Sunday 13 December 2015

განათლების რეფორმა

                          
რა ხდება               უნივერსიტეტში?
  
   ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, ჩატარებულ რეფორმასა და პრობლემებზე გვესაუბრება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი  გიორგი გოგოლაშვილი.

   -უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ბოლო ათწლეულში, ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა. დედაუნივერსიტეტის ისტორიაში, იყო ერთი მძიმე პერიოდი - გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლოს და ოცდაათიანი წლების დასაწყისი და მეორე იყო ათიოდე წლის წინათ  - 2004 წლიდან 2013 წლამდე. მოგეხსენებათ, რომ 2013 წელს, უნივერსიტეტში ჩატარდა რექტორის არჩევნები, სადაც  რექტორის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა რანდენიმე კანდიდატურა. წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ კარგად წარიმართა და ჩატარდა გამოკითხვა პროფესორ-მასწავლებლებისა თუ საზოგადოების.. საბედნიეროდ,  წინასწარი გამოკითვის შედეგები და რეიტინგების პასუხები იყო ისეთი, რაც აჩვენა არჩევნებმა. რექტორის თანამდებობა კი, დაიკავა პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ. მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში, პროცესების შორიდან მაყურებელი გახლდით, რადგან 2006 წელს მე და ჩემმა გუნდმა, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ უნივერსიტეტი, მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ცუდი ურთიერთობის გამო. სამწუხაროდ, იმ პერიოდში უნივერსიტეტი ნორმალური განვითარების კალაპოტიდან იყო ამოვარდნილი. იმჟამინდელი ხელმძღვანელობა  აკეთებდა იმას, რაც მათ სურდათ თავიანთი მიზნებისთვის და არა იმას, რასაც მოითხოვდა კანონმდებლობა. ჩვენი ვიბრძოდით იმისთვის, რომ რეფორმა მოქცეულიყო კანონის ფარგლებში, რისთვისაც  ხელისუფლებამ დაგვიპირისპირა ყველანაირი ძალა _ პოლოცია, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. თუმცა, საბოლოოდ, მათ თავიანთი გაიტანეს. წინა პერიოდში,  სამი არჩევნები ჩატარდა - აკადემიურ თანამდებობებზე (2006, 2009 და 20112 წებში), რომლებიც დიდი კანონდარღვევით წარიმართა და უმაღლესი სასწავლებელი გაივსო იმ კონტიგენტით, რომელიც არ არის უკეთესი ვარიანტი დღევანდელი უნივერსიტეტის. 2013 წლის არჩევნების შემდეგ კი, გაგვიჩნდა იმედი, რომ რექტორი ნორმალურად მიხედავს უნივერსიტეტს.

-ბატონო გიორგი, დღეს რა მდგომარეობაა უნივერსიტეტში?

 -აშკარად შეიმჩნევა პროგრესი, მაგალითად, კომუნიკაცია გაცილებით უკეთესია - რექტორატსა და სტუდენტობას, რექტორატსა და საზოგადოებას შორის. ამჟამად, შესაძლებელია საკითხების დასმა, მასზე მსჯელობა და შესაძლებლობის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილების მიღება. 
თუმცა, როცა ჩვენ და საზოგადოებას გვაქვს პრეტენზია, უკანონოდ მოსული კაცი ისევ თუ გააგრძელებს თავის საქმიანობას, მაშინ რეფორმა რაში მდგომარეობს და პროგრესი რა არის? ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ვიბრძოდით უნივერსიტეტის გადარჩენისთვის, მოვითხოვდით, რომ გარდამავალი პერიოდი დაწესებულიყო.

 -კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

  -წინა პერიოდში, უნივერსიტეტი გადააკეთეს კერძო სამართლის იურიდიულ პირად, შემდეგ ამაზე ატეხილმა ამბებმა მიუსწრო დროზე და უნივერსიტეტს დაუბრუნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ამ პერიოდში, იყო შესაძლებლობა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული თუ აკადემიური რეფორმა,შექმნილიყო  დროებითი მართველობა  და ამ გარდამავალ პერიოდში  მომხდარიყო გამოსწორება იმისა, რისი შესაძლებლობაც იქნებოდა მოსახერხებელი. მაგრამ,  შემდეგ 2013 წელს, როცა გამოიცა პრემიერ მინისტრის განკარგულება – (საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების შესახებ), იქ ჩაიწერა ერთ-ერთი პუნქტი ასეთი, რომ უნივერსიტეტში კონკურსით გასული პიროვნებები თავიანთ საქმიანობას გააგრძელებენ კონკურსის გასვლის ვადამდე. ეს კი, თავისთავად გამორიცხავდა რომელიმეს გაშვებას, რადგან კანონი მის მხარესაა. ასე რომ, რექტორს  ამ შემთხვევაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული... ახლა არის ძალიან დიდი ბრძოლა იმისათვის, რომ უნუვერსიტეტმა მოიპოვოს განსაკუთრებული სტატუსი.

 - უნუვერსიტეტისთვის რას ნიშნავს განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება?

 -სამწუხაროდ, უნივერსიტეტი დღეს, მხოლოდ სტუდენტების გადახდილი თანხით არსებობს და მას არა აქვს სახელმწიფოსგან არცერთი თეთრით დაფინანსება, მე არ ვგულისხმობ იმ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, რომელიც მას მექანიკურად მიაწებეს. არადა, ყველა ქვეყანა არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს ან 100 და ან 50 პროცენტით. ამიტომ,საქართველოში აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა, რათა დედაუნივერსიტეტი იყოს სახელმწიფო დოტაციაზე და არ იყოს დამოკიდებული მისი ბედი რომელიღაც ჩინოვნიკზე. ახლა, სწორედ ამისთვის მიდის ბრძოლა...
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა. როგორც უკვე აღვნიშნე, 2006 წელს უნივერსიტეტი ბევრმა ღირსეულმა პიროვნებამ დატოვა და ბევრი მათგანი,  მხოლოდ პენსიის იმედად არის დარჩენილი. ჩვენმა ორგანიზაციამ რექტორის  - აქტიური მხარდაჭერით, შეძელო მოემზედებინა კანონპროექტი და შემდეგ,  პარლამენტმა მიიღო კანონი: ,,ღირსეული პიროვნებების სოციალური ანაზღაურების შესახებ’’, ეს გახლავთ სოციალური კანონ-პროექტი და ის პიროვნებები, რომლებიც უნივერსიტეტში გარკვეული წლები მუშაობდნენ, აქვთ დამხურება და დღეს არანაირი სამსახური არ გასჩნიათ, 2016 წლის იანვრიდან  ყოველთვიურად, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას მიიღებს. უკვე მიმდინარეობს განცხადებების მიღება, შექმნილია კომისია და უნივერსიტეტმა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული თანხა გამოყო. ასე რომ, უნივერსიტეტი პატივს მიაგებს თავის ღირსეულ პიროვნებებს.

 -სამწუხაროდ, წლების წინ, თსუ-ში არაერთი კლასიკოსის კაბინეტი დაიხურა, რომელთა აღდგენა ალბათ, შეუძლებელია? 

 -სამწუხაროდ ასეა, ერთ დღეში შეიძლება დაიხუროს ასი კაბინეტი, მაგრამ ერთი კაბინეტის აღდგენას მერე წლები სჭირდება, რადგან დანგრევა ძალიან იოლია. თუმცა, ამ მხრივაც გაკეთდა ბევრი რამ და უკვე აღდგა ვაჟა-ფშაველას კაბინეტი, მომავალი წლისთვის კი, იგეგმება რუსთაველის კაბინეტის აღდგენა და ასე, ნელ-ნელა მიდის პროცესი.  უნივერსიტეტში, ადრე თუ იყო ცარიელი სივრცე და ჯვახიშვილის სურათიც კი არ ეკიდა რექტორის კაბინეტში, დღეს ასე არ არის და ფოიეში ისევ  დაიდგა  ღვაწლმოსილი  ადამიენების ბიუსტები.

 - სასწავლო პროცესში რა სიახლეებია?

 -მთავარი და არსებითი, სწორედ სასწავლო ნაწილში ცვლილებების შეტანაა და ამასაც ნელ-ნელა ალბათ, შევძლებთ... რეიტინგების მიხედვით, ჩვენი უნივერსიტეტი მსოფლიო მასშტაბით, წინ წამოიწია, მაგალითად, თუ იყო მესამე ათასეულში, ახლა უკვე პირველ ათასეულში გადმოვიდა. ეს ყველაფერი კი, საერთაშორისო პუბლიკაციების და საერთაშორის პროექტების და  იმ მიღწევების დამსახურებაა, რაც სასწავლო და სამეცნიერო დარგში განხორციელდა.
დღეს არსებობს კიდევ ერთი პრობლემა..  მაგალითად, ადრე ერთ ლექტორზე მოდიოდა 5 და ზოგ ფაკულტეტზე, 10 სტუდენტი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენთან, როცა განხორციელდა შემცირება  2006 წელს, მაშინ თანამშრომლებიდან დატოვეს, მხოლოდ, ერთი მეხუთედი და ახლა, თანაფარდობა სტუდენტსა და ლექტორს შორის არის  - ერთი ოცდაათზე. ამიტომაც, ამჟამად, უნივერსიტეტში არის მოწვეული სპეციალისტების დიდი რაოდენობა. სასწავლო პროცესი რომ ნორმალურად წარიმართოს, ამისათვის თანაფარდობა უნდა შემცირდეს, თუმცა, შტატების გაზრდას თანხები ესაჭიროება.. ამიტომ, უნდა მიენიჭოს თსუ-ს განსაკუთრებული სტატუსი, რათა დაემატოს სახელმწიფო დაფინანსება და გაიზარდოს პროფესორ-მასწავლებელთა შტატი. ასე რომ, ხელისუფლების ყურადღებაა საჭირო..

 -ბატონო გიორგი,  ახლახან, თქვენ სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველოლოგიის დარგში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია მოგანიჭათ, გილოცავთ და თუ შეიძლება გიამბეთ ამის შესახებ?

 -უნივერსიტეტი როცა შეიქმნა, მაშინ განისაზღვრა, რომ პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ქართველური მეცნიერებები .. ასე ფიქრობდა მაშინდელი რექტორი პეტრე მელიქიშვილი...  ამჟამინდელმა რექტორმა - ვლადიმერ პაპავა, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსა ქართველური მეცნიერებების ხელშეწყობისათვის ორი პრემია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია ქართველოლოგიის დარგში – უცხოელი სპეციალისტებისსათვის, რომელიც გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ,ლუწ წლებში, შარშან ის მიიღო ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა: ჰაინც ფერნიხიმ, ხოლო მეორე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია კი, გაიცემა კენტ წლებში, რომელიც მიენიჭება ქართველ სპეციალისტს. აღნიშნული პრემიების დაარსება მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური დარგების განვითარებისათვის. წლეულს პირველად გამოცხადდა გოგებაშვილის პრემია და ენათმეცნიერების ინსტიტუტმა წარადგინა, ჩემი ბოლო წლებში გამოცემული სამი წიგნი: ,,სიბრძნე იაკობისა’’, ,,ქართული სალიტერატურო ენის ნარკვევები’’ და ,,ქართული ენის შესახებ სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი’’. კომპეტენტურმა ჟიურიმ დიდი პატივი დამდო და მე გავხდი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პირველი ლაურეატი, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

                       ესაუბრა მზია გოგოძე


    ჟურნალი ,,მედიატორი''  2015 წ.

No comments:

Post a Comment