Monday 16 July 2018

მედია ტური

                     გრემის  სარეაბილიტაციო ცენტრში

     თანადგომა სასოწარკვეთილი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და დიდი ნუგეშია, რათა თავი გარიყულად არ იგრძნოს და ცხოვრების ხალისი  დაუბრუნდეს. გზასაცდენილი ადამიანისთვის კი, მხარში დგომა და მისი სწორ გზაზე დაყენება ერდროულად, დიდი მადლიც არის და დიდი სიკეთეც, რომელიც საბოლოოდ, ძალიან კარგი შედეგით მთავრდება. ამ მხრივ, უთუოდ აღნიშვნის ღირსია, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,, თანადგომა’’-ს საქმიანობა, რომელიც დიდი ხანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული  ბენეფიციარების განკურნებაზე.
 ახლახან,  ,,თანადგომა’’-ს ინიციატივით, დედაქალაქში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის ყვარელში, კერძოდ, გრემში მედია ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში, ჟურნალსიტებს საშუალება გვქონდა მოგენახულებინა გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, გავცნობოდით  იქაურ სიტუაციას და გავსაუბრებოდით  ბენეფიციარებს, რომლებთანაც უშუალო და გულახდილი დიალოგი შედგა. მასმედიის მხრიდან დაინტერესებამ, კეთილგანწყობამ და მათი პრობლემების გათავისებამ, დადებითად იმოქმედა თითოეულ ბენეფიციარზე, რომლებიც დიდი ნებისყოფის ხარჯზე, ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგის და არტთერაპიის მეშვეობით, მაქსიმალურად ცდილობენ ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
   სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და პროექტის კოორდინატორმა ვაჟა კასრელიშვილმა, საგულდაგულოდ დაგვათვალიერებინა ცენტრი, რომლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და აღჭურვილია თანამედროვე, საჭირო ინვენტარით. ცენტრი გათვლილია 13 ბენეფიცირზე და მათ აქ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რათა თავი კომფორტულად  და დაცულად იგრძნონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ცენტრში საშუალება აქვთ, წამალზე არ იფიქრონ და  ხელსაქმით დაკავდნენ. ბენეფიციარები მუშაობენ ბოსტანში და  თიხის საამქროში, სადაც თავინათი ხელით შესანიშნავ ნაკეთობებს ქმნიან.  მათი პედაგოგი, კერამიკოსი თემურ კევლიშვილი კმაყოფილია ბენეფიციერების მონდომებით და შექმნილი ნივთებით. კარგი შედეგები
აქვს ფსიქოლოგის ელისო ჩაჩხიანის ჩატარებულ კურსებსაც, სადაც ბენეფიციარები  გულახდილები არიან და პროფესიონალის რჩევებს,  შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ. მსოფლიო პრაქტიქამ აჩვენა, რომ არტ-თერაპიას, მკურნალობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. 
    ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში გამოფენილი ნაკეთობები, გულგრილს არავის ტოვებს. აქ თითქოს სიურეალისტური სიუჟეტებია წარმოდგენილი, რომლებიც  ბენეფიციარების სულის გამოძახილია, ფერთა გამაც მათ შინაგან განწყობაზე მიგვანიშნებს.  თითოეული ქმნილების შინაარსი კი, სიმბოლური და შტამბეჭდავია..
      თემურ კევლიშვილი, მხატვარ-გრაფიკოსი,  კერამიკოსი: რამდენიმე თვეა, რაც ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში თიხაზე ვმუშაობ. მაქვს ჩემი მუშაობის სტილი და ბენეფიციარებს ვასწავლი თიხის დამუშავებას. ძირითადად, ვიყენებთ ადგილობრივ (იყალთოს, ვარდისუბნის) თიხას, ასევე, ვყიდულობთ თურქულ ნედლეულსაც.
კერამიკაზე მუშაობა თითოეული ბენეფიციარისთვის მნიშვნელოვანია, რემეთუ, ივიწყებენ პრობლემებს, წყნარდებიან და მშვიდდებიან. თავიანთ შექმნილ პროდუქციას რომ ხედავენ, შემდეგ გამოფნაზე გაიტანენ, ეს მათთვის დიდი მოტივაცია სტიმულის მიმცემია. თავიდან უჭირთ, მაგრამ თანდათინ სწავლობენ. კვირაში ერთხელ გვაქვს მეცადინეობა, გვაქვს მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ზოგს მე თვითონ ვაძლევ მიმართულებას, არიან ისეთბიც, რომლებსაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ. თემებს ჩვენც ვთავაზობთ და თავიანთ იდეებსაც გვიზიარებენ. მაგალითად, გამორჩეული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა გოჩა დიასამიძე, რომელიც საინტერესო ნაკეთობებს ქმნის.

    გოჩა დიასამიძე, ბერეფიციარი:  მიყვარს თიხაზე მუშაობა, რადგან საინეტერსო და ძალიან აზარტულია. ჩემთვის ეს არის დაკავებული დრო და გაჩენილი ინტერესი. დავიბადე და გავიზარდე თელავში, ამჟამად ოჯახი არ მყავს.  მიყვარს ხელოვნება და ამ მხრივ ბავშვობიდან მქონდა გატაცება.  დედა მუშაობდა კერამიკულ საამქროში და იქაც ვძერწავდი სხვადასხვა გამოსახულებებს.ვაპირებდი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, თუმცა, ჩემი ცხოვრება სხვა გზით  წარიმართა. ნატკოტიკებს გემო 17 წლის ასაკში გავუსინჯე... შემდეგ გავხდი  წამალდამოკიდებული... 3 წლის წინ კი, ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხდი რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც აქამდე შემოვრჩი. აქ ყველანაირი პირობები გვაქვს ნორმალური ცხოვრებისთვის. კვება, ფსიქოლოგიური დახმარება, არტ თერაპია და ყველაფრი ჩვენვის არის უფასოდ. ამჟამად,  სულ რამდენიმე ბენეფიციარი ვართ. არტ თერაპიამ  პრობლემების დაძლევაში ძალიან  დამეხმარა, მაქვს სამომავლო გეგმები და მინდა ჯანსაღ ცოხვრებას დავუბრუნდე. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი წამალდამოკიდებული, მაგრამ ღმერთის წყალობით პრობლემას მოვერიე და შპრიცის დანახვაც აღარ მინდა. ცენტში ცხოვრებას თავისებური წესები აქვს, სოფელის მკვიდნი თავიდან უნდობლად ვიყურებდნენ, მაგრამ თანდათან მათთან კეთილმეზობლური დამოკიედებულება ჩამოგვიყალიბდა, ერთმანეთს ვეხმარებით რთველში და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში.
ახალგაზრდებს მივმართავ და ვურჩევ, რომ ნარკოტიკს არ გაეკარონ, თან ახლა მომწამვლელ კუსტარულ ნივიერებებს იკეთებენ, რაც  არ კონტროლდება. ეს დიდი უბედურებაა, რომელიც თანდათან ანგრევს ადამიანის ორგანიზმს და საბოლოოდ კი, სავალალო შედეგი აქვს. საკუთარ თავზე გამოვცადე, ძალიან ძნელია დაამრცხო ეს სენი,  ებრძოლო  და გაუმკლავდე სატანას.

    ვაჟა კასრელიშვილი ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი: გრემის ცენტრში კერამიკული სახელსონო ევროკავშირის დაფინანსებით  2015 წელს  გაიხსნა. მათი ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს  მსგავსი სახელოსნოები თბილისში, სოციალური ბიურო და საწარმო,  ასევე, სასჯელაღსრულებით (ორციხეში მე-15 ქსნის და გეგუთის მე-14 )  დაწესებულებებში.  სახელოსნოში იქმნება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, რომლის გამოფენა და გაყიდვაც 5 ივნისს გაიმართა, შემოსული თანხა (450 ლარი)  ბავშვთა ჰოპისს გადავეცით. მსგავსსი გამოფენ-გაყიდვა სამომავლოდაც იგეგმება. რაც შეეხება ცენტრს, იგი  ათზე მეტ ადამიანზეა გათვლილი და უფასოა. რეაბილიტაციის პერიოდი ერთიდან სამ თვემდეა.. აქ არიან ნარკომომხმარებლები და ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები  გახსნის დღიდან სულ 30 ბენეფიციარი გყვავდა. არტ თერაპიის გარდა, გვაქვს ფსიქოლოგიური კონსულტაციები და შრომითი თერაპია, რაც ითვალისწინებს სასაოფლო სამეურნეო საქმიანობას.  სამომავლოდ  ვაპირებთ, მეფუტკრეობის და მეფრინველეობის განვითარებას. ცენტრის შენობა კეთილმოწყობილია და ინფრასტრუქტურაც მოწერიგებულია, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოვება იგეგმება. სამომავლოდ შენობის მე -3 სართულის რეკონსტრუქცია იგეგმება და იქნება ორი დიდი ოთახი შეხვედრებისთვის და ფილმების ჩვენებისთვის; ასევე, გათვალისწინებულია ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი  დარბაზის გახსნა. ცენტრის დაარსება განხორციელდა  ორი პროექტის  ფინანსური მხარდაჭერთ... ცენტრი, ძირითადად, არის სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც სპეციალისტები და პროგრამაც აგებულია იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ გადაიტანა ზემოთ აღნიშნული პრობლემა, მაგრამ გაიარა გადამზადება. ამას გარდა, გვაქვს ფსიქოლოგის, ფსიქო-თერაპევტის სერვისები, რომელიც აძლლიერებს მათ მუშაობას და ხელს უწყობს ბენეფიციარების რეაბილიტაციას.

   საგულისხმოა, რომ ცენტრი ,,თანადგომა’’ საქართვრლოში, დიდი ხანია ფუნქციონირებს, რომლის მეშვეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი, ძირითადად, წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. გრემის სარეაბილიტაციო ცენტრიც ,,თანადგომა’’-ს ერთ-ერთი პროქტია.

     ირმა კახურაშვილი, ჟურნალისტი, ცენტრ ,,თანადგომა’’-ს წარმომადგენელი:
    - გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ის პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა, რომელიც სრულიად უფასო სერვისებს სთავაზობს წამალ დაამკოდამოკიდებულ ადამიანებს. ცენტრი ზრუნავს და ქმნის პირობებს მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის.ცენტრის ბენეფიცირები, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან არტ და შრომითი თერაპიას. ასეთი დახმარება 2016 წლიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
     ცენტრის მიზანია ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი დაუბრუნდეს ოჯახს, საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან ბენეფიციარებს სიფხიზლის შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში. ცენტრს ჯერ არ ჰყოლია ბენეფიციარი ქალები, რომლებისთვისაც შენობაში ცალკე საცხოვრებელი სივრცეა კეთილმოწყობილი. ცენტრი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ და დონორების - ევროკავშირისა და „შიდსის ფონდი - აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს. „თანადგომა“ პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც დამოკიდებული ადამიანებისთვის ქალაქგარეთა ფსიქო-სოციალური ცენტრი დაარსა.ცენტრში ბენეციფიარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაჰყონ მინიმუმ ერთი თვე. ერთბაშად ცენტრს შეუძლია 12 ბენეფიციარის მიღება. ცენტრში მოსახვედრად აუცილებელია ნებისმიერი სქესის ადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, მათთან მუშაობა სხვა მიდგომებს საჭიროებს) იყოს რემისიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების სურვილი. ცენტრის ბაზაზე მუშაობს კერამიკის სახელოსნო. მომავალში იგეგემება სხვადასხვა ტიპის მეურნეობის გამართვა.  სარებილიტაციო ცენტრს აქვს თავისი დღის რეჟიმი და წესები. აქ მუშაობს „12 ნაბიჯის“ პროგრამა. მომავალში იგეგმება სხვა, ალტერნატიული სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.
    აღსანიშნავია, რომ გრემში სტუმრობისას,  მედიისთვის დაანონსდა ცენტრ „თანადგომა-“ს,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის, 4 საპრიზო ადგილით, ფულადი პრიზით თითოეულისთვის 1400 ლარის ოდენობით. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ, პატიმრების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების პოპულარიზაცია და მათ მიმართ არსებული სტიგმის შემცირება.
     გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფოიეში, თვალშისაცემია კედელზე გაკრული აბრა წარწერით: ,, ნარკოტიკს საბოლოოდ თავს ყველა ანებებს, მხოლოდ რჩეულები სიცოცხლეში''..   მისასალმებელია, რომ  არსებობს დაწესებულება, სადაც ეხმარებიან  ადამიანებს  დაძლიონ  ნივთიერებაზე დამოკიდებულება, შეინარჩუნონ სიფხიზლე და დაუბრუნდნენ საკუთარ  ოჯახებს.

                                      მზია გოგოძე


No comments:

Post a Comment