Saturday 9 April 2016

9 აპრილი

 ტრაგედია, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა!


 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა... 1989 წლის 9 აპრილი - ქართველი ხალხისთვის, ერთდროულად ცრემლის და სიხარულის დღეა, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელია. სწორედ, ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დაოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 9 აპრილი, საბჭოთა კავშირის სივრცეში იყო უნიკალური პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც კომუნისტურ წყობას საფუძველი შეურყია. ეს თარიღი არის ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება. 9 აპრილს დაღუპული ჩვენი თანამემაულეები კი, ეროვნული გმირები არიან,  რომელთა თავგანწირვას დავიწყება არ უწერია.
 
,,ჩვენი სკოლა იხსენებს 9 აპრილს’’- ასეთი იყო სახელწოდება ღონისძიებისა, რომელიც თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში გაიმართა და რომელსაც ესწრებოდნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, დედაქალაქის საკრებულოსა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები.
   ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლოცისა და სანთლების ფონზე, გაიხსენეს  საქართველოს პატრიარქის მიმართვა 9 აპრილის მომიტინგეებისადმი.  ასევე, მოიგონეს დაღუპული თანამემამულეები და პატივი მიაგეს  მათ ხსოვნას.
მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ლიტერატურული - მუსიკალური კომპოზიცია, წაიკითხეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები და ქართველი კომპოზიტორების სიმღერები: ,,ტიტები’’, ,,თავისუფალ საქართველოს მზეო’’,,შავლეგ შენი შავი ჩოხა’’ და სხვები.
  ღონისძიებაზე, დიდი მოწონება დაიმსახურა: ლაშა შარაბიძის, ლიზა გაგულიას, გუგა მანჯგალაძის, ელენე და სალომე ტლაშაძეების შესრულებულმა სიმღერებმა, მათ აკომპანიმენტს უწევდა მუსიკოსი მაია მარშანია. სტუმრები, ასევე მოიხიბლნენ მოსწავლეების: ვაკო აბრამოვის, ლანა ჩეკურიშვილს, ანა მაკარაშვილს და ანა ბიძინაშვილის მხატვრული კითხვით.
დარბაზში, დიდი ოვაცია გამოიწვია და მხურვალე ტაში დაიმსახურა  ლუკა ჯანელიძის ემოციურად წაკითხულმა ლექსმა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა...
შთამბეჭდავი იყო, მე-9 სკოლის მუსიკის პედაგოგის: ნანა ზარქუას მიერ შესრულებული სიმღერა ,,საქართველო აყვავდები ისევ’’...

  მარინა გიგაური , თბილისის  მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი:     აღსანიშნავია,  რომ ღონისძიებაში მონაწილებდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლის დამრიგებელი გახლავთ ელეონორა ფერაძე., ხოლო სცენარის ავტორია: მუსიკის პედაგოგი: ნანა ზარქუა, მათ ჩვენც დავუდექით გვერდში და ასეთი ლამაზი ღონისძიება გავმართედ. 9 აპრილი ჩვენი ერის ისტორისში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომლის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩები.  ეს ის დღეა, სადაც ერთად არის ჩაქსოვილი ტკივილი, პატრიოტიზმი, თავისუფლების სიყვარული, ერთიანობა. სამწუხაროდ თავისუფლებისადმი ლტოლვამ შეიწირა ჩვენი თანამემამულები . 9 აპრილის თემა - ბავშვებში იწვევს დიდ შინაგან და ფსიქოლოგიურ გარდატეხას.. აღნიშნულ ღონისძიებაში მონწილეობა მნიშვნელოვანია, მოსწავლეების ზნეობრივი და მორალური თვალსაზრისით,Pმათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისისათვის.  სწორედ, სკოლის კედლებიდან იგრძნობს ბავშვი, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული, მოყვასისადმი პატივისცემა, თავგანწირვა ქვეყნისთვის და დარწმულებული ვარ, რომ ეს თვისებები მათ ბოლომდე გაჰყვებათ. ჩვენი სკოლა მოწოდებულია იმისთვის, რომ ბავშვებს მაღალი დონის განათლება მივცეთ, ჩამოუყალიბოთ მათ დიდი პიროვნული თვისებები, რათა აღიზარდნონ ღირსეული ადამიანები. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, ოლიმპიადებში, ვიქტორინებში, ინტეგრირებულ გაკვეთილებში. სულ ახლახანს, ჩვენმა სკოლამ ვიქტორინაში ,,რა, სად, როდის’’, რომელიც აკაკი გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა, პირველი ადგილი მოიპოვა. ასე რომ, ჩვენი ბავშვები დიდი შემართებით არიან და მეც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად სრულყოფილი ცოდნა გავატანო სკოლიდან.

  
   ელეონორა ფერაძე,  მე-9 სკოლის პედაგოგი მე-7 ა კლასის დამრიგებელი: ღინისძიების ჩატარების იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ბავშვებთან საუბარი მქონდა საქართველოს გმირებზე. მათ მწირი ინფორმაცია ქონდათ 9 აპრილის შესახებ და არ იცოდნენ  რატომ ავღნიშნავთ ამ დღეს.. ამიტომ, გაგავწყვიტე ღონისძიების ჩატარება. ბავშვები, თავად იყვნენ ჩართულები მის მომზადებაში, მოიპოვეს ინფორმაცია და... ახლა, უკვე იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი  დღეა  9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიხარია, რომ ასეთი დიდი ინფორმაცია მივეცით ბავშვებს...

  ნანა ზარქუა, მე-9 სკოლის მუსიკის მასწავლებელი: მე გახლავართ პიესის ავტორი. ეს უკვე მეორე ღონისძიებაა, რომელიც აღნიშნულ სკოლაში ჩავათარე. ასევე, გვქონდა  ძალიან კარგი საახალწლო ზეიმი. მე-9 სკოლა გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, კარგი კოლექტივია, ქალბატონი მარინა შესანიშნავი პიროვნებაა. დირექტორმა და სკოლის დამრიგებელმა როგორც კი მომმართეს, მაშინვე დავგეგმეთ ღონისძიება და ვფიქრობ, მშვენიერი გამოვიდა. ბავშვები, მართლაც ნიჭიერები არიან და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას.. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა..…

  დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და აღნიშნეს, რომ ბავშვებმა მშვენივრად გაითავისეს  9 აპრილის ტრაგედია და გულწრფელად გადმოგვცეს  თავიანთი შინაგანი განწყობა. აღნიშნული ღონისძიებით, მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ თანამემამულეებს, ჩვენს ეროვნულ გმირებს...

           მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment