Sunday 13 December 2015

მედიცინა

                                                       ,,ჰეპა პლიუსი’’ იუბილარია

   C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების თვითორგანიზაცია ,,ჰეპა პლიუსი’’ თბილისში, 5 წელიწადია, რაც შეიქმნა და მისი მიზანია: აღნიშნული ვირუსით დაავადებულ პაციენტებზე ზრუნვა,  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ინფორმირებულობა, ზიანის შემცირება და სხვა.

   მანანა სოლოღაშვილი ფსიქოლოგი,  არასამთავრობო ორგნიზაციის ხელმძღვანელი: ,,ჰეპა პლიუსი’’ C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტთა პირველი თვითორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა: წამალდამოკიდებულებებთან მუშაობა  - ზიანის შემცირების პრინციპებით.

   საგულისხმოა, რომ თავისი არსებობის მანძილზე ,,ჰეპა პლიუსი’’ არაერთ პაციენტს დაეხმარა. ორგანიზაციის წარმომადგენლები კი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ადვოკატირების ჯგუფთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ C ჰეპატიტის ხელმისაწვდომი მკურნალობის და დიაგნოსტიკის  (ადვოკატირების) სფეროში.  წლების განმავლობაში, პაციენტთა თემი ცდილობს C ჰეპატიტი წარმოჩინოს - როგორც პრობლემა და ამისათვის, პროტესტის სხვადასხვა ფორმას, საინფორმაციო კამპანიებს და მასობრივ ღონისძიებებს იყენებს. შედაგად კი, მათ ათასობით პაციენტის მობილიზება შეძლეს და C ჰეპატიტი გახდა ცნობადი პრობლემა, რომლის უგულებელყოფაც მთავრობას არ შეეძლო. მავრობამ კი, პაციენტთა მკურნალობის თაობაზე პოლიტიკური ვალდებულება აიღო.
  აღსანიშნავია, რომ დღეს, C ჰეპატიტის მკურალობის ხელმისაწვდომობა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

  ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის,  პირველი ეტაპის ღონისძიებებში  5 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული. შედეგებით კმაყოფილი ვართ და ამჟამად, 40-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა. უკვე ხელმოწერილია მეორე ხელშეკრულებაც და მალე შემოვა საქართველოში ახალი მედიკამენტები, შედეგად კი, 20 ათასი ავადმყოფი განიკურნება. აუცილებელია, ქვეყანაში ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი სტატუსი, არის თუ არა ის ც ჰეპატიტის მატარებელი. ლაბორატორიები  აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით და ამ ეტაპზე,  8 ათასამდე ადამიანმა გაიარა სკრინინგი, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ჩაიტაროს გამოკვლევა... ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი სილამაზის სალონებში, რადგან ასეთ დაწესებულებებში  ვირუსის გადაცემის დიდი საშიშროებაა. აღნიშნულ ინიციატივას, მხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოებამაც...
        ახლახანს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრში, ორგანიზაცია ,,ჰეპა პლიუსი’’-ს  5  წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სათემო ორგანიზაციების სფეროში მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო,  დონორი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.
         ღონისძიების ფარგლებში გაიმართა იმ ღვაწლმოსილი  ადამიანების დაჯილდოვება, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს C ჰეპატიტის მკურნალობა-დიაგნოსტიკის სფეროში, პაციენტთა თემის  მხარდაჭერასა და ეფექტურ თანამშრომლობაში.

                         მზია გოგოძე




No comments:

Post a Comment