქ დამკვიდრებულია სახარების, კატეხიზმოს, ,,ვეფხისტყაოსნის’’ პროგრამები; ასევე, ისწავლება ეტიკეტი, ჭადრაკი, სამბო, კალიგრაფია, გალობა და ქართული ცეკვა. ლიცეუმში 1 - 6 კლასის მოსწავლეებისთვის, წლიურ გადასახადში შედის კვება, გაკვეთილების მომზადება. ფუნქციონირებს  გახანგრძლივებული ჯგუფი.
  როგორც ქალბატონმა იამ აღნიშნა: აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოზარდებმა კარგი განათლება მიიღონ. სურვილი გვაქვს, რომ ლიცეუმი ბავშვებისთვის იყოს პატარა ოაზისი, ცოდნის, რწმენის და ზნეობის ტაძარი. გვინდა რომ აღვზარდოთ მომავალი ჯანსაღი და განათლებული თაობა, რომელიც საქართველოს მოუვლის და  სწორი გზით წაიყვანს, განაგრძობს ტრადიციებს და გაუ
ფრთხილდება ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.

          მზია გოგოძე
გაზეთი ,,სახალხო განათლება +''

Wednesday, 15 June 2016

პოლიტიკა

  ,,ეროვნული ფორუმის’’ გზავნილი ამომრჩეველს



                  მოახლოებულ არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება პარლამენტის წევრი და ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.

 -ქალბატონო ანი, ,,ეროვნული ფორუმი’’ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩვნებში, ეს დიდი გამოცდა და პასუხისმგებლობაა, რა შედეგს ელოდებით?

  -ეს გადაწყვეტილება, დიდი ფიქრის შემდეგ მივიღეთ... ჩვენ არამარტო ვიმსჯელეთ, არამედ დავითვალეთ და შეიძლება ითქვას, ,,ინვენტარიზაცია’’ გავაკეთედ ჩვენი შესაძლებლობების. ასევე, გადავამოწმეთ, კიდევ ერთხელ, იმ ადამიანების პოზიციები და განწყობები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ გამარჯვებისთვის ბრძოლაში, დაწყებული 2006 წლიდან დღემდე. ამ ყველაფრის შეფასების, გადაფასების და შეჯერებული პოზიციის შემდეგ, გავიტანეთ საკითხი ყრილობაზე და ამის შემდეგ, გადაწყდა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ კოალიციურ რეჟიმში ,,ეროვნულმა ფორუმ-‘’მა თავისი გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა; ამასთან,  პარტიას უკვე აქვს იმის  შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალები დამოუკიდებლად გამოსცადოს. ასევე, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს და რა რაოდენობის ამომრჩეველი გვყავს. ასე რომ, პარტიამ უნდა იცოდეს მისი რეიტინგი, რომელიც იზომება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების დროს. ჩვენ გვექნება მკაფიო გზავნილები ამომრჩევლისთვის.

 -თქვენი პარტიის ახალი ინიციატივაა - საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა.. როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო?

-მიგვაჩნია, რომ დღეს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა სასამართლოში და არა იმიტომ, რომ იქ არის მურუსიძე, თუმცა, ეს კიდევ სხვა პრობლემაა, ზოგადად, სისტემაში რთული სიტუაციაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ ადეიშვილის ,,ჯიბის სასამართლოს’’ რეფორმირება, რომლის დროსაც გადაწყვეტილებები მის კაბინეტში იწერებოდა და შემდეგ, ამას მოსამართლეები ახმოვანებდნენ.. დღეს კი, რეფორმირების მიუხედავად, მაინც არის ხარვეზები. ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ,,ეროვნულ ფორუმს’’ მიაჩნია, რომ სისტემა ჩაიკეტება და ქაოსი შეიქმნება, ამას  კი მოსახლეობის პროტესტი მოყვება. ამიტომ, სასამართლო უნდა გადავარჩინოთ ახლა და მოსახლეობას ვთავაზობთ ჩვენს ხედვას.

-კონკრეტულად?

 -ჩვენი კონკრეტული ხედვა ასეთია: მოსამართლეები, პირველ და მეორე ინსტანციაზე უნდა იყვნენ არჩეულები მოქალაქეების მიერ. მაგალითად, 1017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა რეგიონებისა და თბილისის რაიონული მასშტაბით.

-მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყანაშიც არსებობს?

-რა თქმა უნდა, თუმცა,  პირდაპირ მორგებული და სტანდარტული არ არის.. უახლოეს პერიოდში, საქართველოში,  მოსამართლეებს სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა გაუვათ და შემდეგ სამუდამოდ დაინშნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა, ქვეყანაში არ იქნებ უზრუნველყოფილი. მოსახლეობას კი,  საშუალება არ მიეცემა ეს მახინჯი პრაკტიკა რაიმეთი შეცვალოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიდრე ჯერ კიდევ, შესაძლებელია, მოქალაქეებს შევთავაზოთ არჩევანის საშუალება, რათა თვითონ აირჩიოს ისეთი პიროვნება, ვისაც ანდობს სამართალს. ვინაიდან, სამართალი ანდო ადამიანს, ეს არის დიდი პასუხისმგებლოც, მაღალი ლეგიტიმაციაც და ჩართულობაც.. თუ გვინდა, რომ სასამართლოში იყოს ობიექტური მოსამართლე, მაშინ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოდ.

-რაც შეეხება სხვა პროგრამულ შეთავაზებებს..… რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა?

- ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გავმართვას, სადაც წარმოდგენილი იქნება, ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოგვარების ჩვენეული ხედვა. ჩვენს წინადადებებს, ფართო განსჯისთვის ვთავაზობთ საზოგადოებას და მზად ვართ, ნებისმიერი  არგუმენტირებული შენიშვნა გავითვალისწინოთ. ,,ეროვნულ ფორუმს’’ აქვს თავისი ხედვა ქვეყნის ფუნქციასთან და მის როლთან დაკავშირებით, მის უსაფრთხოებასთან მიმართებაში როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ამის შემდეგ შეგვვიძლია დავასკვნათ, თუ როგორ მიდის ,,ეროვნული ფორუმი’’ 8 ოქტომბრის არჩევნებზე.

-,,ეროვნული ფორუმი’’ პარლამენტში, მხოლოდ ზოგადი განცხადებებით... გამოირჩევა..

-ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ჩევნი ხედვების საზოგადოებისთვის გაცნობა.. პარტიას საინტერესო წინადადებები აქვს ტერიტორიული მთლიანობის, საფინანსო და საგადასახადო კუთხითაც..

-თქვენმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, თავისი მოუზომავი კომენტარებით არაერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია... თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით? 

-თქვენ არ მოგეწონათ, გუბაზ სანიკიძის კომენტარი, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით?

-ქალბატონო ანი, საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონა და არც მე ვარ გამონაკლისი... ასევე, თავის დროზე, მოსახლეობაში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გუბაზ სანიკიძეზე ფარულმა ჩანაწერმა... საინტერესოა, თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით?

-დავიწყოთ იმით, რომ გუბაზ სანიკიზე თავად არის ფარული ჩანაწერების მსხვერპლი და ეს, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ბნელ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რაგდან ადამიანებს საკუთარ ,,სამზარეულოში’’ უსმენდნენ. თუმცა, ეს სხვა თემაა. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ადამიანმა შეიძლება რაღაც თქვა, მაგრამ რეალურად, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია, არავისთვის ფული არ წაურთმევია, არვინ დაუზიანებია და ქვეყნისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, ,,ეროვნული ფორუმის’’ არცერთ წევრს არავისი ვალი არა აქვს. ცალკე სალაპარაკო თემაა ეს გახმაურებული ამბავი, მაგრამ თუ იმასაც შევაფასებთ, რომ ეს ადამიანი მოიქცა თუ არა ისე..… ვფიქრობ, ყველა ადამიანი, საკუთარი ქმედების მიხედვით უნდა შეფასდეს. პოლიტიკოსი კი, საკუთარი განცხადებების გაკეთების დროს, ყურადღებით უნდა იყოს... რაც შეეხება ყოფილი პრემიერის წერილის შეფასებას, გუბაზ სანიკიძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს მას დაუწერეს გარემოცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბატონ ბიძინას არ აწვდიან სწორ ინფორმაციას - ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, რაშიც აბსოლუტურად, ვეთანხმები. არადა, ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა ხდება ქვეყანაში  და ინფორმაციულ ვაკუუმში არ უნდა იყოს. საწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილობს, ეს არის რეალობა. ასეთ დროს, რთულია არ გააკეთო სწორი შეფასება და თქვა, ყველაფერი კარგად არის. არადა, ყველამ კარგად იცის, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში და რა პერსპექტივა აქვს, თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასე რომ, გუბაზ სანიკიძიმ, განცხადება გაკეთა ივანიშვილის გარემოცვის მისამართით და თქვა, რომ ასეთი ტიპის წერილები ყოფილი პრემიერის სახელით არ უნდა ქვეყნდებოდეს. ვფიქრობ, ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია, პირიქით დამაფიქრებელი...  მიმაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი, რომელსაც საზოგადოებაში დიდი რეიტინგი აქვს, არ უნდა იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში. ეს კი, იწვევს გაუცხოებას საზოგადოებისა და ადამიანის, რომელსაც დიდი ნდობა აქვს და რომელსაც გაჰყვა მოქალაქეების უმრავლესობა, 2012 წლის არჩევნებზე. აი, სწორედ ეს  ღნიშნა გუბაზ სანიკიძემ და გამოყენებული სიტყვების გაშიფვრა არ უნდა დავიწყოთ.. თუ, მაინც და მაინც, გვინდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე,  უნდა ეთქვა: ,,საშუალო დონის თამადის დაწერილია’’ ან ,,უნიჭო ადამიანის დაწერილია’’ .. ეს, შეფასების საკითხია..

-ვის მიიჩნევთ თქვენს მთავრ კონკურენტად?

-ჩვენი პარტნიორი არის ხალხი, ხოლო კონკურენტია ყველა პოლიტიკური ძალა, ,,ნაციონალები’’-სა და მასთან დაკავშირებული პარტიების გარდა. ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ ჩვენ, ვერ გვექნება ჯანსაღი კონკურენცია, რადგან იგი არის წარსულის პარტია და დღეს, ამ რაოდენობითაც არ უნდა იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი...

-ეროვნული ფორუმი ამბიციური სახელია, რა გააკეთა თქვენმა პარტიამ ეროვნული თვალსაზრისით?

-ჩვენ, არც ერთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი არ დაგვიტოვებია რეაგირებისა და მკაფიო განცხადებების გარეშე. ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია მკაფიო პოზიცია, მაგალითად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არაფერი არ იქნება კარგად, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა. ,,ეროვნულ ფორუმს’’ მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ქვეყნის უსაფრთხოება არის, საქართველოს ფუნქციის დაფიქსირების საკითხი რეგიონში. სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია. ამისათვის კი, ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიურად ძლიერი, წელში გამართული და რაც მთავარია,  დაცული უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია....

- ფორუმის საგარეო კურსი როგორია?

-ჩვენ, ყვოველთვის მიგვაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ უალტერნატივო გზა არის -  საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და არა შესვლა. ჩვენ ისტორიულად, ევროპული ოჯახის წევრი ვართ. საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული მსოფლიო ისტორიისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს თავისი ბუნებრივი ოჯახი, საიდანაც ხელოვნურად გამოგლიჯეს. ამიტომ, ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება, აუცილებლად მოხდება.. ალტენატივა არა აქვს კურსს, რომელიც ჩვენ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში.

 -კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება, მისი დივიდენტები, ჯერჯერობით, მხოლოდ მამამისის სახელია.. თქვენს გუნდთან ერთად,  რა მიზნები გაქვთ მომავალში, საქართველოს საკეთილდღეოდ?

-კახა შარტავა პოლიტიკიდან არ წასულა და ისევ, აქტიურ პოლიტიკაში შემოდის. ჩვენ, როდესაც კოალიციაში ვიყავით, მან ერთადერთმა თქვა უარი ყველანაირ თანამდებობაზე და გადაწყვიტა პარტიული საქმიანობის გაგრძელება და საკამოდ წარმატებით, რადგან შეინარჩუნა მრავალრიცხოვანი პარტია. იგი, საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია და არის ჩვენი სარჩევნო სიის პირველი ნომერი. კახა შარტავა, იქნება იმ პოლიტიკური პროცესების ხელმძღვანელი, რომელსაც საარჩევნოდ ,,ეროვნული ფორუმი’’ ჩაატარებს..

- ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას გვეტყვით, გავრცელდა ინფორმაცია, მისი პოლიტპატიმრად ცნობის შესახებ?

-არა, ეს არ არის სიმართლე. აქ საუბარი იყო, სასამართლო პროცესების დროს, არსებულ ხარვეზებზე, კონკრეტულად, მის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ჩემთვის არაფერს არ ცვლის, რადგან ვანო მერაბიშვილი არის დამნაშავე და იყო მონაწილე იმ რეჟიმისა, რომელიც ერჩოდა საკუთარ ხალხს, არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, ადამიანი, რომელიც გვამებს ითხოვდა და ამაში პრემიებს არიგებდა და ა.შ. ჩემთვის იყო, არის და იქნება დამნაშავე, რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და როგორი კითხებიც არ უნდა იყოს, გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ჩემთვის ის არის ცალსახად, მაგრამ ასევე, ცალსახად არ უნდა დაირღვეს მისი უფლებები, პატიმრობის დროს.

-,,ეროვნული ფორუმის’’ პროგრამულ ნაწილზე ისაუბრეთ, მაგრამ რაც შეეხება სიებს და მაჟორიტარებს.. რა ნიშნის მიხედვით აკომპლექტენთ სიებს?

- ეს საკითხი, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დედაქალაქის და რაიონების მასშტაბით, 20 მაჟორიტარ კანდიდატთან დაკავშირებით და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ, მალე გავაცნობთ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც დაიცავენ ეროვნული ფორუმის ინტერესებს - სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რაც შეიძლება ბევრი წარმატებული და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანი იყოს ჩვენს გვერდით. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ საქართველოში იწყება სრულიად ახალი ეტაპი.

-ქალბატონო ანი, რა ეტაპს გულისხმობთ?

 -ჩვენ უნდა ჩავატაროთ რევოლუციური არჩევნები... საერთოდ, ვთვლი, რომ 2012 წელსაც არ იყო ჩვენთან არჩევნები დემოკრატიული.. 2013-14 წლებში, ჩვენ მოვახერხეთ, მეტნაკლებად, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება... 2016 წლის არჩვენების მიმართ, საკმაოდ მაღალი ინტერესია. ჩვენ უნდა გავაკეთოდ განაცხადი, ვთქვით  თუ არა უარი ჩამორჩენილობაზე, სადაც იგულისხმება ქვების სროლა, გაყალბება და ა.შ. სწორედ,  8 ოქტომბერს გავიგებთ, მზად არის თუ არა ქვეყანა  საფუძველი ჩაუყაროს დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ადამიანებს აღარ მოპარავენ არჩევანს, აღარ მოახდენენ მასზე ზეწოლას და არავის არ გაუჩნდება კითხვები, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.…
     
   
                 ესაუბრა  მზია გოგოძე

ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''


Sunday, 12 June 2016

პოლიტიკა

  ჩვენი კურსი –პროქართულია

 ,,თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის’’ – ასეთია სახელწოდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის დამფუძნებელია პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური. პარტიის  ამოცანებსა და სამომავლო პერსპექტივებზე თავად ბატონი თამაზი ისაუბრებს.
       
  - ბატონო თამაზ, რა მიზნით დააფუძნეთ პარტია და როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები?

 -ჩვენი პარტიის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა.  იმისათვის, რომ ხალხმა  აგვირჩიოს, მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა უნდა შევთავაზოთ - იმ ძირეულ სახითხებზე, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს..

 - რატომ გაემიჯნეთ ,,ქართულ ოცნებას’’ ?

-,,ქართულ ოცნებას’’  გავემიჯნე იმიტომ, რომ მისი საგარეო კურსი, ვფიქრობ, არასწორია.

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- კერძოდ, ეს ეხება ევროატლანტიკურ ალიანსთან მის დამოკიდებულებას და მიმართებას. ,,ქართულ ოცნებას’’ მიაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ნატოში და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია....

-თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ?


-მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება არის ილუზია და ალიანსში შესვლის არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია.  ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები და  იგი ოკუპირებული აქვს რუსეთს. აფხაზეთის და ოსეთის გარეშე, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, არ არის ხალხის არჩევანი. ასეთ სიტუაციაში ნატო არ მიგვიღებს, რადგან ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მას მოუწევს რუსეთთან საომარი მოქმედებების წამოწყება, რასაც არცერთი ქვეყანა არ დაუშვებს.

 -თქვენ გამოირჩევით სკანდალური განცხადებებით... საინტერესოა, როგორია თქვენი პარტიის კურსი: პროდასავლური, პრორუსული თუ ნეიტრალური?

 -ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული კურსი… ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ინტერესების უზენაესობა.  სხვა დანარჩენი, ეს იქნება ურთიერთობა ნატოსთან თუ ევროკავშირთან,  უნდა იყოს საშუალება და არა მიზანი. საშუალება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და მისი ტრადიციების შენარჩუნებისათვის. ამ გზაზე კი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოდ ყველა მხარესთან, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხების გადაწყვეტა და ხელშეწყობა, მათ შორის რუსეთთან... გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიების დაბრუნება, ამ უკანასკნელთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. ომით და ძალისმიერი მეთოდებით კი, ეს გამორიცხულია.

-ბატონო თამაზ, ,,ქართულ ოცნების’ სხვა ყველაფერი მოგწონდათ?

 -სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ შეასრულა ის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას და იგი, თავიდანვე გახდა კოჰაბიტაციის ტყვე. ეს თავმოხვეული იყო უცხოეთიდან – რესპუბლიკელების მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ კოჰაბიტაციამ შეაფერხა სამართლიანობის აღდგენა..  სწორედ, ამის შედეგია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სააკაშვილის რეჟიმი, სამართალი დღემდე ვერ იპოვეს.  იმ პერიოდში, 300 ათასი პრობაციონერი იყო და მრავალ ადამიანს, უკანონოდ წაართვეს ქონება..… სამწუხაროდ, მათთვის სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ის ჩინოვნიკები კი, რომელთა ხელმძღვანელობით უსამართლობა ხორციელდებოდა, დაუსჯელია.

-თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ ბატონ ბიძინასთან კონსულტაციის შემდეგ შევქმნი პარტიასო ანუ იგი თანახმა იყო, რომ  ასეთი პარტიის შეგექმნათ?

-ბატონ ბიძინასთან მქონდა კონულტაციები და შევძელი, რომ  დამერწმუნებინა. ჩემს აზრს აქვს არსებობის უფლება, მე ჩემი შეხედულება მაქვს, ბიძინას თავისი, მაგრამ პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებას.

-ვის მიიჩნევთ კონკურენტად არჩევნებში?

-ყველა პარტია კონკურენტია, ვინც არჩევნებში მონაწილეობს…..

-რითი ხართ გამორჩეული სხვა პარტიებისგან?

-გამოვირჩევით იმით, რომ ჩვენი კურსი  ცალსახად, არის პროქართული და ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან და პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესი უზენაესია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი მთავარი მიზანია: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 -ცნობილი სახეები, სხვადასხვა სფეროდან, რა ნიშნით გაერთიანდნენ თქვენს პარტიაში?

 - თავისი პოლიტიკური  მოღვაწეობით და ზოგადად, დამსახურებით ქვეყნის წინაშე.. მათი უმრავლესობა, 2012 წლამდეც  უსამართლობას ებრძოდა და დღემდე ასე აგრძელებს.  მათთვისაც მისაღებია ჩვენი საგარეო კურსი და მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხერხდა და საჭიროებს მეტ ძალისხმევას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ქართულ ოცნებაში’’, დამსახურების მიხედვით არ ხდებოდა პარტიის წევრების წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას საკმარისზე მეტი რესურსი გააჩნია, მაინც ,,გარედან’’ შემოყჰავდათ პოლიტიკური ლიდერები, რაც ნონსენსია.

 - რა შანსები  აქვს  თქვენს პარტიას არჩევნებში?

 - მოსახლეობას თუ სწორად მივაწვდით ჩვენს ხედვებს და საარჩევნო კამპანიას ნაყოფიერად წარვმართავდ, საკმაოდ სერიოზულ შედეგს მივიღებთ.  იმედია, შევძლებთ ისეთი წარმომადგენლობით მოსვლას ხელიუფლერბაში, რომ ჩვენს გარეშე, ვერცერთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხება.

 - ყრილობის ჩატარებას როდის გეგმავთ?

 -ყრილობას უახლოეს მომავალში ჩავატარებთ. მოგეხსენებათ, ახლახან დავაფუძნეთ პარტია და ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. ჯერ არ გვაქვს ოფისები,  ჩამოსაყალიბებელია რაიონული და რეგიონული სტრუქტურები და ა. შ.

-ბიზნესმენ ლევან ვასაძეთან თუ აპირებ თანამშრომლობას?

-არ გამოვრიცხავ ლევან ვასაძესთანაც გვქონდეს კონულტაციები...

- რას იტყვით ნაციონალების რევანშზე?

-მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი გზით, ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ გააჩნიათ. ასე რომ, ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბების მოტივით, იგივე სცენარის გამეორებას, რაც გააკეთეს 2003 წლის არჩევნების შემდეგ და რაც მოხდა უკრაინაში, მაიდანზე. უმრავლეობაში მოვა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვის, კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე ,,ქართული ოცნება’’. 

-ბატონო თამაზ, რა არის საქართველოთვის ყველაზე დიდი პრობლემა?

-ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

-როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი?

-ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, ერთი მხრივ, საფრთხის შემცველია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელიუფლება მოახერხებს სტრატეგიული მდგომარეობის სწორად გამოყენებას და ასევე, საკუთარი  და სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებას,  მათ შორის, რუსეთისაც, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნება.მოგეხენებათ, რომ ამ უკანასკნელს არ სურს ჩვენს ტერიტორიაზე, მითვის მტრული სახელმწიფოს სამხედრო ბაზების განთავსება. ასევე, გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების ინტერესები, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთიდან ევროპისკენ გაზისა და ნავთობის მიწოდებას, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ირანს და სომხეთს სჭირდებათ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, რომლიც საქართველოს გავლითაა. ყურადსაღებია, ჩინეთის დიდი პროგრამაც, რომელიც აბრეშუმის გზის აღდგენას გულისხმობს და საქართველოს გარეშე ვერ განხორციელდება... თუ ამ ყველაფერს სწორად გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება ეს ქვეყნები გახდნენ გარანტი იმისა, რომ ჩვენთან იყოს სტაბილურობა და დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა, რამეთუ, მათი ინტერესების უსაფრთხოება  იყოს უზრუნველყოფილი.

                    მზია გოგოძე
ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...