ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 23 აპრილს
მრავალმხრივი შემოქმედის მისტიკა...
მხატვარ-პროზაიკოსის რეზო (ემილიანე) ადამიას სახელი დიდი ხანია გასცდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დიდი ხელოვანის შემოქმედებას აფასებენ არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ფერწერის დიდოსტატი არის შესანიშნავი ესეებისა და პროზაული ნაწარმოებების ავტორი. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის, იგი არის დაჯილდოებული გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველასა და დავით აღმაშენებლის პრემიებით. მრავალმხრივ შემოქმედს, მხატვრობაში მიღებული აქვს ჯილდოები მსოფლიოს ხელოვნების ცენტრიდან, პარიზის (ქალაქ დიჟონის), ნორმანდიის და შერბურგის გამოფებენიდან.
რეზო ადამიას ფერწერული ტილოები ინახება თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. მის მიერ დაწრილი ხატები ასვენია საქართველოს არაერთ ეკლესიაში, პარიზში წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიში, ესპანეთის და იტალიის ტაძრებში, ასევე, ინახება ამერიკაში - დედა ტერეზას საზოგადოების ფონდში. იგი თერთმეტი წლის მანძილზე, პარიზში მოღვაწეობდა, სადაც მისი მრავალი ნაუშევარი გაიყიდა და მიმოფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
-ბატონო რეზო, რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება პარიზული თემატიკით?
-თუ როგორ მოვხვდი პარიზის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში, მრავალჯერ დაიწერა, არ მინდა ისევ გავიმეორო და თავი მოგაწყინოთ. არ იყო ადვილი... პარიზსა და ნორმანდიაში მეუბნებოდნენ: ,,თქვენს ამგვარ მუქ ფერწერას, როგორ შეუთავსებთ პარიზულ ფერებსო”.... მეც დიდი შრომის, რისკის და ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა გადავერთე, პარიზულ, ძალიან რთულ და უფაქიზეს კოლორიტზე. მერე ყველა მეუბნებოდა: მშვენივრად ჩასწვდი არსებულ სირთულეებსა და პარიზული ხასიათის გასაღებს შენეულად დაეუფლეო. პარიზის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მხატვრებს ორი თვით, ზოგ შემთხვევაში კი, ერთი თვით იწვევენ. თქვენს მონა მორჩილს კი ყოველ წელს, ექვს-ექვსი თვით მაჩერებენ, იქ ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს.... პარიზის ორ მუზეუმშია ექსპონირებული ჩემი ნამუშევრები: ,,პარიზული პეიზაჟები’’. საფრანგეთის ორ გალერეასთან მაქვს დადებული საქმიანი კონტრაქტი...
-როგორც ვიცით, ამჟამად თქვენ გალაქტიონის თემაზე მუშაობთ, სულ რამდები ნამუშევარი მიუძღვენით დიდ პოეტს?
-ბოლო პერიოდის თემაა გალაკტიონ ტაბიძის სურათების სერიალი, რაზეც თითქმის ერთი წელია ვმუშაობ. ჩემს ნამუშევრებშია ჭყვიშის თემაზე მზის ამოსვლები, მზის ჩასვლები, ზამთრის პეიზაჟები, მთვარიანი ღამეები და მოდერნისტული კომპოზიციები. Gგალაკტიონზე სულ 43 ფერწრული ტილო მაქვს შექმნილი და კვლავაც განვაგრძობ ამ თემაზე მუშაობას. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ თემაზე პროფესორ ნოდარ ტაბიძისა და გალაკტიონის საელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გაიმართება გამოფენა.
-თქვენი შემოქმედებაში უხვადაა საქართველოს პეიზაჟები... ასევე, აბსტრაქტული ტილოები... როდის დაინტერესდით აბსტრაქტული ხელოვნებით?
- სხვადასხვა თემებზე ვმუშაობ, მათ შორის, საქართველოს თემატიკაზეც, რომელსაც ,,ჩემი საქართველო ჰქვია’’. მაქვს მრავალი ჟანრის ტილოები, სადაც ჩემი მისტიკური შეხედულებებია გადმოცემული კოსმოსზე და ადამიანთა დამოკიდებულებაზე. აბსტრაქტული ხელოვნებით კი სტუდენტობიდანვე ვიყავი გატაცებული. მაქვს ბევრი აბსტრაქტული ნამუშევრები...
-შემოქმედი ადამიანი მუდამ ძიების პროცესშია, ალბათ, თქვენც ასე ხართ... რატომ დაინტერესდით კოსმოსით?
-ძალიან მიმიზიდა კოსმოსმა და მისტიკამ. კოსმოსი ჩემში ზის, ისე როგორც თითოეულ ადამიანში. აქამდე მომიყვანა თოვლის მისტიკამ, განსაკუთრებით, პარიზული პეიზაჟების მისტიურმა ხილვებმა. თოვლი ძალიან მიყვარს, იგი ხომ თავისთავად მისტიკაა...
-ბატონო რეზო თქვენ არამარტო ფერმწერი, არამედ ხატმწერიც ბრძანდებით, რომელ წმინდანს ხატავთ უმეტესად?
-ხატებზე მუდმივად ვმუშაობ... ხატწერაში ჩემი ძირითადი თემაა ,,წმიდა ნინო’’. ერთხელ ჩვენმა პარტრიარქმა ილია II-მ მითხრა: ,,რეზო ძალიან მომწონს შენს მიერ შექმნილი ნინოს ხატები და ამიტომ გააგრძელე და ხატე ,,წმინდა ნინო’’! პატრიარქის მოსასვენებელ ოთახში ასვენია ჩემი შექმნილი ,,წმინდა ნინოს ხატი’’, ასევე, მანგლისის უძველეს ტაძარშიც და სხვა ეკლესიებში.
-თქვენი ნახატები ერთმანეთს არ ჰგავს, ფერებიც განსხვავებულია, ერთი სიტყვით, გამეორებები არსად იკითხება. ასევე, ყველა პეიზაჟებში ხატავთ მზეს.. გიყვართ მზე?
-- ცნობილმა მეცნიერმა აინშტაინმა თქვა: ,,წარმოსახვა ცოდნაზე უმნიშვნელოვანესიაო’’... აინშტაინის ეს სიტყვები, ჩემი შემოქმედების ლოზუნგი გახდა.... ნაღდ ფერწერაში, ფერხაზოვნად ფორმად გარდასახვა, უნდა იყოს მთავარი. საერთოდ, მზის ჩასვლა-ამოსვლა უსასრულო სილამაზეა, რომელიც სევდასთან ერთად, ჯანსაღ ოპტიმიზმს ტოვებს, ამიტომ მიყვარს მზის ხატვა. 50 წელზე მეტია, ხელოვნებით ვცოცხლობ და ბედნიერად ვთვლი თავს, რაგინდ ღარიბი ვიყო. თუ არის შემთხვევა, როცა ხელოვნებაში არაფერი შევქმენი, ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ჩემს მთლიანს მოტყდა გაქვავებული და უვარგისი ნაწილი.... მე ავად ვარ ,,შემოქმედებითად’’, თუ რაიმე არ დავხატე ან არ დავწერე, შეიძლება დიდმა ძალამ გადამიყოლოს...
-თქვენი შემოქმედების მეორე მხარეა ლიტერატურული მოღვაწეობა, გვიამბეთ ამის შესახებ?
-პოეზია, პროზა ჩემი სულიერი სარჩო იყო ყოველთვის, განსაკუთრებით, სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში სწავლის პერიოდიდან. წერა საშუალო სკოლაშიც მიცდია. ამ საქმეს, შედარებით, სერიოზულად მოვეკიდე სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში და ხელოვნების მუზეუმებში ყოფნისას.
-ბატონო რეზო, რა არის მთავარი შეოქმედისთვის?
-შემოქმედისთვის მთავარია სულის ხატვა, ფერის, სიტყვის და ბგერის მეოხებით. საერთოდ, მაყურებელს ან მსმენელს დააინტერესებს, მხოლოდ, ნაწარმოების ჯანსაღი სულიერება, მისტიკა, სევდა, ოპტიმიზმი, რომელსაც ისევ, ლაიტმოტივად გასდევს სევდა. ლიტერატურულ ნაწარმოებში კი, მთავარია სიმძაფრე, თუ მსუბუქია ნაწარმოები არ მიიზიდავს მკითხველს. თავად ჩვენი ცხოვრება, კოსმიური თუ სამყაროსეული, უკიდეგანო სიმძაფრითაა სავსე, რომელსაც ხელოვანი უნდა ხედავდეს....
-პროზაული ნაწარმოების შექმნა თქვენ ბავშვის დაბადებას შედარეთ, რატომ?
-მართალი ბრძანდებით, ნაწარმოების მოვლინებას, მე ვადარებ ბავშვის დაბადებას, რადგან ისეთივე რთული და მძაფრი პროცესია.... დიდი ხელოვნება ტკივილია, დაბადება და სიკვდილიც ტკივილია... აი, ასეთ გარემოცვაში ვართ ადამიანები.... .
-თქვენ ავტორი ხართ წიგნისა ,,უკვდავებაა სიკვდილში’’, რომელიც ტერენტი გრანელს ეძღვნება, სადაც პოეტის ტალანტზე, კერძოდ, მხატვრობაზე გვესაუბრებით. ლიტერატურულ წრეში, წიგნმა როგორი შეფასება მიიღო?
-მუხრან მაჭავარიანმა მითხრა: მე ასეთი წიგნი პოეტზე არ წამიკითხავსო,. ნოდარ ტაბიძემ დაწერა, რომ ასეთი კოსმიურობა, ასე მხატვრულად, პირველად რეზოს მიერ ითქვაო. ასე რომ, წიგნმა მართლაც, დიდი მოწონება დაიმსახურა... ტერენტი გრანელი ძალიან მიყვარს, იგი უნიჭიერესი პოეტი იყო. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ტერენტი გრანელი ხატავდა, მისი გრაფიკული შედევრები, აუცილებლად უნდა გავაცნოთ ქართველ და მსოფლიო საზოგადოებას. მის ნახატებში, მკვეთრად დომინირებს მაღალმხატვრული – გეომეტრიული ფორმები: კუბი, ცილინდრი, კონუსი, ნახევარსფეროები, სამკუთხედები, ელიფსური და წრიული სხეულები, რომელთა კოსმიური ორგანიზმი ცოცხალი, ხვეულად გამომდინარე და ურთიერთშემკვრელი ხაზებითაა მოქსოვილი. ჩემს წიგნში შეგიძლიათ იხილოთ გრანელის გრაფიკული შედევრები. გარიყული მისტიკოსი მგოსანი, ნებისმიერ პირობებში წერდა და ხატავდა. მას, სულ 880 გრაფიკული შედევრი აქვს შექმნილი, რომელიც ძირითადად, სურამისფსიქიატრიულ საავადმყოფოში შეიქმნა...
-ბატონო რეზო, თქვენ არაერთი გრაფიკული ნამუშევარი მიუძღვენით ტერენტი გრანელს...
- ტერენტი გრანელს რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი მიუძღვენი, ესენია: ,,ტერენტის მზერა სამყაროსკენ’’, ,,ტერენტის სულის თვალი კოსმოსში’’, ,,ტერენტი მარადიულობაში’’, ,,ტერენტის შორეული მზერა’’ და სხვა. იშვიათია ჩვენს პლანეტაზე ტერენტივით ღრმად სულიერი და ურთულესი ადამიანური ბუნების მგოსანი, მას მე ფერწერაში შევადარებ ვან გოგის და ამადეო მოდილაიანს...
-ბატონო რეზო რა გეგმები გაქვთ ფერწერაში?
-ფერწერისათვის საფიქრალი და სამოქმედო ძალიან ბევრია, როგორც სიხარულის მომგვრელი, ასევე რთული და მძაფრი, პრობლემიანი. მათგან რამდენს მივაღწევ და რას ვერა, მომავალში თქვენს სამსჯავროზე გამოვა... ანალიზი კი ერთად გავაკეთოდ... ასე რომ, გეგმებით და ფიქრებით სავსე ვარ...
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment