Friday 1 December 2023

უცაბედი ჩანახატი

კურიოზებით  და უცნაური ამბებით, დატვირთულია ჩემი ამ წუთისოფელში მოგზაურობა..  არაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ ერთი რამ მაინც მაოცებს ... რატომ ჰგონიათ სრულიად უცნობებს,  რომ  სცენა ჩემი  ამპლუაა, მაგალითად , უნდა ვმღეროდე. აუცილებლად...😗  არა და არა... სცენა  არ არის ჩემი ვნება,  თუნდაც სტიქია. ვმღეროდი მხოლოდ ბავშვობაში სკოლის გუნდში, სადაც გამოვდიოდი ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზეც . ეს იყო და ეს... ჰო კიდევ, ფორტეპიანოსთანაც მქონდა შეხება, თუმცა, არა ხანგრძლივად... ისე, გურულ ფოლკლორზე გაზრდილი ადამიანი გახლავთ, სულ კრიმანჭული მესმოდა. ბაბუა მღეროდა და სამამულო ომამდე, ხალხურ სიმღერებში მოსწავლეებსაც ამეცადინებდა.. ცნობისთვის აქვე დავამატებ, რომ დედაც უკრავდა ფანდურზე და ძალიან იშვიათად წაიმღერებდა ხოლმე.  მე ამ ხალხურ საკრავს ალღო ვერ ავუღე, მაგრამ ფანდურის თანხლებით დედის პაროდია კარგად გამომდიოდა. ყოველ შემთხვევაში ოჯახს კი ვამხიარულებდი - ვაცინებდი და შეიძლება ითქვას მათთვის ,,აბი გლუკოზაც" ვიყავი..

***
- რამ გამახსენა ახლა, ეს თქვენთვის შეიძლება უინტერესო ამბავი?
გუშინ,  მაჩაბელის ქუჩაზე, მწერალთა სახლში მიმავალს, სრულიად შემთხვევით , ერთი  პიროვნება მომესალმა და მომიკითხა კარგი ნაცნობიბით.
- მიცნობთ?  - ვეკითხები ...გამიღიმა და საკუთარი თავი წარმომიდგინა... 
-სასცენო გარეგნობა  გაქთ, მგონია, რომ ჩემი კოლეგა ხართ.  -  მიპასუხა ორიგილალურად ჩაცმულმა , შლიაპიანმა მამაკაცმა.
   როგორც  აღმოჩნდა,  დიდი ხანია მაკვირდება  იქვე მდებარე ,,ღვინის ბარიდან" , სადაც მღერის და უკრავს. ამიტომაც,  ჩემი ვოკალური მონაცემებით დაინტერესდა... მისი თხოვნით, მცირე  წამღერებაც ვცადე, თუმცა, იმედგაცრუებული დავყოვე  ,,კოლეგა",:)
- ბევრია სამუშაოო - იყო პასუხი...

ასეა, ბატონებო,  ჩემი გარეგნობა და ჩაცმის სტილი ნუ მოგატყუებთ,  თითქოს  სცენასთან ვარ დაკავშირებული -  მომღერალი, მსახიობი ან დიზაინერი . თუმცა,  ეს უკანასკნელი ბავშვობიდან მხიბლავდა და ალბათ, ამ სფეროში კი მოვიაზრებდი საკუთარ თავს.

       P.S. არ იფიქროთ სხვა საფიქრალ-სადარდებელი არ მქონდეს ამ გაუსაძლის წუთისოფელში... ეს ისე, სხვათაშორის მოსაყოლი ამბავია....