Sunday 12 June 2016

პოლიტიკა

  ჩვენი კურსი –პროქართულია

 ,,თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის’’ – ასეთია სახელწოდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის დამფუძნებელია პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური. პარტიის  ამოცანებსა და სამომავლო პერსპექტივებზე თავად ბატონი თამაზი ისაუბრებს.
       
  - ბატონო თამაზ, რა მიზნით დააფუძნეთ პარტია და როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები?

 -ჩვენი პარტიის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა.  იმისათვის, რომ ხალხმა  აგვირჩიოს, მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა უნდა შევთავაზოთ - იმ ძირეულ სახითხებზე, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს..

 - რატომ გაემიჯნეთ ,,ქართულ ოცნებას’’ ?

-,,ქართულ ოცნებას’’  გავემიჯნე იმიტომ, რომ მისი საგარეო კურსი, ვფიქრობ, არასწორია.

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- კერძოდ, ეს ეხება ევროატლანტიკურ ალიანსთან მის დამოკიდებულებას და მიმართებას. ,,ქართულ ოცნებას’’ მიაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ნატოში და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია....

-თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ?


-მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება არის ილუზია და ალიანსში შესვლის არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია.  ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები და  იგი ოკუპირებული აქვს რუსეთს. აფხაზეთის და ოსეთის გარეშე, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, არ არის ხალხის არჩევანი. ასეთ სიტუაციაში ნატო არ მიგვიღებს, რადგან ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მას მოუწევს რუსეთთან საომარი მოქმედებების წამოწყება, რასაც არცერთი ქვეყანა არ დაუშვებს.

 -თქვენ გამოირჩევით სკანდალური განცხადებებით... საინტერესოა, როგორია თქვენი პარტიის კურსი: პროდასავლური, პრორუსული თუ ნეიტრალური?

 -ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული კურსი… ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ინტერესების უზენაესობა.  სხვა დანარჩენი, ეს იქნება ურთიერთობა ნატოსთან თუ ევროკავშირთან,  უნდა იყოს საშუალება და არა მიზანი. საშუალება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და მისი ტრადიციების შენარჩუნებისათვის. ამ გზაზე კი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოდ ყველა მხარესთან, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხების გადაწყვეტა და ხელშეწყობა, მათ შორის რუსეთთან... გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიების დაბრუნება, ამ უკანასკნელთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. ომით და ძალისმიერი მეთოდებით კი, ეს გამორიცხულია.

-ბატონო თამაზ, ,,ქართულ ოცნების’ სხვა ყველაფერი მოგწონდათ?

 -სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ შეასრულა ის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას და იგი, თავიდანვე გახდა კოჰაბიტაციის ტყვე. ეს თავმოხვეული იყო უცხოეთიდან – რესპუბლიკელების მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ კოჰაბიტაციამ შეაფერხა სამართლიანობის აღდგენა..  სწორედ, ამის შედეგია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სააკაშვილის რეჟიმი, სამართალი დღემდე ვერ იპოვეს.  იმ პერიოდში, 300 ათასი პრობაციონერი იყო და მრავალ ადამიანს, უკანონოდ წაართვეს ქონება..… სამწუხაროდ, მათთვის სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ის ჩინოვნიკები კი, რომელთა ხელმძღვანელობით უსამართლობა ხორციელდებოდა, დაუსჯელია.

-თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ ბატონ ბიძინასთან კონსულტაციის შემდეგ შევქმნი პარტიასო ანუ იგი თანახმა იყო, რომ  ასეთი პარტიის შეგექმნათ?

-ბატონ ბიძინასთან მქონდა კონულტაციები და შევძელი, რომ  დამერწმუნებინა. ჩემს აზრს აქვს არსებობის უფლება, მე ჩემი შეხედულება მაქვს, ბიძინას თავისი, მაგრამ პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებას.

-ვის მიიჩნევთ კონკურენტად არჩევნებში?

-ყველა პარტია კონკურენტია, ვინც არჩევნებში მონაწილეობს…..

-რითი ხართ გამორჩეული სხვა პარტიებისგან?

-გამოვირჩევით იმით, რომ ჩვენი კურსი  ცალსახად, არის პროქართული და ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან და პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესი უზენაესია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი მთავარი მიზანია: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 -ცნობილი სახეები, სხვადასხვა სფეროდან, რა ნიშნით გაერთიანდნენ თქვენს პარტიაში?

 - თავისი პოლიტიკური  მოღვაწეობით და ზოგადად, დამსახურებით ქვეყნის წინაშე.. მათი უმრავლესობა, 2012 წლამდეც  უსამართლობას ებრძოდა და დღემდე ასე აგრძელებს.  მათთვისაც მისაღებია ჩვენი საგარეო კურსი და მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხერხდა და საჭიროებს მეტ ძალისხმევას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ქართულ ოცნებაში’’, დამსახურების მიხედვით არ ხდებოდა პარტიის წევრების წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას საკმარისზე მეტი რესურსი გააჩნია, მაინც ,,გარედან’’ შემოყჰავდათ პოლიტიკური ლიდერები, რაც ნონსენსია.

 - რა შანსები  აქვს  თქვენს პარტიას არჩევნებში?

 - მოსახლეობას თუ სწორად მივაწვდით ჩვენს ხედვებს და საარჩევნო კამპანიას ნაყოფიერად წარვმართავდ, საკმაოდ სერიოზულ შედეგს მივიღებთ.  იმედია, შევძლებთ ისეთი წარმომადგენლობით მოსვლას ხელიუფლერბაში, რომ ჩვენს გარეშე, ვერცერთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხება.

 - ყრილობის ჩატარებას როდის გეგმავთ?

 -ყრილობას უახლოეს მომავალში ჩავატარებთ. მოგეხსენებათ, ახლახან დავაფუძნეთ პარტია და ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. ჯერ არ გვაქვს ოფისები,  ჩამოსაყალიბებელია რაიონული და რეგიონული სტრუქტურები და ა. შ.

-ბიზნესმენ ლევან ვასაძეთან თუ აპირებ თანამშრომლობას?

-არ გამოვრიცხავ ლევან ვასაძესთანაც გვქონდეს კონულტაციები...

- რას იტყვით ნაციონალების რევანშზე?

-მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი გზით, ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ გააჩნიათ. ასე რომ, ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბების მოტივით, იგივე სცენარის გამეორებას, რაც გააკეთეს 2003 წლის არჩევნების შემდეგ და რაც მოხდა უკრაინაში, მაიდანზე. უმრავლეობაში მოვა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვის, კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე ,,ქართული ოცნება’’. 

-ბატონო თამაზ, რა არის საქართველოთვის ყველაზე დიდი პრობლემა?

-ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

-როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი?

-ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, ერთი მხრივ, საფრთხის შემცველია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელიუფლება მოახერხებს სტრატეგიული მდგომარეობის სწორად გამოყენებას და ასევე, საკუთარი  და სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებას,  მათ შორის, რუსეთისაც, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნება.მოგეხენებათ, რომ ამ უკანასკნელს არ სურს ჩვენს ტერიტორიაზე, მითვის მტრული სახელმწიფოს სამხედრო ბაზების განთავსება. ასევე, გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების ინტერესები, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთიდან ევროპისკენ გაზისა და ნავთობის მიწოდებას, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ირანს და სომხეთს სჭირდებათ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, რომლიც საქართველოს გავლითაა. ყურადსაღებია, ჩინეთის დიდი პროგრამაც, რომელიც აბრეშუმის გზის აღდგენას გულისხმობს და საქართველოს გარეშე ვერ განხორციელდება... თუ ამ ყველაფერს სწორად გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება ეს ქვეყნები გახდნენ გარანტი იმისა, რომ ჩვენთან იყოს სტაბილურობა და დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა, რამეთუ, მათი ინტერესების უსაფრთხოება  იყოს უზრუნველყოფილი.

                    მზია გოგოძე
ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

No comments:

Post a Comment