Tuesday 30 January 2018

პრობლემა

                           



 მოზარდი  და 
ძალადობა 
   

      ბოლო პერიოდში,  მოზარდებს შორის  ძალადობა და ურთიერთ დაპირისპირება ერთ-ერთი მტკივნეული  და აქტუალური პრობლემაა. ბავშვთა ძალადობის გამომწვევ რისკ-ფაქტორებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გვსაუბრება ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი.

     - ქალბატონო მანანა, რა იწვევს მოზარდებში
ძალადობას?

    - თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ  ძალადობრივ და დისჰარმონიულ ოჯახებში, ბავშვი პირდაპირ ან არაპირდაპირ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა - ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებას და სოციალიზაციას, არამედ ზოგჯერ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესაც. ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვი ხშირად მასზე სუსტზე ძალადობს, აქედან გამომდინარე, ძალადობის გამომწვევი მიზეზი პირველ რიგში არის ის ფაქტორი, რომ იგი სკოლაში, სახლში ან ქუჩაში ოდესღაც თვითონ იყო ფიზიკური და  ან ფსიქოლოგიური  ძალადობის მსხვერპლი. 

   -ძალადობის ერთ-ერთი ფორმა - ბულინგი,  განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა სკოლებში... როგორ დავიცვათ ბავშვები ასეთი აგრესიისგან, სად არის გამოსავალი?

  -აღსანიშნავია, რომ ძალდობრივი ქცევის პრაქტიკას ბავშვი, რომელიც ოჯახში ან სხვაგან ხედავს მაგალითს ან თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, წარმატებით იყენებს სკოლაში, რის შედეგადაც ვიღებთ მრავალრიცხოვან ბულინგის და ძალადობის ფაქტებს სკოლასა და ქუჩაში. 
გამოსავალი უნდა ვეძებოთ, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გარემოში და აღზრდის თავისებურებებში. არც მშობელმა არ უნდა გადააბრალოს ყველა არასასურველი მოვლენა სკოლის პედაგოგებს და მანდატურებს და არც სკოლამ არ უნდა გაიშვიროს ხელი მხოლოდ ოჯახისაკენ.  მაშინ, როდესაც მოზარდი სერიოზულ ძალადობრივ ქცევას ახორციელებს, ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა და იზრუნოს გამოსავალზე. 

  -როგორ ფიქრობთ, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ  შევამციროთ ძალადობა და თავიდან ავიცილოთ მოზარდებს შორის ე.წ. ,,ქუჩური გარჩევები?

    -ამისათვის ე.წ. „მზა რეცეპტი“არ არსებობს.  „ქუჩური გარჩევები“ როგორც წესი, მოჰყვება აგრესიულ ქცევას და ძალადობის ფაქტის გამოვლენას - მოზარდებს შორის. მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მწვავე პერიოდია, როდესაც როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად მთელი რიგი ძვრები მიმდინარეობს, ამას ხშირად მოჰყვება  ასოციალური და ანტისოციალური ქცევა. მშობლებსაც და პედაგოგებსაც დიდი ძალისხმევის გამოჩენა მართებთ, რათა თავიდან აიცილონ მოზარდის აგრესია და ძალადობრივი ქცევა. საზოგადოებამაც უნდა გაითავისოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე,  ყველა რგოლის ერთი პრინციპით მოქმედება კი თავიდან აგვაცილებს სავალალო შედეგებს. ზოგჯერ გართულებული შემთხვევებისას, აუცილებელია ფსიქოლოგის და ქცევის მართვის სპეციალისტის ჩართულობაც.
       
      - ქალბატონო მანანა, აღზრდის თანამედროვე მიდგომებით, ზედმეტი თავისუფლება ხომ ხომ  არ ენიჭებათ ბავშვებს? უფრო კონკრეტულად,  როგორ უნდა დაისაჯოს მოზარდი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში?

  -აღზრდის თანამედროვე მიდგომაში თუ მეგობრული აღზრდის სტილი იგულისხმება, რასაც ფსიქოლოგების უმეტესობა ემხრობა, რა თქმა უნდა,  აქაც ზომიერებაა საჭირო. მეგობრული აღზრდა არ უნდა გადაიზარდოს ჩაურევლობით აღზრდის სტილში, როდესაც მოზარდი რასაც უნდა, იმას აკეთებს. რაც შეეხება დასჯას, აქ ორი აზრი არ არსებობს, დანაშაულის ჩამდენი მოზარდი უნდა დაისაჯოს, რადგან დაუსჯელობა მასზე დამღუპველად იმოქმედებს, დაისწავლის, რომ შეიძლება დააშავოს და არ დაისაჯოს, შემდეგ ჯერზე კი შესაძლოა უფრო სასტიკი  დანაშაული ჩაიდინოს.

    -მტკივლეული პრობლემაა  - სუიციდი ბავშვებში... რატომ გახშირდა თვითმკვლელობა მოზარდებში?

     -სუიციდის შემთხვევები, საბედნიეროდ ყველაზე დაბალია ბავშვებში, ძირითადად კი თავს იჩენს ყურადღების დეფიციტის და დეპრესიის მქონე მოზარდებში. ზოგადად კი სიუციდს მიმართავენ ის მოზარდები, რომლებიც განიცდიან ოჯახში და საზოგადოებაში გაუცხოებას, იზოლაციას...
  
      -ასევე, რთული პრობლემაა  გვრცელებული ინტერნეტ-თამაშები და მისი გამომწვევი სავალალო შედეგები..  მშობლებმა როგორ უნდა მოარიდონ  ბავშვები ასეთ სახიფათო თამაშებს?

    -ფაქტია, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში, ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის  ბავშვების ცხოვრებას.  ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია დააკავშიროს  ბავშვები დანარჩენ სამყაროსთან. კომპიუტრი აუცილებელია ბავშვის შემეცნების სტიმულირებისათვის გამოვიყენოთ. თუმცა, ბევრ სიკეთესთან ერთად, ინტერნეტი უამრავ საფრთხესაც შეიცავს, კიბერ-ბულინგი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რომელიც გლობალურ ქსელში ჩართულ ბავშვს ემუქრება. გავრცელებული ინტერნეტ-თამაშები, ზოგჯერ არამყარი ფსიქიკის მქონე მოზარდებს უბიძგებს სუიციდისაკენ.
კომპიუტერის აკრძალვა - ილუზიაა, ამიტომ საჭიროა ბავშვს დავუწესოთ მასთან ურთიერთობის დრო. მშობელმა, ბავშვთან ერთად უნდა შეიმუშავოს  კომპიუტერის გამოყენების გრაფიკი, რომელიც უნდა შესრულდეს. თუ წესი დაირღვა, ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მეორე დღეს არ ექნება კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება. თუ გრაფიკს კარგად დაიცავს, დაჯილდოვდება კვირის ბოლოს  დამატებითი დროით კომპიუტერზე თამაშის უფლებით. ამასთან ერთად მშობელმა თვითონ უნდა მოუძებნოს შემეცნებითი გვერდი და გაიზიაროს მასთან ერთად შთაბეჭდილებები.
    
                             ესაუბრა  მზია გოგოძე






No comments:

Post a Comment