პოლიტიკა - ურთულესი მეცნიერებაა
საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.
-ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით დრევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას?
-პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ არიდებულია მძიმე სირთულეები და ქვეყნის განითარებაში სახეზე არ გვაქვს არც პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი. თუმცა, ამის ნიშნები ბოლო პერიოდში იყო. დღეს, ერთი შეხედვით ეკონომიკაც ვითარდება და სულ ახლახანს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა 7 ნახევარ პროცენტიანი ზრდა. ფაქტია, მოსახლეობას არ დაეტყო, რადგან ამისთვის უფრო დიდი მაჩვენებელია საჭირო. თუ იქნება 13-14 პროცენტიანი მატება, მაშინ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ერონომიკური მდგომარეობაც და სამუშაო ადგილებიც შეიქნება. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ - მძიმე გარემოებების თანხლებით. ესენია: გაყინული ეთნო-კონფლიქტები, რომელიც პერიოდულად ღვივდება, ვგულისხმობ, როგორც ყარაბაღის ასევე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასეთი ვითარება განაპირობებს იმას, რომ ცივილიზებული კაპიტალი ჩვენსკენ არ მოისწრაფის და ინვესტიციების ზრდა არასასურველ ნიშნულზეა. იმდენად რამდენადაც, ინვესტიციებმა რომ დაატყოს ხელი რეალურ მდგომარეობას, ამისათვის გაცილებით მეტი უნდა იყოს იგი კერძო სექტორში და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვითარება საკმაოდ რთულია, ქვეყანა დგას სერიოზული გამოცდის წინაშე, რადგან გვიახლოვდება ორი სერიოზული არჩევნები: საპრეზიდენტო შემოდგომაზე, ხოლო საპარლამენტო 2020 წელს. თავისთავად ცხადია, რომ არჩევნები არის გამოცდა სოციალურ-ინფრასტრუქტურული ვითარების. იგი, გარკვეული სტრესია ქვეყმისთვის, რომლის ღირსეულად გამკლავებისთვის სათანადო სოციალ-ეკონომკური დონეა საჭირო, რაც ჩვენთან სამწუხაროდ მიღწეული არ არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მეტნაკლებად წარმატებით ვატარებთ არჩევნებს და მთავარია, თანამეგობრობა აღიარებს არჩევნების შედეგებს. აქედან გამომდინარე კი, პოლიტიკრი ცხოვრებაც თითქოს ნორმალიზებულია. მთავარი არის ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და მისი პოზიტიურ ტრენდად გადაქცევა, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.
-როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რამდენად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემებს?
-ვერ ვიტყვი ცუდად ან კარგად… ყველაფერი თვითდინებით მიდის და გარკვეული თვალსაზრისით, უკეთესობა შეიმჩნევა, მაგრამ სასურველისგან, ჯერ კიდევ, შორს არის. ყველაფრის თავიდათავი, მაინც ,,ქართული ოცნების'' მიერ დაშვებული რიგი უზუსტობები და არასწორი აქცენტებია, რომელიც გამოიხატება პოლიტიკის დეპოლიტიზაციაში.
-რას გულისხმობთ?
-კონკრეტულად ვგულისხმობ, მართვის პროცესის დაცლას პოლიტიკური შინაარსისგან, ტექნოკრატებზე აქცენტის გაკეთებას, როდესაც მთავარი პოლიტიკური ფიგურები, რომელიც ,,ქართულ ოცნებას'' ჰყავდა და ჰყავს არიან არა პოლიტიკოსები, არამედ ტექნოკრატები. საქართველოში პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა იმის გამო, რომ ცალკეული შეცდომები დაუშვეს როგორც პოლიტიკოსევმა, ისე პარტიებმა. რადგან ტექნოკრატები ვერასოდეს ვერ ამაღლდებიან პოლიტიკის წარმატებისა და მოაზრების განხორციელების დონემდე. ამას ადასტურებს უცხოეთის გამოცდილებაც. ბოლო პერიოდში, უკვე მერამდენე პრემიერი შეიცვალა და არცერთი მათგანი პოლიტიკოსი არ ყოფილა თანამდებობაზე დანიშვნამდე. გამოდის, რომ ეს პროცესი ტექნოკრატიული ნიშნით წარიმართა. ერთია კარგი პროფესიული განათლება, ცოდნა და მეორეა, ქვეყნის რეალური მართვა და საკუთარი ცოდნის პოლიტიკურ პრიზმაში გარდასახვა, რის გარეშეც პოლიტიკა არ არსებობს... ეს სამომავლოდ ქვეყანაზე ცუდად აისახება.
- ბატონო ვაჟა, სხვა რა პრობლემას ხედავთ?
-ასევე, არასწორია ის მართვის სტილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში - არაფორმალური მმართველობა. იგი, წავიდა პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში, მაგრამ რეალურად დარჩა ქვეყნის მმართველი. ეს ფორმა მართველობის საკმაოდ ორიგინალურია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, მაგრამ საკმაოდ მიუღებელია პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით. თავიდან კი ცდილობდა ოპონირებას, მაგრამ შემდეგ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა. მოგვიანებით, ყურად იღო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები და შეეცადა გარიდებოდა პროცესს, მაგრამ კმაყოფილი არ დარჩა კვირიკაშვილის გადაწყვეტილებებით. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები კარგია, მაგრამ თამაშით იზრდებიან, მაგრამ თამაშით პოლიტიკას და ქვეყნის მართვას ვერ სწავლობენ.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა კონკურენციის გაქრობა ყველა სფეროდან, პოლიტიკიდან, ბიზნესიდან და სახელოვნებო სფეროდან. არადა, დემოკრატიული საზოგადოების წინსვლის კატალიზატორი და მთავარი მამოძრავებელი არის კონკურენცია. კანონის უზენაესობის პირობებში, როცა სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ბაზრებსა თუ პროდუქციის გასაღებისთვის, პარლამენტში ადგილების მეტი აუდიტორიის შექმნისთვის და ა.შ. აღნიშნული შეჯიბრებითობა ქმნის ისეთ კეთილდღეობას, რომელზეც ვოცნებობთ. ცუდია, რომ კონკურენცია გაქრა რეალობიდან, ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვუტოლდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამჟამინდელი პარაგვაი უარეს შემთხვევაში, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელორუსი... ამ ქვეყნების მართვის სტილი ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენთან ყველა საკითხი წყდება არა კონკურენციის პირობებში არამედ, სადღაც კულუარებში, მართვადი პარტიების მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან თავისუფალი პარტია არ არის დღეს საქართველოში, ვგულისხმობ, ერთ პროცენტზე მაღალი რეიტინგის მქონე პარტიებს. ერთადერთია მხოლოდ, მიხეილ სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფი - ,,ნაციონალური მოძრაობა’’, ხოლო ყველა დანარჩენი ივანიშვილს ექვემდებარება, რომელიც საკმაოდ ჭარბი დოზით სარგებლობს საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბიზნესში - სასამართლოები კი არ ადგენენ ესა თუ ის ბაზარი ან ობიექტი ვის უნდა გადაეცეს, არამედ ადგენს ,,უზენაესი მმართველი’’, რომლის ნებასაც კარგად კითხულობენ მისი გავლენის ქვეშ მყოფი აღნიშნული სისტემის წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების წინასწარ მიღება ხორციელდება. ეს ყველაფერი კი, ძალიან გვაზიანებს, რადგან არ არის კონკურენცია და აკუმულირება ხდება საზოაგადოებრივი დოვლათის - კონკრეტული ოჯახების ხელში. მაგალითად, ხარვეზები და კორუფციის შემცველი ელემენტები დაფიქსირდა ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელოებისას, რომელიც შეღავათიანი კრედიტი იყო -აზიის განვითარების ბანკიდან. ამის შესახებ,მასმედიამ და არასამთავროებმა ხმამაღლა უკვე ისაუბრეს. მთელი რიგი ტექნიკური ნაკლოვანებები დაფიქსირდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის აღდგენის პროექტის განხორციელებისას, ასევე, ქობულეთის შემოვლითი გზის და რუსთავის მაგისტრალის მშენებლობისას, რომელიც უკვე დასრულდა და იმედია, ხარვეზები აღმოიფხვრა.
-რა იყო აღნიშნული ნაკლოვანებების მიზეზი?
-უმთავრესი მიზეზია ის, რომ კომპანიები არასწორად ასრულებენ სამუშაოებს და დაკისრებულ მოვალეობებს..
-რამდენად სწორად და ობიექტურად ჩატარდა ტენდერი და თუ არსებობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებს კონტროლის სისტემა?
-აი, სწორედ, რომ ,,ეშმაკი დეტალებშია’’. კონტროლის სისტემა სამუშაოებოს შესრულებისას ფაქტობრივად, არ არსებობს .კომპანიების შერჩევის პროცესი და ტენდერიც კონკრეტული ,,ასი ოჯახის’’ ინტერესების გათვალისწინებით ტარდება...
-ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე როგორ აისახება?
-რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თუ ის ოფიციალურ თანამებობას დაიკავებს, ბიძინა ივანიშვილს , ჯერ კიდევ აქვს რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაკლი აქვს და მისი მართვის სტილი მიუღებელია. თუმცა, არის საკმაოდ ნიჭიერი, გონიერი და გამჭრიახი ადამიანი.. მომავალ არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას’’, აქვს შანსები არსებული ნაკლოვანებები გამოასწოროს, თუ ადეკვატური იქნება მმართველი პარტიის პოლიტიკა და მიმართება პრობლემებისადმი. ახლა მთავარია მამუკა ბახტაძე როგორ გაუმკლავდება გამოწვევებს, პროგრესული ხედვა აქვს, განათლებულია, კულტურული და ინტელექტუალური ახალგაზრდაა და არც გიორგი კვირიკაშვილი იყო ცუდი, მაგრამ თუ შეძლებს თავისი ცოდნის გარდასახვას პოლიტიკურ ჭრილში, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ჯერ არაფერი ეტყობა, მაგარამ დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს მთავრობის გადაწყობას სხვა ,,რელსებზე’’. მამუკა ბახტაძის ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო.
ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას დეპოლიტიზაცია, პოლიტიკის დეპარტიზაცია ანუ პარტიების გარიყვა. ქართველებისთვის მიუღებელია ავტორიტარიზმი და ერთპიროვნული მმართველობა. ეს არის საზოგადოებრივი განვითარების შეფერხება და ბუნებრივი გზიდან გადახვევა. ჩვენ ქართველებს, ერთმანეთის გატანა შეგვიძლია მხოლოდ დემოკრატიის პრინციპებზე ორგანიზებულ საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ატანა, მოთმენა და თვალსაზრისის შეჯერება.
-,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია’’, რამდენად საჭიროა და რა შედეგს გამოიღებს?
-საჭირო და დროული იყო. აღნიშნული სია რომ იყოს ქმედითი, ამისი მექანიზმები ჩვენ არა გვაქვს, რადგან საქართველოს წონა საერთაშორისო არენაზე არის ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერის ტოლფასი. ცალკე აღებულ, სუვერენულ საქართველოს საერთაშორისო არენაზე, იმდენი გავლენა არა აქვს, რომ ვამხილოთ რუსეთი და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეები. თუმცა, პარტნიორების მხარდაჭერის ტოლფასი მაინც უნდა იყოს ჩვენი პროტესტი და კარგია აღნიშნული სიის არსებობა. საგარეო უწყებამ უნდა უზრუნველყოს, სიაში მითითებული ადამიანების მიმართ მითითებული სანქციები რეალურად ამოქმედდეს.
-ბატონო ვაჟა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რამდენად რეალურია?
-ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ურთულესი საკითხია და რთული იქნება, რადგან იგი, ფაქტობრივად გატოლებულია რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, კავკასიაში და რეგიონში. ამიტომ, რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღგენა მისი ეროვნული ინტერესებისთვის, სასიკვდილო საფრთხის შემცველია, რადგან ჩვენთან პროამერიკული და პროდასავლური სახელმწიფოს არსებობა განვითარებადი და ეკონომიკურად მზარდი სახელმწიფოს არსებობა იქნება მიზიდულობის ძალა, ჩრდილო კავკასიელი ხალხებისთვის და მათი ავტონომიებისთვის. ამ საკითხზე ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ასე ფიქრობდა, რომ ტერიტოიულ მთლიანობას აღვადგენთ, მაშინ, როცა რუსეთის იმპერია დაიშლებაო. ხილულ პერსპექტივაში, 50-60 წლის შემდეგაც კი, ეს არ არის მოსალოდნელი, რადგან რუსეთს აქვს ატომური იარაღი. მათი იდეოლოგიური რუპორები ღიად აფიქსირებენ, რომ თუ ჩევნ დაცემას დასავლეთი მოიმდომებსო, ჩვენ თავდაცვის მიზნით ატომურ იარაღს გამოვიყენებთო. რუსები ცდილობენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თავიანთი გავლენის შენარჩუნებას, რაზეც ევროკავშირი არ თანხმდება. აქ მიმდინარეობს ვაჭრობა და მთავარია, ჩვენ როგორ მოვახერხებთ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენას. შესაძლოა, ტრამპის და პუტინის დაგეგმილი შეხვედრის დროს საქართველოს საკითხიც განიხილონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი. უნდა აღინოშნოს, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსიც ძალიან სუსტად მუშაობს, მართალია იგი დაკომპლექტებულია, ნიჭიერი და განათლებული ადამიანებით, მაგრამ გამოცდილება აკლიათ და შესაბამისად საქმეს ვერ უმკლავდებიან. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში ეს მანკიერი ტენდენცია დამკვიდრდა და გამოუცდელი ახალგაზრდები ინიშნებიან თანამდებობებზე. ასეთი რამ მიუღებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. დეოკუპაციის მიმართულებით უნდა გვქონდეს ეროვნული პლატფორმა. ჩვენ კეთილგანწყობა უნდა შევინარჩუნოთ არამარტო სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამედ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან: რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთანაც, რომელიც მომავალში გახდება ძლიერი ფაქტორი რეგიონული უსაფრთხოების..
პოლიტიკას კი სჭირდება თვალსაწიერი და ხედვა. საერთოდ, პოლიტიკა ურთულესი მეცნიერება და როგორც აინშტაინი ამბობდა: ,,ყველა მეცნიერებას გავუგე, მაგრამ პოლიტიკას ვერაო’’.
ესაუბრა მზია გოგოძე
ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''
No comments:
Post a Comment