Thursday, 8 May 2014

ფოტოხელოვანი

 2011წლის 19 დეკემბერი                                                
          ფოტოხელოვანის სამყარო
   


    ,,ყურადღება!  ჩიტი გამოფრინდება! -  ამ სიტყვების მაგიური ძალა ბევრს განუცდია. იქნებ არც გვჯეროდა, მაგრამ, როცა ფოტოგრაფი ფოკუსის გასასწორებლად თავზე შავ ქსოვილს გადაიფარებდა და ობიექტივის მომნუსხველი თვალი მოგვაჩერდებოდა, ძალაუნებურად ეჭვი გვიპყრობდა – ერთიც ვნახოთ და, მართლაც გამოფრინდესო. იქნებ ამიტომაც არის, რომ ბავშვობის სურათებში თვალები დაჭყეტილი გვაქვს’’. – ასე იწყება ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძის წიგნი ,,ჩიტებით სავსე ყუთი’’, სადაც მისი წერილების კრებულულია თავმოყრილი. წიგნს ძველებურფოტოაპარატინი კაცი ახატია და იქიდან, ისე როგორც სიცოცხლეში, ბევრი ჩიტი და ამბავი მოფრინავს....
  ძალიან დიდხანს, ჯემალ კასრაძეს, მხოლოდ ფოტოკორესპონდენტად  იცნობდა მკითხველი, მოგვიანებით კი, წერილების წერაც დაიწყო... რაც ძალიან გავდა ჟურნალისტის დასურათებულ დღიურს და ამითაც იყო საინტერესო... არაერთხელ გამიგია, ბატონ ჯემალს არამარტო მახვილი თვალი, არამედ კალამიც იჭრისო... მისი საგაზეთო წერილები და ფოტოები, ყოველთვის მკითხველის მოწონებას იმსახურებს.. ჯადოსნურ ფოტოობიექტივში მის მიერ დანახული სამყარო, ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ განსხვავებული – რაღაცით უფრო სრულყოფილი და უკეთესი,  მომაჯადოებელი ხიბლით მოსილი...  

-ბატონო ჯემალ, როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ფოტოგრაფიაში?
 
  -ფოტოების გადაღებას ბავშვობიდანვე მივეჩვიე. მამაჩემს გერმანული ფოტოაპარატი ჰქონდა ,,გრომზა’’ ძველი, ომამდე ნაყიდი და  მახსოვს,  მე და ჩემი ძმა რაღაც გამოსახულებას ვიღებდით.  ფოტოების გადაღება დამოუკიდებლად  მე-5 კლასიდან დავიწყე...დავიბადე და გავიზარდე ოსეთში, სკოლის დამთავრების შემდეგ, გაზეთ ,,საბჭოთა ოსეთში’’ იუმორისტულ ჩანახატებს ვაქვეყნებდი... რახან, წერა მიყვარდა და მეხერხებოდა ჩავაბარე თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პირველი ნაბიჯები სპორტულ პრესაში გადავდგი. ვმუშაობდი ჟურნალ ,,სკოლა და ცხოვრების’’ დამატება ,,მართვეში’’ ფოტოკორესპონდენტად, სადაც სერიოზულად მოვკიდე ხელი ფოტოგრაფიას. 1985 წელს ,,ლელოში’’ დავიწყე კორესპონდენტად მუშაობა და ჩემს მასალებზე მე ვიღებდი ფოტოებს. შემდეგ, გაზეთ ,,კაბადონის’’ დაარსებიდან მისი აქტიური თანამშრომელი ვიყავი, სადაც ვაქვეყნებდი როგორც წერილებს, ისე ფოტოსურათებს. რამდენიმე წელი ვმუშაობდი გაზეთებში: ,,საქართველო’’ და ,,საქართველოს პარლამენტი’’, მოგვიანებით კი, ,,დილის გაზეთში’’. ამჟამად, ,,საქართველოს რესპუბლიკის’’ ფოტოკორესპონდენტი ვარ.

 - ვინ დაგეხმარათ პროფესიულ დაოსტატებაში?

 -ჩემი, როგორც ფოტოხელოვანის  გემოვნების დახვეწაში და პროფესიულ დაოსტატებაში დიდი როლი ითამაშა მხატვარმა ვახტანგ რურუამ. მისი რჩევები ძალიან დამეხმარა, რათა ფოტო ოსტატობის ახალ საფეხურზე ავსულიყავი.

  -ბატონო ჯემალ, თქვენს წიგნში ,,ჩიტებით სავსე ყუთი’’ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: ,,სიტყვა ფოტოგრაფი, თუ რბილად ვიტყვით, ამაყად აღარ ჟღერდა’’..... თქვენ ალბათ, იმ პერიოდს გულისხმობთ, როცა ფოტოგრაფია, ხელოვნებად არ ითვლებოდა?

 -მართალი ბრძანდებით, საბჭოთა პერიოდში, ფოტოგრაფია თითქოს დამამცირებელ პროფესიად ითვლებოდა,. მაშინ ფოტოგრაფები საყოფაცხოვრებო მომსახურების კაბინეტებში გააერთიანეს, მექისეებთან და მეეზოვეებთან ერთად. შედეგმაც არ დააყოვნა – ხელოვნება, ხელოსნობამდე დაეცა. შესაბამისად, შეიცვალა ამ პრესტიჯული პროფესიისადმი ხალხის განწყობაც. ეს პროფესია, მანდილოსნებისთვისაც უჩვეულო იყო. დღეს კი, პირიქითაა, ფოტოგრაფია პრესტიჟული გახდა და იგი, ბევრმა მანდილოსანმაც კარგად შეისწავლა.

 - თქვენ 34 წელიწადია ფოტოგრაფიაში მოღვაწეობთ… თქვენი აზრით, რა არის მათავარი ფოტოხელოვნებაში?

 -მთავარი ძიებაა, როგორც მწერალი ვერ გახდება თუ არ შეისწავლა მსოფლიო ლიტერარურა, ისეა ფოტოგრაფიაშიც, შემოქმედი ხელოვანი ვერ გახდება თუ მუდმივ ძიებაში არ იქნება, არ შეისწავლის  უცხოეთის გამოცდილებას და არ გაეცნობა სიახლეებს.. ფოტოსაქმეში მოღვაწეობამ დამარწმუნა, რომ ნათელი აზრი სიბნელეშიც შეიძლება მოგივიდეს და აი, ლაბორატორიაში, ყოველგვარი სტიმულატორის, ანუ ვაშლის დაცემის გარეშე, აღმოვაჩინე ახალი კანონი - ,,რაღაა იგი სიბნელე, რასაცა ახლავს ნათელი’’, ეს ფრაზა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩემეულიინტერპრეტაციაა…...

 -  ბატონო ჯემალ, თქვენი ექსპონატების გამოფენა პარლამენტში მოეწყო, სადაც თქვენმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.... ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და პოეტმა ლექსიც კი მოგიძღვნათ, გვიამბეთ ამის შესახებ?

 -ფოტოგრაფიაში გაწეული ჩემი ღვაწლი ობლის კვერივით გვიან დაფასდა. რამდენიმე წლის წინ, პარლამენტში მოეწყო ჩემი ექსპონატების პირველი ქრონიკული გამოფენა. ამ ფაქტის გამო, მადლობელი ვარ ხათუნა გოგორიშვილის, რომელმაც საშუალება მომცა წინა მოწვევის ფოტოკადრები შთამომავლობისთვის შემენახა. გმოფენა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბენრი ქართველი და უცხოელი კოლეგა დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით. მერიკელმა ჟურნალისტმა და პოეტმა ედ პოუკინსმა ლექსი მომიძღვნა, რომელიც საქართველოში გამომავალ, ინგლისურენოვან გაზეთ ,,მაცნეში’’ დაიბეჭდა.

 -საინტერესო არქივი გაქვთ, თქვენი გადაღებული  ფოტოები რომ დავათვალიერე, თვალწინ დამიდგა ყველა ის პოლიტიკური მოვლენა, რაც ბოლო წლებში მოხდა. მოვლენების ეპცენტრში ყოფნა, თქვენთვის საიტერესო პროცესია?

 - მე ძირითადად, ქრონიკის ფოტოგრაფი ვარ, ვიდრე მხატვრული ფოტოების, თუმცა, ბევრი ჩანახატი და პორტრეტული ფოტო მაქვს გადაღებული. ფოტოკორესპონდენტისთვის, აუცილებელია მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, რათა არც ერთი დეტალი არ გამორჩეს და ყველა კადრი ფოტოზე აღბეჭდოს. ჩენს ფოტოარქივში არაერთი პოლიტიკური მოვლენაა ასახული. საბჭოთა პერიოდში საშინელი ცენზურა იყო, დაშტამპულები ვიყავით.... …90-იანი წლები კი, მართლაც საინტერესო იყო. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დროს ორივე მხარეს ვიღებდი – პოზიციასაც და ოპოზიციასაც. ბევრჯერ ვყოფილვარ ისტორიული  კადრის მოწმე. ყველაფერი, რაც ჩემს ფოტოობიექტივში მოხდა, ჩემი სამყაროს ნაწილად იქცა. განსაკუთრებით სპეციფიურია სპორტული ფოტოგრაფია, სადაც აუცილებელია ამ სახეობის კარგად ცოდნა. ბევრი  საინტერესო  კადრის თუ მომენტის დაჭერა წამებზეა დამოკიდებული....

   -ფოტოხელოვანი, ხშირად იმას ხედავს და ამჩნევს, რასაც ჩვენი მზერა ვერ სწვდება, საინტერესო ფოტო ზოგჯერ ფერწერასავითაა, დამთვალიერბელს დაფიქრების საშულებას აძლევს, კარგ განწყობაზე აყენებს.....  თქვენ რომელი ფოტოხელოვანის ნამუშევარი მოგწონთ ყველაზე მეტად?


 -არებობს ფოტომატიანე ძველ თბილისზე, სადაც რუსი ფოტოხელოვანის ფოტოებია თავმოყრილი. იქ, ისეთი შთამბეჭდავი ფოტოებია, ისეთი კუთხეები, შუქ-ჩრდილები და მიგნებებია, რომ ზოგიერთი ფოტოგრაფს, თავამედროვე აპარატითაც კი გაუჭირდებოდა მისი გადაღება.

 - რა აზრის ხართ თანამედროვე ფოტოხელოვნებაზე?

 -დადებითი აზრის ვარ და ვთვლი, რომ ბევრი ნიჭიერი ფოტოხელოვანი გვყავს. ფოტოგრაფიაშიორიგინალური ხედვა აქვს ნათელა გრიგალაშვილს, ირმა შარიქაძეს..... საინტერესო ფოტო-პორტრეტები აქვს გივი ჯოლბორდს. ფოტოხელოვნებაში, საგნებისა და მოვლენების თავისებური ხედვა მოიტანა იური მეჩითოვმა.… საინტერესო სპორტული ფოტოები აქვს ბადრი კეთილაძეს...... თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის, ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია. აზროვნება თავისუფალია, თვალსაწიერი კი ფართო., თუმცა, ყველა პერიოდს აქვს რაღაც საინტერესო....


                                                       მზია გოგოძე


                           





No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...