Wednesday 23 December 2015

29-ე ბაგა-ბაღი

ბავშვებს ხიბლავს ეს ზღაპრული  სამყარო

  - არაჩვეულებრივი წესრიგი, სისუფთავე, კომფორტი და რაც მთავარია, მომავალ თაობაზე განსაკუთრებული ზრუნვა, მათი სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდა - ეს გახლავთ დევიზი თბილისის 29-ე საბავშვო ბაგა-ბაღისა, რომელიც ყოველთვის დისციპლინით გამოირჩევა და მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული. ბაღში შესვლისთანავე იგრძნობა მზრუნველი ხელმძღვანელის ხელი. ეზო მოპირკეთებული და დამშვენებულია ლამაზი ყვავილებით თუ სათამაშოებით. საბავშვო ოთახები და დერეფნები ისეა მორთულ-მოკაზმული თვალსაჩინოებებით, თავი ზღაპრულ სამყაროში გეგონებათ. ინფრასტრუქტურაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, იგი აბსოლუტურად მოწესრიგებულია, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა...ერთი სიტყვით, ბაღში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პატარებმა თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნონ. 29-ე ბაგა-ბაღს სათავეში უდგას ღვაწლმოსილი პიროვნება, თავისი საქმის კარგი მცოდნე ლალი ნოზაძე. იგი, უკვე 35 წელიწადია ბაღში მოღვაწეობს და ვინ მოთვლის რამდენი თაობის აღმზრდელია. არის 4 შვილის დედა და 13 შვილიშვილის ბებია, ამიტომაც კარგად ესმის ბავშვის ფსიქოლოგია და დიდი რუდუნებით და სიყვარულით ემსახურება პედაგოგის ამ საპატიო პროფესიას. საამაყოა ის ფაქტი, რომ ქალბატონი ლალი გახლავთ ცნობილი მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის რამაზ ნოზაძის დედა. ქალბატონმა ლალიმ თავდაპირველად აღმზრდელად დაიწყო
მუშაობა, იყო პროფკავშირის თავმჯდომარე და სანიმუშო მუშაკი, ამიტომაც აირჩიეს ბაღის ხელმძღვანელად. და უკვე, 31 წელიწადია ბაღის დირექტორია და ჩინებულად უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ ხნის მანძილზე, გასახსენებელიც ბევრი აქვს და მოსაყოლიც... იყო ბედნიერი წუთებიც და მძიმე დღეებიც... მაგრამ იგი, მაინც მყარად იდგა, მუხლჩაუხრელად შრომობდა, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა მოპოვებული ავტორიტეტი შეენარჩუნებინა და ღირსეულად გაეგრძელებინა ბაღის ტრადიციები.
            ლალი ნოზაძე: ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ ბაღი ჩემი მეორე ოჯახია. მიყვარს თითოეული აღსაზრდელი და სულ ამას ვამბობ; როცა ისინი კარგად არიან, მეც ბედნიერი ვარ. ბავშვებისგანაც დიდ სითბოს ვგრძნობ და ეს მასულდგმულებს... ჩემი მუშაობის მანძილზე არაერთ სიძნელეს წავაწყდი, იყო გაჭირვების პერიოდი, მწირი დაფინანსება, რაც საკვებზეც არ გვყოფნიდა... ბაღი თბებოდა შეშის ღუმელით. ჩვენ გამოსავალს მაინც ვპოულობდით, ვაგროვებდით თანხას (შემოწირულობის სახით) და ერთიანი ძალისხმევით, მაინც ვახერხებდით პატარების კარგად გამოკვებას. დღეს კი, სულ სხვა ვითარებაა... გვერდში გვიდგას    საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. ბაღში ყველაფერი მოწესრიგებულია. ბაღი გადატვირთულია. ბავშვთა რაოდენობის მატება ალბათ, იმან გამოიწვია, რომ ქვეყანაში მოიმატა შობადობამ და ასევე, იმითაც არის განპირობებული, რომ ბაღი უფასოა და კვებაც ძალიან კარგია, განსაკუთრებით, წელს, მენიუ მრავალფეროვანია, დაცულია კალორიულობა, ცილების და ცხიმების რაოდენობა. ბავშვი იღებს 1500 კალორიას. კვება ოთხჯერადია, არის რამდენიმე სახის საკვები: წვნიანი, სალათები, ხორციანი კერძები, გარნირი, დესერტი _ იოგურტი, ხილი _ ბანანი, ვაშლი, კომში და ა.შ. ვიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტებს. დიდი ყურადღება გვაქვს თემურ თორდინავასგან, სწორედ მისი დახმარებით მოვაწესრიგეთ ეზო და დავამონტაჟეთ 25 სხვადასხვა სახის სათამაშო, რაც პატარებს ძალიან ახარებს და მშობლებიც მადლობას გვიხდიან. ბაღი აღჭურვილია ყველანაირი ინვენტარით, სათამაშოებით, სხვადასხვა ლიტერატურით. ბავშვებს აქვთ კარგი საძინებელი და თეთრეული. 4 ჯგუფი იძინებს. ბაღი ჩართულია სასკოლო მზაობის პროგრამაში და ყველანაირ პირობას ვუქმნი მათ სათანადო აღზრდა-განათლება მიიღონ. ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს, განვაახლოთ სასწავლო პროცესი და ახალ-ახალი წიგნები შევიძინოთ.
    ბაღი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრებით. რომლებსაც ერთმანეთთან მეგობრული და თბილი დამოკიდებულება აქვთ. და რაც მთავარია, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.გვყავს კარგი ფსიქოლოგი და ლოგოპედი, რომლებიც ამჟამად, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობენ. დირექტორის მოადგილე _ გულნაზ შიუკაშვილი ახალი კადრია, მაგრამ თავისი საქმის მცოდნე და სკოლამდელი აღზრდის სფეროში ღრმად ჩახედული. არის მეგობრული და კომუნიკაბელური. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მეთოდისტის ნანა ღონიაშვილის ღვაწლი. იგი 22 წელია ბაღში მუშაობს და კარგი სპეციალისტია. აქ სრულიად ახალგაზრდა მოვიდა და დედამისმა (რომელიც ადრე გარდაიცვალა), საკუთარი შვილივით ჩამაბარა და ყოველთვის ვმფარველობ მას... განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ექთნის _ ზოია ჭანკვეტაძის გულისხმიერება და სათუთი დამოკიდებულება პატარების მიმართ. ძალიან ენერგიულია და მუდამ ზრუნავს აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე, საბუთებიც მოწესრიგებული აქვს და ძალიან კომპეტენტურია. სამწუხაროდ, საბავშვო დაწესებულებებში ინფექციის გავრცელების შემთხვევებიც არის და ახლახან, მოხდა ცუდი ფაქტი, ჩუტყვავილას დიაგნოზით გარდაიცვალა ჩვენი აღსაზრდელი თინათინ მესხიძე (სამი წლის და შვიდი თვის), რომელიც თავის უფროსი დისგან დაინფიცირდა (იგი სკოლის მოსწავლეა). ჩვენ, ჯერ კიდევ, შოკში ვართ და მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ფაქტის გამო. ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სწავლაც განახლდა. საქებარი სიტყვა უნდა ვთქვათ საქმეთა მწარმოებლის _ მაკა ჩხაიძის და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – ნინო ჭანკვეტაძის მისამართით, ისინი დიდი შემართებით აკეთებენ თავიანთ საქმეს. პატარებზე მზრუნველობით გამოირჩევიან ბაღის აღმზრდელები, ისინი სულ ცხრამეტნი არიან და ყველა ერთმანეთზე უკეთესია. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პატარები სკოლაში მომზადებულები გაუშვან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მზარეულებს, რომლებიც ძალინ გემრიელ კერძებს ამზადებენ და დაუღალავად შრომობენ. ჩვენი ექთნის ინიციატივით, ყოველ სექტემბერში და მაისში ვწონით ბავშვებს და აღმოჩნდა, რომ ისინი აქ წონაში საგრძნობლად იმატებენ, რაც ნოყიერი საკვების შედეგია. აღსანიშნავია, მუსიკის მასწავლებლების: მაია მირიანაშვილის და მაია ბასოშვილის საქმიანობა, რომლებიც ყველანაირი ღონისძიების სულისჩამდგმელები არიან. ბაღში, ტრადიციულად იმართება ზეიმები. ახალი წესების თანახმად, ზეიმებზე მშობლები აღარ ესწრებიან. მართალია, ისინი ამ სიახლეს აპროტესტებენ, მაგრამ მათ გარეშე, ღონისძიებაზე პატარები, უფრო თავისუფლები და გახსნილები არიან..
ამჟამად კი, საახალწლო ზეიმისთვის ვემზადებით. უკვე სამი წელიწადია, სააგენტოს მიერ გადმორიცხული თანხით, ვიწვევთ ფიფქიას და თოვლის ბაბუას, რომელებიც პატარებს გემრიელ ნუგბარსაც ურიგებენ და მათ მშვენივრად ართობენ. ახლახან, ჩვენ მივიღეთ შეტყობინება სააგენტოდან, რომ 29 დეკემბრამდე, მოგვიტანენ საჩუქრებს პატარებისთვის საახალწლოდ. სააგენტოს გვერდში დგომა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, მადლობა მათ ამისათვის. მინდა გულისტკივილით აღვ¬ნიშნო ერთი ფაქტი, რომელიც ჩემი შვილის რამაზ ნოზაძის გულისთვის მოხდა _ ნაციონალების დროს... კონკრეტულად, რამაზის შელაპარაკება მოუვიდა გიგი უგულავასთან და ამის გამო, ამ უკანასკნელმა განიზრახა ჩემი სამსახურიდან გაშვება. შემოწმება გამოგზავნეს და ვერაფერი ხელჩასაჭიდი დარღვევა ვერ იპოვეს, მაგრამ მაინც გამათავისუფლეს... ეს ფაქტი გააპროტესტა მთელმა კოლექტივმა... შემდეგ, სასამართლოში სარჩელი შევიტანე, ამ პერიოდში ხელისუფლებაც შეიცვალა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, სამართალმა იზეიმა და ისევ დავბრუნდი ჩემს სამსახურში. ბავშვები ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ ისინი ჩემთვის შვილებივით არიან. მათ ტრადიციულად, ყოველდღე მოვიკითხავ ხოლმე და ყველას ვეალერსები. ბევრი მათგანი, უკვე ჩემი აღზრდილის შვილიშვილია. საკუთარი შვილები და შვილიშვილებიც აქ აღვზარდე და ამ ბაღის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ჩემს თანამშრომლებს ხშირად ვახსენებ მარკესის სიტყვებს: ,,ადამიანს უნდა მოეფერო სანამ ცოცხალია და სანამ გვერდში გიდგას, თორემ, როცა მოკვდება, მერე სინანული ძალიან გვიანი იქნება''. ყველას მოუწოდებ, გვიყვარდეს ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს, გაძლიერდეს და პირობები შევუქმნათ მომავალ თაობას, უკეთეს გარემოში ეცხოვროთ.

    ლალი ნოზაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არამარტო თავის თანამშრომლებში, არამედ მთელ სკოლამდელი აღზრდის სისტემაში. მას იცნობენ და აფასებენ. ქალბატონ ლალის ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, სულის სიმხნევეს, ხანგრძლივ მოღვაწეობას და კიდევ არაერთი თაობის აღზრდას. მასთან ერთად ბაგა-ბაღის ყველა ბინადარს ვულოცავთ შობა-ახალ წელს!

                 მზია გოგოძე

გაზეთი ,,სახალხო განათლება+''
23 დეკემბერი 2015 წელი

No comments:

Post a Comment