Saturday, 29 March 2025

ყოველ გაზაფხულს მახსენენდება

 ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა  აკვირტულ  ხეებს. გაზაფხულის  სურნელება იგრძნობოდა და განწყობაც შესაბამის გვქონდა.

   -  მზია გაზაფხულივით ყვავიხარ, მე კი ყვავი ვარ  -  მითხრა  ჩემმა  მეგობარმა გაბრწყინებული თვალებით.

- ყვავივით? ეს როგორ გავიგო? - ვკითხე გაოცებულმა და თან გულიანად გადაიკისკისე.

- შენ ყოველ გაზაფხულზე ყვავილივით იფურჩქნები, მე კი ყვავს ვგავარ, ისინი ხომ ყველაზე დიდხანს  ცოცხლობენ -  მითხრა  ღიმილით და მკერდზე ხელი მიიდო, თითქოს სიცოცხლის სიმტკიცის ნიშნად, გულს რაღაც უსიტყვოდ მიანიშნა, უბრძანა...

მახსოვს, მის უჩვეულო იუმორში სიცოცხლის  სიყვარული  და  უცნაური სევდა შევნიშნე. მეგონა,  ჩემს  მეგობარს ,  წინ კიდევ ბევრი გაზაფხული ჰქონდა... მაგრამ,  ამაოდ...

  უკვე მერამდენე გაზაფხული გაიფურჩქნა  მის გარეშე.... თუმცა, მისი სიტყვები გაზაფხულივით დარჩა ჩემს მოგონებებში.


Tuesday, 25 March 2025

ბავშვობის მოგონება

     ****

🤍სოფლის ცა სულ სხვაა - ღრმა,  უსასრულო, მთვარით და ვარსკვლავებით მოჭედილი.

 სოფლის სიმშვიდე ხომ  ნამდვილ ზღაპარს  ჰგავს.

  მზის ჩასვლისას  თითქოს  ყველაფერი ჩუმდება.  დღისით კი ხელახლა  ყველაფერი ცოცხლდება.

აქ დილა   განსაკუთრებულია. მზის ამოსვლა და პირველივე სხივები, რომელიც ნაზად ეფერება არემარეს. ჩიტების გალობა და ფოთლების შრიალი  კი ბუნების ჰარმონიას ქმნის. ეს მართლაც რომ  დაუვიწყარი პეიზაჟია....

 წვიმის დროსაც ლამაზია სოფელი. გადაღებული წვიმისა და მიჩუმათებული  წკაპა-წკუპის შემდეგ,   ჰაერში საოცარი  სისუფთავის სურვილი  იგრძნობა. სველი ბალახი და ატალახებული ეზო ისევე უხდება  სოფელს, როგორც   ბუხრიდან ამოსული კვამლი,  ჩიტების ჭიკჭიკი,  მამლის  ყივილი , ბებიას  გამომცხვარი ხაჭაპური,  ბაბუას დაკრეფილი მსხალი  და ყურძენი. მეხსიერებაში კი  ყველაზე მეტად  ის  სიყვარული და სითბო ილექება,  რომელსაც უშურველად  უზიარებენ  შვილიშვილებს .

   ,,მადლი  ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო" - მეტყოდა ბებია  და ამ ხალხურ ანდაზას საინტერესო ამბავსაც მოაყოლებდა ხოლმე ...    საღაამოობით კუხნაში,  შუაცეცხლთან  მოყოლილ ამბებს კი სულ სხვა მისტიკა და იდუმალება ახლდა თან, ამიტომ ყოველ ჯერზე ასჯერ მოყოლილს, ხელმეორედ ვამეორებინებდი. ცელქი ბავშვი  ვიყავი და ხან  ბებიაჩემს ცოტას ვაბრაზრბდი კიდეც,  მაგრამ მისგან ხმამაღალი საყვედურიც არ მიმიღია.. მხოლოდ  შეგონებებით ცდილობდა  ჩემს  ,,მორჯულებას"...


სიკეთისა და ბოროტების ჭეშმარიტი  მნიშვნვნელობა , პირველად  ბებიაჩემისგან შევიტყვე.მისი მონათხრობი ამბები  -  იგავები, ყოველთვის  ბოროტის დამარცხებით  და კეთილის გამარჯვებით მთავრდებოდა. ბავშვური გულწრფელობით  მჯეროდა, რომ სამყარო კეთილი და გასაგები  კანონებით იმართებოდა.. თუმცა,  როცა გავიზარდე  მივხვდი, რომ  ცხოვრება  გეომეტრიულად სწორხაზოვანი  არ არის. სიკეთეს  ყოველთვის არ მოჰყვება  სამართლიანი აღიარება და ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც  ბებიაჩემის მონათხრობ იგავებშია.

  მიუხედავად  ამისა,  ის შეგონებები არ  გამქრალა  ჩემში,  პირიქით,   გზამკვლევად იქცა იმ მწარე რეალობაში, რომელსაც არაერთხელ  შევეჯახე... და დღესაც  მჯერა,  რომ  სიკეთეს ყოველთვის დიდი ძალა აქვს,  რომ ბნელს ნათელი ჯობნის..

Wednesday, 12 March 2025

ბავშვთა ფსიქოლოგია

                                                                                   

       ბავშვების    ფსიქოლოგია და აღმზრდელების  როლი                                                              

ბავშვის  გონებრივად განვითარებაში,  სკოლამდელი  აღზრდის პერიოდი არსებითად მნიშვნელოვანი   ეტაპია, რომელიც არა  მხოლოდ    ცოდნის შეძენას,  არამედ   სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების   განვითარებასაც   მოიცავს. ცხადია, რომ ადრეული  ასაკი ბავშვის  ტვინის განვითარების   ინტენსიური   ფაზაა.  ამ   პერიოდში  პატარები  ითვისებენ კომუნიკაციის უნარებს,   ემოციურ თვითგამორკვევას  და   სოციალურ ინტეგრაციას.  ფსიქოლოგები ხაზს  უსვამენ,  რომ აღსაზრდელების  ემოციური   უსაფრთხოება   და   სტაბილური   გარემო, მნიშვნელოვან  გავლენას   ახდენს მის შემდგომ  ქცევასა   და  სწავლის   პროცესზე.  აღმზრდელები კი, მნიშვნელოვან  როლს  ასრულებენ  ბავშვის   პიროვნების   ფორმირებაში. მათ უნდა  შექმნან უსაფრთხო და   მეგობრული   გარემო,  სადაც   პატარები   თავისუფლად   გამოხატავენ  ემოციებს და  იძენენ   ახალ   ცოდნას.   აღმზრდელების ამოცანაა ინდივიდუალური მიდგომა, თითოეული  ბავშვის  უნარების აღმოჩენა  და  მათი  წახალისება.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია, აღსაზრდელების ემოციური მხარდაჭერა,  მათ თვითგამორკვევაში ხელშეწყობა,   გაცნდებისა და  საჭიროებების    აღიარება; სოციალური უნარების განვითარება, გუნდურ თამაშებში და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა; ასევე, შემოქმედებითი სწავლება და    კრეატიული აზროვნების  ჩამოყალიბება. ამ მხრივ, აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა,  თითოეული  ბავშვის  უნარებისა და ინტერესების   აღმოჩენა, სადაც პატარები თავისუფლად  გამოხატავენ აზრებსა და  ემოციებს.

ამდენად,   შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების განვითარება   ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და არა მხოლოდ, პიროვნული ზრდის საწინდარია, კარიერული წარმატებისა და  სოციალური ინტეგრაციის  გარანტიაც.

  ამ მხრივ, გავეცანი   დედაქალაქის   რამდენიმე ბაგა-ბაღის  საქმიანობას,  და  დავრწმუნდი,   რომ მართლააც  შესანიშნავი  გარემოა შექმნილი, სადაც  უდიდესი ყურადღება ექცევა   თითოეული  ბავშვის  უნარებისა და ინტერესების   აღმოჩენას, კრეატიული  აზროვნების  განვითარებას. დირეტორების  თქმით, ბავშვთა უფებათა კოდექსი   ავალდებულებს  სკოლამდელ დაწესებულებებს ,  უზრუნველყონ  განათლების  ხელმისაწვდომობა   თითოეული   ბავშვისთვის, მათი  ინდივიდუალური  საჭიროების  გათვალისწინებით. აქ  მნიშვნელოვანია პატარებს ყურადღება არ მოაკლდეთ და საბავშვო ბაღში  გატარებული  წლები  მთელი ცხოვრება სასიამოვნოდ  დაამახსოვრდეთ.  

,,ჩვენ  ყველანი   ბავშვობიდან მოვდივართ’’-ეგზიუპერის ეს ცნობილი ფრაზა, ხაზს უსვამს ბავშვობის გამოცდილებების  გავლენას ადამიანის  პიროვნულ განვითარებაზე. ამდენად, ბავშვობაში მიღებული   შთაბეჭდილებები, ურთიერთობები და გამოცდილებები   მნიშვნელოვან   როლს   ასრულებს  აქდამიანის  ღირებულებების,   ქცევებისა   და მსოფმხედველობის   ჩამოყალიბებაში.   სწორედ,   ამ  პერიოდში ვსწავლობთ სიყვარულს, მეგობრობას,  პასუხისმგებლობას    და  სხვა მნიშვნელოვან   უნარებს,   რომლებიც  მოგვიანებით   განსაზღვრავს   ჩვენს  ქცევებსა  და   დამოკიდებულებებს.  

 აღნიშნული  მოსაზრება ფართოდ  გამოიყენება  ფსიქოლოგიაში, განათლებასა   და   სოციალურ მეცნიერებებში, რათა  ხაზი გაესვას ადრინდელი ასაკის  გამოცდილებების  მნიშვნელობას ადამიანის   განვითარებაში.

     მზია   გოგოძე














ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესახებ

ირანი და ისრაელი — ძველი დაპირისპირება ახალი საფრთხის წინაშე.              ანალიზი თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტით        უკანასკნელ წლ...