Tuesday 30 January 2018

                                 
          ტურიზმი –საქართველოს მომავალია

                 მსოფლიოში ტურიზმი ეკონომიკურ აღმოჩენად არის აღიარებული, რადგან მის  განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მართლაც უდიუდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვემი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ამიტომაც, ტურიზმი სწრაფად გავნითარებადი სფერო გახდა და დღითიდღე იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, ტურისტული კომპანიებისა  და სასტუმროების რიცხვი.
ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრება ტურისტული კომპანია ,,გაიცანი საქართველო‘‘-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე.

   -ნიკა, ფაქტია, რომ  ჩვენი ქვეყნის მიმართ უცხოელი ტურისტების დაინტერესება ძალიან დიდია. როგორია სტატისტიკა, ბოლო ერთი წლის მანძილზე, რამდენი ტურისტი ეწვია საქართველოს?

   -მისასალმებელი ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი საგრძნობლად განივთარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს  წელს 7 000 000 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური და 3, 5 მილიონი ტურისტი ეწვია.
-ტურიზმს, როგორც საერთაშორისო ინდუსტრიას, შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და გაამდიდროს ბიუჯეტი...
-დიახ, ტურიზმს შეუძლია ფეხზე წამოაყენოს ქვეყნის ეკონომიკა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დაასაქმოს ადამიანები, ქვეყანაში უზრუნველყოს ვალუტის შემოდინება, გაზარდოს ბიუჯეტი, განავითაროს ინფრასტრუქტურა, გააფართოვოს შიდა ბაზარი და თანაბარ ნიშნულზე აიყვანოს რეგიონის ეკონომიკური განვითარება. აქედან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში ტურიზმი აღიარებულია  სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
ოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2, 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი შენატანია.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა - გაზი და ნავთობი, ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტრტული მიმართულება ტურიზმი უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ საქართველოს ამისთვის უდიდესი პოტენციალი აქვს ულამაზესი მთები, ზღვა, უდაბნო…სრული მრავალფეროვნებაა ამ კუთხით.  ასევე, გვაქვს შესანიშნავი სამზარეულო და ქართველი ხალხი განთქმულია თავისი სტუმარ - მასპინძლობით.

  -მიმაჩნია, რომ ტურიზმის განივითარებას ეკონომიკური სარგებლობის გარდა, დიდი წვლილი შეაქვს ხალხთა შორის ურთიერთობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში... თქვენ როგორ ფიქრობთ?

   -ნამდვილად ასეა... ტურიზმს, თავისი როლითა და ფუნქციით დიდი წვლილი შეაქვს გარემოს, კულტირული მემკვიდრეობის, ხალხთა შორის ურთიერთგაგების და მშვიდობის შენარჩუნებაში. საერთაშორისო ურთიერთობები კი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



    
 -როგორია ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები? ტურისტების მოზიდვის თვალსაზრთისით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისები... რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

   -ტურიზმის განვითარებასთან ერთად, თანდათან იხვეწება სერვისები და მომსახურების სფეროც. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას  ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. თამამად შეიძლება ითქვა, რომ საქართველოს აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, იყოს ერთერთი მოწინავე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, რომ ტურიზმი – საქართველოს მომავალია!.. რაც შეეხება სერვისებს და ინფრასტრუქტურას.. კარგია რაც გაკეთდა. მაგალითად: მესტია, ბათუმი, სიღნაღი, თელავი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და მოსაგვარებელი კიდევ ბევრია. ხშირად ვიხსენებ სვანეთის მაგალითს. მესტიაში სანამ ინფრასტრუქტურა მოეწყობოდა და მისასვლელი გზა გაკეთდებოდა, ტურისტებისთვის აქ ჩასვლა  მოუხერხებელი იყო და ფაქტობრივად, რეგიონი უპესპექტივოდ გვეჩვენებოდა.  ახლა კი, რადიკალურად სხვა სიტუაციაა და სიცოცხლე იგრძნობა. მოეწყო ინფრასტრუქტურა, გაიხსნა კაფეები, სასტუმროები, აშენდა შესანიშნავი ეროვნული მუზეუმი, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესოა  ქვეყანაში. ამას დაემატა ახალი სათხილამურო კურორტები - ჰაწვალი და თეთნულდი, რაც მეტ ხიბლს სძენს ამ ულამაზეს კუთხეს.. ასე რომ,  ერთი პატარა ხელის შევლება და კერძო ბიზნესი თავისით განავითარებს რეგიონს.  ვფიქრობ, რომ ნელნელა უმჯობესდება მომსახურების სერვისები. სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, მათ შორის გამოვყოფდი: გზებს და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში - ავარიულ შენობებს…… აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წელში დასრულდება თბილისი - სარფის ავტობანი, დაწყებულია მცხეთა - ლარსის გზის პროექტირება და სხვა პროექტებიც. ვფიქრობ, სამომავლოდ ბევრად უკეთესი სიტუაცია გვექნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ბუნების მოვლა - პატრონობა. სამწუხაროდ, ხშირად ტურისტების დაუდევრობითაც შეიმჩნევა  გარემოს დაბინძურების ფაქტები. თუმცა, მრავლად არიან ეკოლოგიაზე ზრუნვის მოსურნეებიც, რომლებიც აწყობენ აქციებს და ასუფთავებენ ბუნებას ზედმეტი ნარჩენებისგან, რაც დადებითი ტენდენციაა და მისასალმებელი ფაქტია.
    ასევე, პრობლემაა ისიც, რომ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ხშირად არიან თავმოყრილნი ბოშები, რომლებიც მიდმივად ცდილობენ უცხოელი ტურისტების გაქურდვას და ამის არაერთი ფაქტი ყოფილა… ამას წინათ, თავადაც შევესწარი ერთ ასეთ შემთხვევას კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე. კარგი იქნება თუ აღნიშნულ საკითხს, ყურადრებას მიაქცევენ შესაბამისი უწყებები.
  
   -ბოლო დროს, ძალიან მომრავლდა ტუროპერატორები და ტურისტული კომპანიები, რომლებსაც შემოჰყავთ უცხოელი ტურისტები... საინტერესოა, რამდენად ლეგალურია მათი საქმიანობა?

   -ამ საკითხს ცოტა სხვანაირად ვუყურებ... ბევრი ტურისტული კომპანიების არსებობა ერთის მხრივ კარგია, რადგან უფრო მეტი კონკურენციაა და მეტად მობილიზებულები ვართ... მეორე მხვრივ, მივესალმები თუ ეს საკითხი დარეგულირდება და თანაბარი კონკურენტული გარემო შეიქმნება.

    -ნიკა, რამდენიმე წელიწადია ტურისტული ბიზნესით ხართ დაკავებული… თქვენი კომპანია ,,გაიცანი საქართველო‘‘ კი, დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

    -უპირველეს ყოვლისა, ადამიანებთან უშუალო დამოკიდებულება, გულწრფელობა და საქმის სიყვარული.. ტურისტებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და ნდობის მოპოვება. დიდი ხანია ტურიზმით ვარ დაკავებული. ჩემი მეუღლე სალომეც  გიდია და ტურიზმის სფეროში საქმიანობს.. რაც შეეხება „გაიცანი საქართველოს“ ისტორიას, იგი, უკვე 6 წელია ბაზარზეა. ამ ხნის მანძილზე, ასობით ტური განვახორციელეთ და ჯამში, დაახლოებით 15 000 - ზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ჩვენთან ერთად. მოთხოვნიდან გამომდინარე, ბოლო პერიოში,  აქტიურად ვცდილობთ უცხოეთის ბაზარზე გასვლას. ჩვენს კომპანიას, უკვე ჰქონდა გასვლითი, ჯგუფური ტურები - სტამბოლში, კაბადოკიაში, ბაქოსა და ბუდაპეშტში. უახლოეს მომავალში, კონკრეტულად აპრილში, ვგეგმავთ იტალიის ჯგუფურ ტურსაც და იმედია, ეს სასიამოვნო სიახლე მოეწონებათ ტურისტებს.. ასე რომ, სამომავლოდ, კიდევ უფრო საინტერესო ტურებს ვგეგმავთ და მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ.

                                                         ესაუბრა   მზია გოგოძე











No comments:

Post a Comment